ინდურმა მავალმა მთვარეზე მაგმის უძველესი ოკეანის კვალს მიაგნო
2023 წლის აგვისტოში ინდოეთმა მისია Chandrayaan-3-ის ფარგლებში კოსმოსში გაშვებული მავალი Pragyan მთვარის ზედაპირზე წარმატებით დასვა. ამით მან საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და ჩინეთის გვერდით დაიკავა ადგილი.
მას შემდეგ აპარატმა დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაკვირვებები განახორციელა და საინტერესო რამ აღმოაჩინა. კერძოდ, Pragyan-მა რამდენიმე მილიარდი წლის წინ მთვარეზე არსებული მაგმის ოკეანის კვალს მიაგნო.
მეცნიერებმა ერთმანეთს NASA-ს მისია Apollo 16-ისა და საბჭოთა კავშირის Luna-20-ის დროს ციური სხეულის ეკვატორიდან ჩამოტანილი ნიმუშები Pragyan-ის დაშვების ადგილზე არსებულ გრუნტს შეადარეს. დადგინდა, რომ ამ უკანასკნელის ქიმიური შედგენილობა მსგავსებით პირველსა და მეორეს შორისაა. ეს კი მათ საერთო წარმომავლობაზე მიანიშნებს.
ფიქრობენ, რომ მთვარე ათობით მილიონი წლის განმავლობაში მაგმის ოკეანით იყო დაფარული, რომელიც ნელ-ნელა გაგრილდა. გაჩნდა მყარი მასები, რომლებიც გარემომცველ მატერიასთან შედარებით მძიმე იყო, ამიტომ ისინი ჩაიძირა, ზემოთ კი უფრო მსუბუქი მინერალები დარჩა. სწორედ ამიტომ ფიქსირდება ისინი ობიექტის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონში. მათ შორისაა რკინის შემცველი ანორთოზიტიც, რომელსაც მაგმაზე ტივტივი შეეძლო.
მასზე მძიმე მასებმა ჩაძირვის შემდეგ მთვარის მანტიის წარმოქმნას შეუწყო ხელი, რომელიც პირდაპირ შესასწავლად ჩვენთვის მეტწილად ხელმისაწვდომი არაა. ამის მიუხედავად, ინდოეთის მისიაზე მომუშავე სპეციალისტებმა გამოავლინეს მაგნიუმის მინერალები, რომლებიც, წესით, მაგმაში უნდა ჩაძირულიყო, მაგრამ ზედაპირზეა.
მაინც რამ გამოიწვია ეს? მიზეზად სამხრეთ პოლუს-ეიტკენის აუზის წარმომქმნელ შეჯახებას ასახელებენ, რომელიც 4 მილიარდი წლის წინ მოხდა. მაშინ დედამიწის თანამგზავრს დიდი ზომის ობიექტი შეეჯახა, ამ რეგიონს შეერწყა და მაგმის ხელახლა ფორმირება განაპირობა. ასევე, მას მანტია უნდა გაეშიშვლებინა, რაც ზედაპირზე ზემოხსენებული მინერალების არსებობას ხსნის.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები