ცხოვრებაში ყველას გვქონია შეგრძნება, როდესაც ერთი კონკრეტული ფაქტი ჩვენში ერთმანეთის საპირისპირო ემოციებს აღძრავს. მაგალითად, შვილი, რომელიც გაიზარდა და დამოუკიდებლად საცხოვრებლად გადადის. ამ მომენტში თქვენ ერთი მხრივ გეუფლებათ ბედნიერების შეგრძნება, რომ ბავშვი გაზარდეთ, ის დამოუკიდებელია და ახლა მარტო იცხოვრებს. მეორე მხრივ, ის თქვენ გტოვებთ, ის თქვენთან ერთად აღარ იცხოვრებს, რაც სევდიანია.

ეს მხოლოდ ერთი უხეში მაგალითია და ასეთი ბევრი არსებობს. სანამ წინ წავიწევდეთ, მოდით დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა არის ზოგადად ემოცია.

მეცნიერები განმარტავენ ემოციებს, როგორც ტვინისა და სხეულის მდგომარეობებს, რომლებიც მოქმედების მოტივაციას გვაძლევს. კლასიკური გაგებით, ემოცია შეიძლება იყოს პოზიტიური ან უარყოფითი.

თუ ტყეში სეირნობთ და უეცრად გარეულ მტაცებელს ხედავთ, თქვენი გულისცემა და სუნთქვა ჩქარდება, გასაქცევად ხართ მზად — თქვენ ახლა უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც გადარჩენაში დაგეხმარებათ. ბევრი მეცნიერი ამ რეაქციას "შიშის" ემოციას უწოდებს.

მეორე მხრივ, საყვარელი ადამიანების ირგვლივ ყოფნა თქვენში დადებით ემოციებს იწვევს და ეს მათთან დარჩენისკენ გიბიძგებთ. სწორედ ეს გეხმარებათ გაიძლიეროთ თქვენი სოციალური სტატუსი და გყავდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თქვენს გვერდით იქნებიან. ესეც ევოლუციური ფენომენია.

ეს ყველაფერი გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ განვითარდა ემოციები და როგორ მოქმედებს ისინი გადაწყვეტილების მიღებაზე. თუმცა, ამ ორი ემოციის მიღმა კომპლექსური პროცესებია — მაგალითად, ორგვარი ემოცია.

ორგვარი ემოციები არ ჯდება ამ ჩარჩოში. თუ საპირისპირო ბიოლოგიური სისტემები თრგუნავენ ერთმანეთს და თუ ემოციები ბიოლოგიურია, თქვენ არ უნდა განიცდიდეთ საპირისპირო ემოციებს ერთსა და იმავე მომენტში.

ასეთ მსჯელობას მივყავართ იქამდე, რომ შეუძლებელია ერთდროულად ორი საპირისპირო ემოციის შენარჩუნება. ერთი შეხედვით, თქვენ ასეთ დროს მალევე უნდა იღებდეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ცხოვრებაში ეს ასე არ ხდება.

საპირისპირო ემოციების ბიოლოგია

ემოციების გაზომვის კლასიკური მეთოდები ჯერ კიდევ განიხილავს დადებითსა და უარყოფითს, როგორც სპექტრის საპირისპირო მხარეს, თუმცა ბოლო აღმოჩენები სულ უფრო ხშირად მიუთითებს შერეულ ემოციებზე.

მაგალითად, ადამიანები ნოსტალგიასა და შიშს ზოგჯერ ერთდროულად დადებითადა და უარყოფითად აღიქვამენ.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მოხალისეების ფიზიოლოგიური რეაქციები — როგორიცაა გულისცემა და კანის ელექტრული აქტივობა — აჩვენებს უნიკალურ ნიმუშებს, რა დროსაც ადამიანი განიცდის ამაზრზენსა და მხიარულ ემოციებს. ეს ნიშნავს, რომ ამაზრზენი და მხიარული რეაქციები მართლაც ერთდროულად ხდება და ამით რაღაცა ახალი ემოცია ყალიბდება.

fMRI-ით დაკვირვებისას, ნეგატიურ იუმორზე ტვინის პასუხების შესწავლისას, ვერ დაფიქსირდა ტვინის აქტივობის ნიმუში, რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი ზიზღისგან. ასეთ დროს ადამიანების ტვინში მხოლოდ ზიზღთან დაკავშირებული აქტივობა ხდებოდა.

თუმცა, fMRI კვლევები ეყრდნობა ტვინის კონკრეტულ მომენტში აქტივობას. შერეული ემოციების განცდა დადებითსა და უარყოფით მდგომარეობებს შორის დამოკიდებულია ზოგად ტვინის აქტივობებზე.

საპირისპირო ემოციები ტვინში

იმის შესასწავლად, არის თუ არა საპირისპირო ემოციები დაკავშირებული ტვინის უნიკალურ მდგომარეობასთან, რომელიც დროთა განმავლობაში სტაბილურად ნარჩუნდება, მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს.

MRI აპარატში ყოფნისას მონაწილეებმა უყურეს ანიმაციურ მოკლემეტრაჟიან ფილმს ახალგაზრდა გოგონაზე. გოგონა მამის მხარდაჭერით ცდილობს გახდეს ასტრონავტი, რა დროსაც მამა კვდება.

სკანირების შემდეგ, კვლევის მონაწილეებმა ანიმაციურ ფილმს თავიდან უყურეს და აღნიშნეს ის მომენტები, რა დროსაც განიცადეს დადებითი, უარყოფითი და საპირისპირო ემოციები.

კვლევის ავტორების თქმით, მათ აღმოაჩინეს, რომ საპირისპირო ემოციები არ აჩვენებდა უნიკალურ, თანმიმდევრულ მახასიათებლებს ტვინის ღრმა უბნებში, როგორიცაა ამიგდალა. სწორედ ტვინის ეს უბანი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ემოციების წარმოებასა და გადამუშავებაში.

აღმოჩნდა, რომ იზოლატორულ ქერქს, ტვინის ნაწილს, რომელიც აკავშირებს თავის ტვინის ღრმა რეგიონებს ქერქთან, ჰქონდა თანმიმდევრული და უნიკალური ნიმუშები როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციებისთვის, მაგრამ არა შერეული ემოციებისთვის.

"ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ რეგიონები, როგორიცაა ამიგდალა და ინსულარული ქერქი, ამუშავებდნენ საპირისპირო ემოციებს", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

ასევე, დააფიქსირეს უნიკალური, თანმიმდევრული აქტივობა ქერქის რეგიონებში, როგორიცაა წინა ცინგულატი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონფლიქტისა და გაურკვევლობის დამუშავებაში. მეტიც, დაფიქსირდა აქტივობა ვენტრომედიალურ პრეფრონტალურ ქერქში, რომელიც მნიშვნელოვანია თვითრეგულირებისთვისა და კომპლექსური აზროვნებისთვის.

როგორც ჩანს, სწორედ ეს კომპლექსური პროცესები გვაძლევს საშუალებას ვიგრძნოთ ერთმანეთის საპირისპირო ემოციები. ტვინის რეგიონები, როგორიცაა წინა ცინგულატი და ვენტრომედიალური პრეფრონტალური ქერქი, აერთიანებს ინფორმაციის ბევრ წყაროს. ისინი აუცილებელია შერეული ემოციების ჩამოყალიბებისთვის.

ეს აღმოჩენები ასევე შეესაბამება იმას, რაც მეცნიერებმა იციან ტვინისა და ემოციური განვითარების შესახებ. საინტერესოა, რომ ბავშვებში პატარა ასაკში შერეული ემოციები არ ვლინდება. ეს კომპლექსური პროცესები იწყება უფრო მოზრდილ ასაკში.

ახალმა კვლევამ გამოავლინა ის, თუ როგორ ყალიბდება ტვინში შერეული გრძნობები, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის სასწავლი.

შერეული ემოციები ის არის, რაც რთულ სიტუაციაში გვევლინება და ხშირად აქედან გამოსავალს გვთავაზობს. სწორედ ამ ემოციებისა და აზრების დაბალანსებით ვიღებთ ისეთ რთულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი.

მეორე მხრივ, ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები შეიძლება მტკივნეული იყოს. მაშინაც კი, თუ იცით, რომ უნდა დაშორდეთ რომანტიკულ პარტნიორს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დადებითი გრძნობა, რომელიც თქვენ გაქვთ მათ მიმართ, ავტომატურად გაქრება. ერთია, როდესაც იცით დაშორების აუცილებლობა, მაგრამ მეორე, როდესაც ამ ყველაფერს მაინც ტკივილი მოჰყვება.

რა იწვევს ამ განსხვავებებს? ეს განსხვავებები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ამუშავებს მათ ტვინი. სწორედ ამ პროცესებში უკეთ გარკვევა და მომავალში მათი მართვაა მკვლევრებისთვის საინტერესო. ისინი ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას აპირებენ და ვნახოთ, იქნებ ეს ყველაფერი ჩვენი ემოციების უკეთ გარკვევაში დაგვეხმაროს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.