ჭარბ ალკოჰოლს ახალგაზრდებში გულის სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია
ახალი კვლევის მიხედვით, ჭარბი ალკოჰოლის მიღების შედეგად შესაძლოა, ადამიანის ნორმალური გულისცემა დაირღვეს და მას არითმია განუვითარდეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამგვარი სასმლის დიდი რაოდენობით დალევა ჩვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ალკოჰოლს გულისცემის ცვლილებები უკავშირდება. ამჯერად მეცნიერები 193 ადამიანს რეალურ დროში დააკვირდნენ, როცა ისინი დიდი რაოდენობით სასმელს იღებდნენ. სპეციალისტებმა მონაწილეებს ელექტროკარდიოგრაფი დაუმაგრეს, რომლის მეშვეობითაც სმისა და მისი შემდგომი გამოფხიზლების პერიოდის შესახებ მონაცემები შეაგროვეს.
შედეგად, არითმია გამოვლინდა იმ ადამიანების 5%-ში, რომელთაც მანამდე მსგავსი არაფერი აწუხებდათ. ეს ცვლილება, ძირითადად, ალკოჰოლის მიღების შემდგომ პერიოდში შენიშნეს. მათ სისხლში ალკოჰოლის დონე კილოგრამზე საშუალოდ 1.4 გრამი იყო, რაც საკმარისია, რომ ორგანიზმზე იქონიოს გავლენა.
არითმიებს შორის იყო როგორც წინაგულის ფიბრილაცია, ისე პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ზოგ შემთხვევაში წუთში გულისცემის სიხშირე 100-საც კი აჭარბებდა. მაგალითად, 26 წლის ერთ-ერთ ცდისპირს წინაგულის ფიბრილაცია ალკოჰოლის მიღებიდან დაახლოებით 13 საათში განუვითარდა. მას ადრე მსგავსი პრობლემა არასდროს ჰქონია.
რამდენიმე ადამიანმა გულის ბლოკადაც განიცადა, ანუ გულისცემის იმპულსის შეფერხება. მათ შორის იყო 29 წლის ქალი, რომელსაც ეს მდგომარეობა 15.4 წამის განმავლობაში გაუგრძელდა.
გულისცემის ამგვარი ცვლილებები საშიშია, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს პროვოცირებული. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რა რისკები ახლავს ჭარბი ალკოჰოლის მიღებას და ვეცადოთ, ის ზომიერად მოვიხმაროთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში European Heart Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები