როგორ იყენებენ გენდერულ დეზინფორმაციას ქალების გასაჩუმებლად
მას შემდეგ, რაც კამალა ჰარისმა აშშ-ში დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატად ჯო ბაიდენი შეცვალა, მის შესახებ არაერთი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ფოტო/ვიდეოფაბრიკაციები, რომლის მიხედვითაც თითქოს ის წარსულში სექს-მუშაკი იყო.
მსგავსი ტიპის მადისკრედიტებელი და ღირსების შემლახავი ინფორმაცია სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ფორმით არაერთი ქალის მიმართ გავრცელებულა, მათ შორის, საქართველოშიც. ეს გენდერული დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია და სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია.
რა არის გენდერული დეზინფორმაცია?
გენდერული დეზინფორმაცია ცრუ ან შეცდომაში შემყვანი იმგვარი ინფორმაციაა, რომელიც გენდერსა და იდენტობაზეა დაფუძნებული. მისი მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს, ვინც პოლიტიკურად თუ სოციალურად აქტიურია. თუმცა, სამიზნეები, ხშირად, მაინც ქალები არიან.
"გენდერული დეზინფორმაცია ჩვეულებრივ ისეთი ქალების მიმართ ვრცელდება, რომლებიც საჯაროდ აქტიურები არიან", — გვეუბნება ქალთა უფლებადამცველი და ორგანიზაცია საფარის დირექტორი, ბაია პატარაია, — "ამის მიზანი კონკრეტულ მომენტში ქალების რეპუტაციის დაზიანებაა."
ის პირად გამოცდილებასაც გვიზიარებს. ამბობს, რომ კონკრეტული ბოტი, რომელიც პირობითი სახელით იყო რეგისტრირებული ფეისბუქზე, წლების განმავლობაში აქტიურობდა მისი სოციალური ქსელების კომენტარებში. ბაიას თქმით, მან ეს პოლიციასაც შეატყობინა, თუმცა, უშედეგოდ.
სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურ ქალებს თავიანთი საქმიანობისთვის დიდი საფასურის გადახდა უწევთ. მათ ადგებათ როგორც ემოციური ზიანი, ასევე, შესაძლოა აღმოჩნდნენ ფიზიკური საფრთხის წინაშე. ამ დროს, ისინი ერთგვარი არჩევანის წინაშე დგებიან — მიუხედავად მათკენ მიმართული დამამცირებელი კომენტარებისა და მუქარებისა, გააგრძელონ თავიანთი საქმე თუ თავი შეიკავონ ამისგან. ხშირად, ქალები სწორედ ასე იქცევიან. იმისთვის, რომ თავი აარიდონ მოსალოდნელ დეზინფორმაციასა და სიძულვილს, საკუთარ თავს თვითცენზურას უწესებენ. როგორც პატარაია აღნიშნავს, ქალების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანი სწორედ ესაა.
გენდერული დეზინფორმაციისგან თავის დაცვას ართულებს მისი მრავალმხრივი სახეც. მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ ქალების დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის ყველაზე გავრცელებული ფორმა ე.წ. Slut-shaming-ია:
„როგორც წესი, იყენებენ Slut-shaming-ს. ხდება ქალების გაკიცხვა და მათი მეძავებად, მრუშებად წარმოჩენა. შეგვიძლია გავიხსენოთ სალომე ზურაბიშვილის მაგალითი. როდესაც მან შეიწყალა ოპოზიციური ტელეარხის დირექტორი, ნიკა გვარამია. მაშინ პორნოს საიტებიდან აიღეს სურათი, ჩააფოტოშოპეს ზურაბიშვილის სახე და ავრცელებდნენ. მისი გადაწყვეტილების გამო, მას უწოდებდნენ მეძავს.“
გარდა ვიზუალური მანიპულაციებისა, ქალების სახელით მცდარი ინფორმაციის გავრცელებაც ხდება.
"ბაია პატარაიას წინააღმდეგ ძალიან ბევრი გაყალბებული ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, მისი სახელით ხდება ციტატების გაყალბება, თითქოს, ის ითხოვს მეტრო ნაძალადევის სახელის შეცვლას იმიტომ, რომ იქ ფიგურირებს სიტყვა ძალადობა. ვიღაც შეიძლება ამას ხუმრობით პოსტავდეს, მაგრამ ხალხი იტაცებს, რომ აი, ფემინიზმი რა აფსურდამდე დადის. ასე ხდება გარკვეული ცნებების გაუფასურებაც", — ამბობს კინწურაშვილი.
გენდერული დეზინფორმაციის ერთ-ერთი ნაწილია სექსისტური სიძულვილის ენის გამოყენებაც. სიძულვილის ენა გულისხმობს გამოხატვის ნებისმიერს ფორმას, რომელიც ახალისებს და ხელს უწყობს ერთი ან მეტი ადამიანის სიძულვილს პერსონალური მახასიათებლებისა თუ სტატუსის საფუძველზე.
2020 წელს, საფარმა და მედიის განვითარების ფონდმა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით კვლევა ჩაატარეს. მათ 112 ფეისბუქ პროფილის შესწავლის საფუძველზე სექსისტური სიძულვილის ენის ქართული ინდიკატორები გამოკვეთეს. ესენია:
- Slut-shaming / სექსუალური ცხოვრების ქონის გამო შერცხვენა;
- სექსუალური შინაარსის ფოტოების გავრცელება;
- სხეულის ნიადაგზე შერცხვენა;
- ხმის ტემბრი;
- ემოციური საუბარი;
- ეიჯიზმი;
- პოზიტიური სექსიზმი — ყალბი კომპლიმენტები;
- მითითება, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არაა;
- გამოცდილებასა და პრინციპულობის ნაკლებობაზე ხაზგასმა;
- სიძულვილის ვარიაციები ჰეტერონორმატიული ოჯახის გამოყენებით;
- ქალის გენდერული როლი;
- საყვედურები ოჯახსა და დედობაზე;
- "კაცური" ქცევის მქონე ქალი პოლიტიკოსის სიძულვილი;
- "კაცის დანამატი";
- ფულზე გაყიდული;
- ცუდი ქართველი.
"სექსისტური სიძულვილის ენა არის აგრესიის გამოხატულება, რომელსაც საფუძვლად უდევს რომელიმე სქესი. ქალების შემთხვევაში ხშირად ამბობენ, რომ წარმატებას მიაღწია იმიტომ, რომ იყო ვიღაცის ცოლი, საყვარელი და ა.შ. ასევე, ხშირია სხვეულის ნიადაგზე შერცხვენაც. მაგალითად, ბურჯანაძეზე ამბობდნენ, კაცს ჰგავსო, თინა ბოკუჩავაზე ამბობენ, რომ წიკვინებს და ა.შ.", — გვეუბნება კვლევის ავტორი, გიორგი ურჩუხიშვილი.
გენდერულად მოტივირებული დეზინფორმაციული კამპანიები განსაკუთრებით აქტიურდება წინასაარჩევნო პერიოდში. ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ქალების საჯარო სივრციდან განდევნასა და მათი პოლიტიკაში ჩართულობის შემცირებას. ეს, თავის მხრივ, საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს.
ამიტომ, მნიშვნელოვანია ყოველთვის გვახსოვდეს რა მიზანს ემსახურება სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციის გავრცელება ქალების მიმართ და ჩვენ თვითონაც არ ჩავერთოთ მის კიდევ უფრო მეტად გავრცელებაში.
ამასთან ერთად, აუცილებელია იმ ქალების მხარდაჭერაც, რომლებიც გენდერული დეზინფორმაციის სამიზნეები არიან.
"ქალი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ როდესაც ისინი გრძნობენ სოლიდარობას სხვა ქალების მხრიდან, მათზე ამას ძალიან დადებითი გავლენა აქვს. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ კაცებმაც უნდა იაქტიურონ და ეს არ უნდა რჩებოდეს მხოლოდ ქალების ან ქალი პოლიტიკოსების საქმედ", — ამბობს ბაია პატარაია.
კომენტარები