14-16 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში "თბილისის წიგნის დღეები“ გაიმართება, სადაც მკითხველები თავიანთ საყვარელ გამომცემლობებთან ერთად კიდევ ერთხელ აღნიშნავენ წიგნიერების დღესასწაულს. სტატიაში სწორედ ამ დღების სამზადისზე მოგიყვებით და გაგიზიარებთ, რა სიახლეებს უმზადებს მკითხველს გამომცემლობა პალიტრა L, რომელიც წელს 20 წლის გახდა.

კარგად ნაცნობი და საყვარელი ავტორების ახალი ნაწარმოებები, ახალი გამოცემები და ახალი სერიები, რომლებითაც ქართველი მკითხველი სულაც არ არის განებივრებული – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ზრდასრული თუ ყველაზე პატარა მკითხველი პალიტრა L-ის თაროზე იპოვის. გამომცემლობის სიახლეები იმდენად მრავალფეროვანია, რომ სტატიის არცერთი წიგნი არ უნდა გამოტოვოთ!

გადავწყვიტეთ, რომ სია იმ ლიტერატურის მიმოხილვით გავხსნათ, რომელიც საქართველოში იშვიათად გამოიცემა. მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ამტკიცებს, რომ ამ ქაოსურ დროში მათ აღმოსავლურ აზროვნებასა და პოეზიაში იპოვეს სიმშვიდე თუ რაღაც ახლის, მშვენიერის აღმოჩენის შესაძლებლობა. პალიტრა L-მაც თქვენთვის ორი საინტერესო წიგნი მოამზადა. ესენია: კლასიკური იაპონური ჰაიკუების კრებული, რომელიც ილუსტრაციებთან ერთად მკითხველს შორეულ აღმოსავლეთში ამოგზაურებს; და ქართველი ავტორის მხატვრული დებიური – ერთგვარი ლიტერატურული ექსპერიმენტი, რომელიც იაპონური სალექსო საზომით ქართულ ამაბვს გვიყვება. თუ თქვენ გარშემო ადამიანები შფოთვასა და გაურკვევლობას განიცდიან, ეს გამოცემები აწმყოს შემჩნევასა და ტემპის შენელებაში აუცილებლად დაეხმარებათ.

ფოტო: პალიტრა L

ჰაიკუ
მთარგმნელი: დალილა გოგია

იაპონური ჰაიკუ, მე-17 საუკუნეში შექმნილი იაპონური ტრადიციული ლექსი, მსოფლიოში დღემდე აღფრთოვანებას იწვევს. წიგნში წარმოდგენილია ჰაიკუს ოთხი უდიდესი ოსტატის – მაცუო ბაშოს, იოსა ბუსონის, კობაიასი ისასა და მასაოკა შიკის ქართული თარგმანები. კრებულში მკითხველი არა მხოლოდ გაეცნობა უდიდესი პოეტების ნამუშევრებს, არამედ თვალს მიადევნებს ჰაიკუს თემატურ და ჟანრობრივ ცვლილებებს. ერთი შეხედვით მარტივი პოეტური ფორმა გამოხატავს პოეტის თვალით დანახულ სამყაროს, მის იმწამიერ შთაბეჭდილებას, მკითხველი კი თავად აკეთებს მოცემული სურათის ინტერპრეტაციას. სწორედ ამიტომ, ჰაიკუ ყოველი წაკითხვისას მკითხველში განსხვავებულ ემოციასა და ახალ-ახალი ინტერპრეტაციის სურვილს იწვევს.

ფოტო: პალიტრა L

ამბავი – გიორგი ჭკადუა

ჰაიკუების ეს კრებული უჩვეულოა თავისი ფორმით, ვინაიდან ავტორი ლექსების ერთმანეთთან დაკავშირებით ქმნის სიუჟეტს და გვიყვება ერთიან ამბავს – ბავშვობის, თინეიჯერობის, მომწიფებისა და ზრდასრულობის გზას. იაპონური პოეზიისთვის დამახასიათებელი თხრობის სტილი კი საშუალებას გვაძლევს, ამბავი ერთდროულად იყოს კონკრეტულიც და ზოგადიც. ამიტომ ეს ამბავი პერსონაჟისაც არის და მკითხველისაც. სიუჟეტი ძირითადად განცდის ველში რჩება, თუმცა სარკისებურად ირეკლავს სივრცეს – თბილისს, რომელიც განცდებს კონკრეტულ ფორმებს აძლევს. მკითხველზეა დამოკიდებული, რამდენ დეტალს გამოიხმობს საკუთარი ცხოვრებიდან და რას ამოიკითხავს ამ წიგნში - მოთხრობას, ნოველას თუ რომანს.

მეტს ამ წიგნის შესახებ წინასიტყვაობაში წაიკითხავ.
ილუსტრაციების ავტორი: ნინი ბუკია

გარდა ამისა, პალიტრა L-ის თაროსთან ქართველ ავტორთა მრავალფეროვან სიახლეს შეხვდებით. მათგან განსაკუთრებული ზაალ სამადაშვილის უკანასკნელი წიგნია.

ფოტო: პალიტრა L

მეზღაპრის გზა –– ზაალ სამადაშვილი

"მეზღაპრის გზა“ ზაალ სამადაშვილმა თავად შეადგინა, როგორც ერთ გრძელ ისტორიად წასაკითხი ამბების კრებული. ასეც გამოვიდა – „მეზღაპრის გზა“ ამბების წიგნია, მთელი ცხოვრების განმავლობაში გადახდენილი, განცდილი და მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდილი ამბების წიგნი. მის გვერდებზე შემონახულია ადამიანები და მათი ხასიათები, შენობები, უბნები და ქუჩები და მათი – დღეს უკვე მხოლოდ ძველი თაობის თბილისელებისთვის ნაცნობი – სახელები, ქალაქი, რომელშიც მიედინებოდა მწერლის ბავშვობა, სიჭაბუკე და სიჭარმაგე, ადგილები, რომელთა სახება ხან სიზმრებად მოფარფატდება მასთან, ხან სევდიან ფიქრებად, ხან მონატრებად და ხანაც დაუძლეველ სურვილად, სამუდამოდ აღბეჭდოს ისინი ტექსტებში, შეინახოს თავისთვის და შთამომავლობისთვის, ახალთაობელებისთვის. მერე კი გვამოგზაუროს ამ ამბებში „მალაკნის ბაზრიდან“ „ჩაის სახლამდე“, „ხაზის რადიოდან“ აუდიოკასეტაზე ჩაწერილ ტომ უეიტსის მუსიკამდე და თავად იყოს მეგზური გრძელ გზაზე, რომელიც გაიარა სასურველი მიზნის მიღწევამ.

ფოტო: პალიტრა L

ცნობიერების წყვდიადი –– ნიკოლოზ ცისკარიშვილი

ამ წიგნის გმირები ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი, საქვეყნოდ ცნობილი და სრულიად უცნობი ადამიანები არიან: ჰალუცინაციებით შეპყრობილი ფსიქოპათი… ჭეშმარიტებაზე ფიქრით შეშლილი ფილოსოფოსი… გამოცარიელებული ცხოვრების შიშით გათანგული, „ვადაგასული“ პენსიონერი... ბორხესი (დიახ, ხორხე ლუის ბორხესი), რომელიც საკუთარ თავში დაკარგვის შიშით, თავისივე ბიბლიოთეკის ლაბირინთებში ჩაიკარგა... ქარხნის მუშა, რომლის სახლის ჭერიც ერთ დღეს გაიპო და იქიდან „კოსმოსის ღრიალმა“ შემოაღწია... და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ... თუმცა ამ ფანტასმაგორიული ამბებიდან დროდადრო ნამდვილი, ყველა ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი ადამიანური განცდები "მოჟონავს“...

ფოტო: პალიტრა L

ბოსტანი კონფლიქტის ზონაში – თამრი ფხაკაძე

"მთელი ღამე ეს ამბავი იყო. მთელი ღამე ვაკაკანე მეც ჩემი ავტომატი. თუ ვერაფერს ვუმიზნე, ხო იღებს მაინც ხმას?! ხო მოჩანს მაინც, რო აქედანაცა ვაართ?! ხო ცოტა ბევრი ვჩანვართ?! ერთი კაცით მაინც!“ ერთი კაცის, ერთი ბოსტნის, ერთი მიწისა და ერთი სამშობლოს ამბავი კონფლიქტის ზონად ქცეული მშვიდობიანი სოფლიდან, რომელსაც მტრისგან დაცვა დასჭირდა.

ქართველი ავტორები უყურადღებოდ არც პატარა მკითხველებს ტოვებენ და ახალ თავგადასავლებში ამოგზაურებენ. თუ წიგნის დღეებზე გვეწვევი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად კუპატას მეგობარი გახდები!

ფოტო: პალიტრა L

კუპატას თავგადასავალი —გიორგი კეკელიძე

ყველა ჩვეულებრივი ძაღლი არაჩვეულებრივია, ყველა არაჩვეულებრივი ძაღლი – ჩვეულებრივი. ეს წიგნიც ასეთ ძაღლზეა – ჩვეულებრივზე და თან არაჩვეულებრივზე. კუპატა ცხოვრობდა ბათუმში, ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში, სადაც მზრუნველმა ადამიანებმა მას ქუჩაში სახლი დაუდგეს. არ მოგესმა, მანამდე კუპატა მიუსაფარი იყო, ერთი იმათგანი, ძალიან ბევრს რომ ვხედავთ ჩვენ გარშემო, მაგრამ... დიდი ხნის განმავლობაში ამჩნევდნენ თანაქალაქელები ძაღლის უცნაურ ჩვევას – ის ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებთან დგებოდა და ყეფით ანიშნებდა მძღოლებს, ბავშვები გაეტარებინათ. ასე გაიცნო მთელმა ქალაქმა და მერე უკვე მთელმა ქვეყანამაც ჭკვიანი, მამაცი და კეთილი კუპატა, რომელიც ამიერიდან ამ წიგნის ფურცლებიდან გააგრძელებს ცხოვრებას და სიკეთის თესვას თავის მეგობრებთან - ყველა მიუსაფარი ძაღლის ძიძა გულოსთან, მენაყინესთან, კნუტ კნატისთან, ავთოს ავტოსა და სხვებთან ერთად.
ილუსტრატორი: სალომე ხოტივარი

ფოტო: პალიტრა L

სიზმარში დაკარგული ბიჭის ამბავი — ვასო გულეური

სიზმარში რას არ ნახავს ადამიანი. ალბათ, შენც უამრავი ფერადი სიზმარი გინახავს, მაგრამ ისეთი, ხუჭუჭა და დიდთვალება ვატოს რომ დაესიზმრა, მგონი იშვიათია. შეიძლება ვცდები, და შენ კიდევ უფრო უცნაური რამ გესიზმრება ხოლმე. ისე, რა საოცარი რამ არის სიზმარი. დახუჭავ თვალებს და წავიდააა: ხან ცაში დაფრინავ და ღრუბლებში დასრიალებ, ხან მწვანე ბალახით დაფარულ ზღაპრულ მინდორში დაეხეტები და ხედავ, როგორ დაფარფატებს კუ ყვავილიდან ყვავილზე, იქით შეყვარებული ცხენი სიყვარულზე გესაუბრება. მარტო ცხენი? არა, ყველა არსება ლაპარაკობს – ქუდიანი სოკო და ფესვმაგარი ხე, წვიმის წვეთები, ცის ცრემლებად რომ გაცნობენ თავს, ლამაზკუდიანი ფარშავანგი, შვიდფერა ცისარტყელა... კარგია სიზმარი, მაგრამ თენდება და თვალს ახელ, ახალი დღე იწყება. ის ზღაპრული და ნაირფერი სიზმარი კი არ გავიწყდება, ღამის მოლოდინში ხარ, ჯადოსნური სიზმრის გაგრძელების მოლოდინში.

ქართული ლიტერატურული სივრცისთვის საინტერესო და სასიხარულო სიახლეა თანამედროვე სომხური პროზის ყველაზე სრული გამოცემა, რაც კი აქამდე შექმნილა.

ფოტო: პალიტრა L

თანამედროვე სომხური პროზა — ასია დარბინიანის თარგმანი

მრავალფეროვანი, მიმზიდველი და ძალიან ახლობელი – ასეთ ლიტერა ტურას აღმოაჩენს მკითხველი კრებულში „თანამედროვე სომხური პროზა“, რომელშიც 24 თანამედროვე სომეხი მწერლის პროზაული ტექსტებია თავმოყრილი. ეს გამოცემა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი მასშტაბური მცდელობაა, ქართულენოვანი მკითხველი აზიაროს სომხურ ლიტერატურაში მიმდინარე ცოცხალ პროცესს. ეს წიგნი ერთგვარი ანთოლოგია-კატალოგია: აქ არის ომის ტკივილები, თვითგამორკვევისთვის ბრძოლა, სამშობლოდან შორს ყოფნის სევდა, რწმენისა და ცრურწმენების თანაარსებობის პრობლემები, ადამიანებს შორის ურთიერთობისა და ურთიერთგაგების სიძნელეები და, რაც მთავარია, ყველა ამბავი აღბეჭდილია დაუვიწყარი სახეებითა და განუმეორებელი ხასიათებით. ამ სახეებსა და ხასიათებს ავტორები ქმნიან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხელწერით და უდიდესი სიყვარულით, რომელიც გადამდებია.

ახლა კი დროა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ავტორების ახალი თარგმანები გავიხსენოთ – რა თქმა უნდა, დეტექტივების დედოფლით დავიწყოთ!

ფოტო: პალიტრა L

შემოდგომის სიცივეები — აგათა კრისტი— პაატა ჩხეიძის თარგმანი

აგათა კრისტის, დეტექტიური ჟანრის აღიარებულ მწერალს, შესანიშნავად იცნობს ჩვენი მკითხველი. მის წიგნებს კითხულობს ყველა ასაკის მკითხველი, ვისაც დეტექტივი უყვარს. ასეთი პოპულარობის საიდუმლო კი მის სამწერლო ოსტატობაშია. დეტექტიური პროზის დედოფალმა ლიტერატურული მოღვაწეობის 50-ზე მეტი წლის განმავლობაში სამოცზე მეტი დეტექტივი, უამრავი მოთხრობა და რამდენიმე პიესა დაწერა. მისი მოთხრობები, რომანებისგან განსხვავებით, არც ისე ცნობილი იყო და იშვიათადაც ითარგმნებოდა, თუმცა ავტორის დიდ ნაწარმოებებს არცერთი არ ჩამოუვარდება არც სიუჟეტის სიმძაფრით და არც მაძებრების გამჭრიახობით. ამ კრებულში გამოქვეყნებული მოთხრობები სწორედ ამის დასტურია. თქვენ კვლავ შეხვდებით შეუდარებელ ერკიულ პუაროს, უშიშარ ტომისა და ტაპენსს, გონიერ მის მარპლსა თუ დინჯ ჯენტლმენ სატერთუეითს.

ცხადია, მკითხველისთვის საყვარელი და გამორჩეული ოსტატობის ავტორის ახალი წიგნი "ლიტერეს“ სერიაშიც გამოიცა:

ფოტო: პალიტრა L

აღთქმები — მარგარეტ ეტვუდი

თამარ ჯაფარიძის თარგმანი

"აღთქმები" გაგრძელებაა 1985 წელს გამოქვეყნებული და მთელ მსოფლიოში აღიარებული დისტოპიისა „მხევლის წიგნი“. მწერლის თქმით, ამ წიგნის დაწერა გადააწყვეტინა მკითხველთა აურაცხელმა გამოხმაურებამ და იმ სამყარომ, რომელშიც ვცხოვრობთ. უამრავი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის, ამ უმნიშვნელოვანეს რომანს 2019 წელს ბუკერის პრემია მიენიჭება. „მხევლის წიგნმა“ გალაადის პირქუშ კედლებში მოქცეული სულის შემხუთველი და ძალმომრეობით სავსე სამყაროს ხმები დაუტოვა მკითხველს. ოცდაათი წლის შემდეგ დაწერილ „აღთქმებში“ ამ კედლების შიგნით უცნაურად გადაიკვეთება ისტორია სამი ქალის, რომლებიც, თითქოს სხვადასხვა გზით მიდიან, მაგრამ ერთ დიდ საიდუმლოში ერთიანდებიან. ეს საიდუმლო ძალაუფლების მრუდე სახის გამოაშკარავებაა, რაც წარმოუდგენელ გაბედულებასა და თავგანწირვასაც კი მოითხოვს. მარგარეტ ეტვუდი გალაადში გვაბრუნებს და გვიჩვენებს, რომ სიმართლე ყოველთვის პოულობს გზას, თუმცა ძალადობრივ სისტემაში ეს განსაკუთრებით ძვირად ფასობს. „აღთქმები“ სამი დაუმორჩილებელი ქალის მიერ მოყოლილი ერთი ამბავია სიმამაცეზე, ძალაუფლებასა და იმედზე.

თუ სამწერლო ოსტატობა გაინტერესებს და გინდა გაიგო, როგორ იქმნება მხატვრული ლიტერატურა, ახალი სერია "სკრიპტორიუმი“ შენი საკითხავია:

ფოტო: პალიტრა L

ძენი და წერის ხელოვნება – რეი ბრედბერი

რეი ბრედბერის „ძენი და წერის ხელოვნება“ სერიის პირველი წიგნია. მასში განუმეორებელი რეი ბრედბერი გვიზიარებს სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილ სიბრძნესა და გამოცდილებას. ამ წიგნში შესული ესეები ოცდაათი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროსაა დაწერილი, განსაკუთრებული აღმოჩენების გამოსახატად. აქ წაიკითხავთ პრაქტიკულ რჩევებს წერის ხელოვნების შესახებ – როგორ ვიპოვოთ ორიგინალური იდეები, როგორ დავხვეწოთ საკუთარი სტილი და ხმა. გარდა ამისა, რეი ბრედბერი გვიზიარებს საინტერესო ამბებს საკუთარი ცხოვრებიდან და კარიერიდან – როგორი იყო რომანების, მოთხრობების, ლექსების, ფილმებისა და პიესების ავტორის გრძელი და უჩვეულო გზა. „ძენი და წერის ხელოვნება“ უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სახელმძღვანელო დამწყები მწერლებისთვის: ესაა წერით მოგვრილ სიხარულზე დაწერილი წიგნი, რომელიც შთაგვაგონებს და გვახსენებს ლიტერატურის მნიშვნელობასა და ძალას. იგი ერთდროულად აღვიძებს ჩვენში მწერალს, რომელიც მზადაა, წეროს გატაცებით და მკითხველს, რომელიც ახალ ტექსტებთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება. "როდესაც სიკვდილი სხვებს შეაჩერებს, თავ-პირის მტვრევით გავარდით საბეჭდი მანქანისკენ“. ტექსტის მთარგმნელია თაკო ჭილაძე, ხოლო რეი ბრედბერის ლექსები, რომლებიც წიგნშია შესული, ლელა სამნიაშვილის თარგმანია.

ქართველ მკითხველს ასევე შეუძლია გაეცნოს ვირჯინია ვულფის უკვდავი ტექსტის ახალ თარგმანს სერიაში "ქალების კალმით“:

ფოტო: პალიტრა L

ჯეიკობის ოთახი — ვირჯინია ვულფი

ეკატერინე მაჩიტიძის თარგმანი

"ჯეიკობის ოთახი“ ერთდროულად არის და თან არ არის ჯეიკობ ფლანდერსის შესახებ. ჯერ პატარა ბიჭი, რომელიც სანაპიროზე თამაშობს, მოგვიანებით ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც კემბრიჯში მიემგზავრება, ბოლოს ზრდასრული კაცი, რომელიც მოგზაურობისას ეძებს საკუთარ თავს – ყველა ამ სახეს, თითოეულ ამ ეპიზოდს პროტაგონისტის ცხოვრებიდან, თითქოს ყოველთვის აკლია რაღაც – ყველაზე მთავარი, მაგრამ ამოუხსნელი და დაფარული. დროდადრო მთხრობელი ცდილობს, სხვების, დამკვირვებლების პერსპექტივას დააღწიოს თავი და ობიექტურად შეაფასოს ჯეიკობი. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას თავადვე აცნობიერებს ამ გადაწყვეტილების, შესაბამისად, საზოგადოდ, ადამიანების მიუკერძოებლად, ზუსტად დახასიათების აბსურდულობას და ჯეიკობის აღწერას ასე აბოლოებს: „ყველა ფუჭ გარჯას შორის მისი თვისებების ამგვარი ჩამოთვლა იყო ამაოზე ამაო. ერთადერთი სიტყვაც კი იკმარებდა, მაგრამ ვინ იპოვიდა ამ სიტყვას?“

ახალი გამოცემები დაგხვდებათ მკითხველისთვის კარგად ნაცნობი „წლის ბესტსელერის“ სერიაშიც:

ფოტო: პალიტრა

სინანული შენ გამო – კოლინ ჰუვერი

ნათია ჩუბინიძის თარგმანი

რა სურს ქალს ამქვეყნად ყველაზე მეტად? – რომ ოჯახში სიყვარული და ურთიერთგაგება იყოს, მაგრამ რა უნდა ქნას, როცა უსაყვარლესი ადამიანები ღალატობენ, როცა სანანებლად გაუხდება, რომ უყვარდა, როცა ერთ დღესაც მთელი ცხოვრება თავზე დაენგრევა. თუმცა დიდმა ტრაგედიამ თურმე ბევრ რამეზე თვალის ახელაც იცის და შეიძლება ხსნაც გამოდგეს, რათა ტყუილში აღარ იცხოვრო, თვალი გაუსწორო სინამდვილეს და ახალი ცხოვრება დაიწყო.

ფოტო: პალიტრა L

პირანეზი — სუზანა კლარკი

ეკატერინე სუმბათაშვილის თარგმანი

სიუზანა კლარკის "პირანეზი“ მკითხველს უნიკალურ, იდუმალ სამყაროში ამოგზაურებს. ეს უზარმაზარი სახლია, რომლის ქვედა სართულებიც ოკეანის საუფლოა, ზედა კი – ღრუბლებისა და ფრინველების საბრძანებელი. აქ დარბაზები სავსეა მშვენიერი ქანდაკებებით – ისინი, დროსთან ერთად გაქვავებულები, წყლის მოქცევის დროს უსიტყვო მცველებად დგანან. პირანეზი, რომლის ამბავიც დღიურების სახითაა მოთხრობილი, ამბობს, რომ სახლში სულ თხუთმეტნი არიან, რომელთაგანაც მხოლოდ ორია ცოცხალი, თვითონ და კიდევ ერთი – სხვა, შუახნის მამაკაცი, რომელიც დიადი საიდუმლოს ამოხსნას, დაკარგული ცოდნის პოვნას ცდილობს. სხვას პირანეზიც ეხმარება, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე იძაბება. პირანეზი ეჭვობს, რომ სახლი რეალურ სამყაროსთანაა დაკავშირებული და ვინ იცის, იქნებ თავადაც სხვა, დავიწყებული ცხოვრების ნაწილი აღმოჩნდეს...

თინეიჯერებისთვის საყვარელი სერია „ლიბერთინსი“ თაობის ახალი არჩევანით დაგვიბრუნდა:

ფოტო: პალიტრა L

საიდუმლოებით მოცული გოგონები — ქენდის ფლემინგი

სოფო ჩერქეზიშვილის თარგმანი

როგორ ხსნიდა შიფრს და ეხმარებოდა სამშობლოს ომის მოგებაში ათი გოგონა. გატეხე კოდი. შეინახე საიდუმლო. მოიგე ომი. ბრიტანეთში ყველაზე საიდუმლო ადგილას იმუშავებ და იქ მიმდინარე ყოველგვარ საქმიანობას ომისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ეს სამსახური ისეთი გასაიდუმლოებულია, რომ მხოლოდ იმას გეტყვიან, რისი ცოდნაც გჭირდება, და ვერასოდეს, ვერასოდეს გაიგებ მეტს. შიფრის გატეხაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ საიდუმლოს შენახვაა. "უნდა გამოცხადდეთ სადგურ 10-ში, ბლეჩლი-პარკში, ბაკინგემშირში, ოთხი დღის შემდეგ…“ – ეს ლაკონიური ტელეგრამა მიიღო მთელ ბრიტანეთში ასობით გოგონამ 1941 წლის გაზაფხულზე, როცა მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. როცა ისინი მივიდნენ სადგურ 10-ში, დიდ, მოძველებულ მამულში, რომელსაც გარს ერტყა სპარტანული იერის ქოხები პატარა საკვამურებით, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რაში გაყვეს თავი. რატომ აირჩიეს ისინი? – უმეტესობა ვერასოდეს გაიგებს პასუხს ამ შეკითხვაზე.

ფოტო: პალიტრა L

მარცხი და ამბოხი – ლი ბარდუგო

გიორგი გომართელის თარგმანი

დედაქალაქი დაეცა. ბნელკაცი ჩრდილის ტახტზე ზის და რავკას მართავს. ახლა ქვეყნის ბედი მზის გამომწვევლის, დევნილი მეკვლისა და ოდესღაც დიადი და მაგიური, ახლა კი დანაწევრებული არმიის ნარჩენებზეა დამოკიდებული. ალინას მოუწევს ახალი კავშირების დამყარება, სანამ მალთან ერთად მოროზოვას უკანასკნელ გამაძლიერებელს იპოვის. ამასობაში ბნელკაცის საიდუმლოების ამოხსნისას აღმოაჩენს წარსულს, რომელიც სამუდამოდ შეცვლის იმ კავშირებსა და ძალას, რომელსაც ფლობს. მხოლოდ ფასკუნჯი დგას რავკასა და ნგრევას შორის და რომ იპოვოს კიდეც, შეიძლება იმ მომავლად დაუჯდეს, რომლისთვისაც იბრძვის.

ახლა პატარა მკითხველებისთვის თარგმნილ ახალ ლიტერატურას მივუბრუნდეთ და "ლიბერქიდსის“ სიახლეებს გავეცნოთ:

ფოტო: პალიტრა L

სვიფტები - არამზადების გალერეა – ბეთ ლინკოლნი

ანტონ სინატაშვილის თარგმანი

მკვლელი ციხეშია! შენანიგან სვიფტის ოჯახი უსაფრთხოდაა! ახლა მას შეუძლია მშვიდად განაგრძოს ტბის ფსკერზე საგვარეულო განძის ძებნა... მაგრამ, როდესაც პარიზში ყოფნისას, უცნობი ნათესავების გარდა, ახალი დამნაშავეების გაცნობაც უწევს, ბევრად უფრო სახიფათო თავგადასავლებში ეხვევა. ეს რა ყაჩაღობა გაუჩაღებიათ შუაგულ პარიზში, ხელოვნების მუზეუმში? სად ქრება ექსპონატები?

მაკნატუნა და თაგვების მეფის საშობაო ოინები — ალექს ტ. სმიტი

სოფო ჩერქეზიშვილის თარგმანი

ფოტო: პალიტრა L

თაგვების მეფემ ახალი ოინი მოიფიქრა! შობის წინა ღამეს ტკბილეულის სამეფოს ჯადოსნური გასაღები მოიპარა და გადაწყვიტა, რაც შეიძლება დიდი საახალწლო აურზაური დაატრიალოს! მხოლოდ კლარა და ფრიც შტრუდელებსა და მათ ახალ მეგობარ მაკნატუნას შეუძლიათ თაგვების მეფის შეჩერება. თუმცა, როცა ფრიცი ჯადოსნური შელოცვის მსხვერპლი გახდება, საჩქაროდ ტკბილეულის სამეფოში წასვლა და ფერია დრაჟეს პოვნა გახდება საჭირო. ფრიცის გადარჩენა ხომ მხოლოდ ფერიას შეუძლია! წაიკითხე წიგნი და გაიგე, შეძლებენ თუ არა ჩვენი თავგადასავლების მოყვარული პერსონაჟები თაგვების მეფის განზრახვის შეჩერებასა და ფრიცის გადარჩენას.

ფოტო: პალიტრა L

მამაცი გოგონების თავგადასავლები – სამანტა ნიუმანი

სოფო ჩერქეზიშვილის თარგმანი

ჭკვიანი დოროთი, რომელმაც ოზი საშინელი ჯადოქრისგან გადაარჩინა, ჰუა მულანი, რომელიც ლეგენდარული მეომარი გახდა, უშიშარი ლიკე − პატარა ქალთევზა, რომელმაც პრინცი გადაარჩინა... ამ ლამაზად ილუსტრირებულ წიგნში სხვა ძლიერ, საინტერესო გოგონებსაც გაიცნობ. მიჰყევი პერსონაჟების ისტორიებს, დაუმეგობრდი მათ და შენც გახდი ძლიერი და უშიშარი. წიგნი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცნობილ ზღაპრებს აერთიანებს.

ფოტო: პალიტრა L

Disney – ავსულები ბოროტების პორტრეტი

იხილე ყველაზე სახელგანთქმულ ავსულთა გალერეა. ამ წიგნის გვერდებზე გაეცნობი ისეთ განთქმულ ბოროტმოქმედთა შავბნელ წარსულს, როგორებიც არიან: ურსულა, კაპიტანი კაუჭა, მალეფისენტი და კიდევ სხვა. ჩაუღრმავდი მათ ცხოვრებას, გაიცანი მათი ვერაგი თანამზრახველები, გააანალიზე მზაკვრული შეთქმულებები და მათი ტრაგიკული დაცემიდან გამოიტანე დასკვნა.

თუ საინტერესო წიგნების გარდა შემეცნებითი თამაშებიც გაინტერესებს, არ გამოტოვო პალიტრა L-სა და პალიტრა სტუდიის საერთო სიახლე: ყველაზე მშვენიერი და სახალისო ჭადრაკი პატარებისათვის!

საოცარი და ჯადოსნური ჭადრაკი

ფოტო: პალიტრა L

ეს არ არის ჩვეულებრივი ჭადრაკი – ეს საოცარი და ჯადოსნური ჭადრაკია, ულამაზესი ფიგურებითა და მაგიური ისტორიით. აქ ტრადიციული ფიგურების ნაცვლად მეფედ სპილო გვევლინება თავის მეწყვილე ლაზიერთან ერთად, კუს როლს მელია თამაშობს, მხედარი პატარა პონია, ეტლის ადგილას კურდღელი დახტის, ხოლო პაიკებად პაწაწინა თაგუნიები განლაგდებიან დაფაზე. სხვა ჭადრაკებისა და სხვა მეფეებისგან განსხვავებით, ჩვენი თამაშის სპოლო-მეფეს სახელიც კი შევურჩიეთ – ირფალიონი. ირფალიონს მრავალფეროვანი და გამორჩეული ცხოვრება ჰქონდა. წარმოიდგინეთ, სანამ ჭადრაკის მეფე გახდებოდა, ცირკის ჯადოსნურ ექსპრესთან ერთად მოგზაურობდა დედამიწის გარშემო და უამრავი, გასაოცარი თავგადასავალი გადახდა თავს, რომლებსაც თავად მოგიყვებათ იმ წიგნით, მალე რომ დაწერს.

თუ ეს სიახლეები შენთვის საინტერესო იყო, იხილე გამომცემლობის სრული კატალოგი ბმულზე

წიგნის დღეების მისამართია: წერეთლის გამზ. 118 | ExpoGeorgia, მე-11 პავილიონი. გელოდებით.

იპოვე შენი მომდევნო საკითხავი პალიტრა L-ის სტენდზე!