დავით წერედიანი — პოეზიაში, როგორც აბრეშუმის პარკში გახლართული ადამიანი
"დათო წერედიანი ჩვენი დროის უნიკალური მოვლენა იყო: პოეზიის გარდა, მას სხვა არაფერი ახარებდა. პოეზია გახლდათ მისი ცხოვრების გვირგვინი. ის გახლართული იყო პოეზიაში, როგორც აბრეშუმის პარკში — თითქმის პირდაპირი გაგებით. დათოსთვის პოეზია ყოფიერებაც იყო და ცნობიერებაც", — ბესიკ ხარანაული.
პირადად არ ვიცნობდი დავით წერედიანს, მაგრამ ვკითხულობდი ლორკას, გოეთეს, ვიიონს... და კითხვისას მესმოდა ხმა, ხმა ძალიან მახლობელი ადამიანისა.
მერე სადღაც ვახტანგ ჯავახაძის კრიმინალური ქრონიკა ამოვიკითხე, სადაც წერდა:
"პოეტი დავით წერედიანი ეჭვმიტანილია საკუთარი ლექსების დამალვაში".
მერე იყო წერედიანის ორიგინალური ლექსები და საკუთარ თავთან აღსარებაც, ვინ უფრო მეტად მიყვარდა — მთარგმნელი დავით წერედიანი თუ პოეტი დავით წერედიანი.
გამომცემლობა არტანუჯმა 2022 წელს თან საკითხავის სერიაში წიგნი გამოსცა — დავით წერედიანი 85 ამბავი, რომელიც წერედიანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა, წიგნის ავტორ-შემდგენლები კი მელანო კობახიძე, მანანა ღარიბაშვილი და ზვიად კვარაცხელია არიან.
ამ წიგნში ჩემს კითხვაზე პასუხი მალხაზ ხარბედიას წერილმა მაპოვნინა, რომელიც ასე იწყება:
"მთავარი. დავით წერედიანი, უპირველეს ყოვლისა, პოეტია. უფრო მკაცრად რომ ვთქვათ- მხოლოდ პოეტი".
მხოლოდ ნამდვილ პოეტს და მხოლოდ დავით წერედიანს შეუძლია დაწეროს ეს სტრიქონები:
ჟურნალ არილთან ინტერვიუში, წერედიანის მეუღლე, მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი ამბობს:
"დაბადებით დათო წერედიანი პოეტად იყო ჩაფიქრებული ზემოდან, მაგრამ ისე მოხდა, რომ თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი თარგმანებს შეალია".
დავით წერედიანი იყო პოეტი, რომელიც თავის პოეტურ ტექსტებზე უსასრულოდ მუშაობდა, ალბათ ამით აიხსნება ის, რომ მისი შემოქმედება მხოლოდ ათეულობით ლექსს მოიცავს. სტატიებსაც იშვიათად აქვეყნებდა, ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახურეობრივი მოვალეობა ითხოვდა და რა თქმა უნდა, მისი წერილებიც პოეზიაზეა.
თავის წერილებსა თუ სტატიებში, იგი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პერიოდის ქართულ ლექსს შეეხო, პოეზიაზე კი წერდა:
"დავმდგარვარ და, ვითომც არაფერი, პოეზიის წვრილმანებზე ვმსჯელობ, მაშინ, როცა... ყოველთვის იარსებებს ქვეყანაზე ბედთან შეურიგებელი ერთი-ორი პოეტი, მაგრამ გვიმტკიცებენ და ეჭვი მაქვს, არცთუ უსაფუძვლოდ, რომ პოეზია, როგორც ჟანრი, მორჩა, აღარ არის, დამთავრდა, პოეზიის შეგრძნება დაკარგულია. მკითხველი რომ გამოეცალა, ეს უთქმელადაც ვიცით".
პოეზიის შეგრძნების დაკარგვაზე თუ გაგეფიქრება, მაშინ უნდა ადგე, წერედიანის პოეზიის სრული კრებული, პარაპეტი გადაშალო და ეს შეგრძნებაც თავისთავად გაქრება. ამას მოჰყვება წყება ემოციებისა და სადღაც დოჩანაშვილიც გაგახსენდება, წაიკითხავ და უკეთესი გახდები, ყოველ შემთხვევაში იმაზე უკეთესი, ვიდრე წერედიანის პოეზიის წაკითხვამდე იყავი.
აღსანიშნავია, რომ ეს კრებული დავით წერედიანის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა, რომლისთვისაც ავტორს ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
დავით წერედიანი იყო ერთ-ერთი უმთავრესი ხმა, რომელმაც 21-ე საუკუნის ქართულ პოეზიას მიმართულება მისცა.
და ბოლოს, წერედიანისვე სტრიქონებით დავასრულოთ:
ივსება ჯავრის ფურცელი,
ჟამი მოგვდის და მიგვდის.
არც იცი, თეთრო ყვავილო,
როგორ უხდები სიკვდილს.
კომენტარები