როგორ შეიძლება გამოჩნდეს ცაზე 7 მზე? — რას ამბობენ ფიზიკოსები
ბოლო რამდენიმე დღეა, ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება [1,2,3,4,5] ვიდეო, რომელშიც ცაზე 7 მზის გამოსახულება ჩანს. წყაროები წერენ, რომ იგი ჩინეთში, ჩენტუს საავადმყოფოდან, გადაიღო ქალმა. ვიდეო, შესაძლოა, დამონტაჟებული იყოს, თუმცა ამის დადასტურება რთული აღმოჩნდა. კადრებს არ აქვს AI-სათვის დამახასიათებელი დეტალები.
ერთზე მეტი "მზე" ცაში აქამდეც არაერთხელ გვიხილავს. ცნობილია, რომ ცაში მსგავსი სანახაობები ოპტიკური ილუზიით აიხსნება, ამიტომ ქეთი ტატიშვილს ვკითხე, რას შეიძლებოდა გამოეწვია მზის 7-ად გამოჩენა. ქეთი ფიზიკოსია და ოპტიკურ მოვლენებზე ჩვენთან უკვე უსაუბრია "STEM მარტივად" პროექტის ფარგლებში.
იგი ფიქრობს, რომ მზის გამოსახულება მინის სხვადასხვა შრემ აირეკლა, რადგან იგი ასეთი მკვეთრია.
მან მოვლენა პარჰელიონსაც შეადარა, რომელიც ჰალოს ნაირსახეობაა. ეს ატმოსფეროში მიმდინარე ოპტიკური ფენომენია, რომლის დროსაც, შესაძლოა, ცაში 2-3 მზე დავინახოთ. ამ შემთხვევაში ერთი ნამდვილი სინათლის წყაროა, დანარჩენები კი — არეკლილი.
"ეს არ გეჩვენება, ნამდვილად ჩანს, ოღონდ იმის შედეგად წარმოიქმნება, რომ სინათლის წყაროდან წამოსული სხივები ატმოსფეროში გაბნეულ ყინულის კრისტალებში გარდატყდება. ყინულის კრისტალებსაც განსაკუთრებული ფორმა უნდა ჰქონდეს და ყოველთვის არ ხდება, ექვსწახნაგა პრიზმები უნდა იყოს", — ახსნა ქეთიმ.
მეორე მხრივ, პარჰელიონის დროს გამოსახულების ასეთი გაბევრება არ შეიმჩნევა ხოლმე:
"არსად წამიკითხავს, რომ 7, 8 და მეტი ყოფილიყოს, თუმცა, რაღაც ალბათობით, ალბათ, ეგეც შეიძლება", — დაამატა ქეთიმ და თქვა, რომ ვიდეოში არსებული გამოსახულება პარჰელიონისგან ვიზუალურადაც განსხვავდება — "ვიდეოში ჩანს მზე, როგორც სარკეში. ეს უფრო კაშკაშაა და დანარჩენების ინტენსივობა მცირდება, მაგრამ პარჰელიონზე მნათობი ჩანს და კიდევ ერთი კაშკაშა წერტილია, რომელსაც მზეს ვერ დაარქმევ, რაღაც ნათებაა. ეს სურათი ძალიან განსხვავდება ჰალოსგან".
პარჰელიონის დროს მზის გარშემო ბუნდოვანი წრეა, მის გარკვეულ ნაწილში კი მნათი წერტილებია განლაგებული. ეს დაახლოებით ასე გამოიყურება:
საბოლოოდ ქეთი მაინც იმ აზრს ემხრობა, რომ მზის შვიდი გამოსახულება მინის მიერ არეკვლამ გააჩინა.
Dismum Daily-ს, ჰონგ-კონგის ახალი ამბების ბლოგს, თუ დავუჯერებთ, მსგავსი მოსაზრება გამოთქვა წენგ იანგმაც, სჩუანის მოყვარულ ასტრონომთა საზოგადოების ვიცეპრეზიდენტმა.
მისი განმარტებით, ეს გავრცელებული ოპტიკური ილუზიაა, რომელსაც ფენების მქონე შუშაში სინათლის გარდატეხა და არეკვლა იწვევს, "ყოველი დამატებითი შრე კი დამატებით გამოსახულებას იძლევა". მისი თქმით, ზოგჯერ შეიძლება ერთ შუშაში სხვადასხვა რაოდენობის გამოსახულება აირეკლოს, ეს კი დაკვირვების კუთხეზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, 3 მზე ადრე ხატია თორდუამ, ჩვენმა მედიადირექტორმაც, გადაიღო. ეს გამოსახულებები მხოლოდ ფანჯარაში ჩანდა:
ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს შესახებ აზრი ასტრონომ გიორგი ჯავახიშვილსაც ვკითხე. მან სანახაობა რომელიმე კონკრეტულ ფენომენს ვერ შეადარა. გიორგიც მიემხრო შუშის მიერ არეკვლის ვერსიას და ივარაუდა, რომ გამოსახულება ყალბია:
"ეს ადამიანმა გააკეთა, ბუნებაში კი არ მოხდა, რაღაცნაირად ადამიანმა მოახერხა ამის გაკეთება", — დასძინა მან.
კომენტარები