ნახეთ: NASA-ს ზონდმა იუპიტერის შტორმიანი ატმოსფეროს გასაოცარი სურათი გადაიღო
2024 წლის 12 მაისს NASA-ს ზონდმა Juno-მ იუპიტერთან რიგით 61-ე ჩავლისას მზის სისტემის ამ უდიდესი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფერო დაახლოებით 29 000 კილომეტრი მანძილიდან გადაიღო.
სააგენტოს მიერ ახლახან გამოქვეყნებულ სურათზე ციური სხეულის შტორმიანი და ქაოსური ატმოსფერო დეტალურადაა ნაჩვენები, კერძოდ კი ე.წ. ფილამენტური რეგიონები, რომლებშიც აირის გიგანტი პლანეტისთვის დამახასიათებელი ღრუბლოვანი სარტყლები და ზონალური ნაკადები შთამბეჭდავ, სწრაფად ცვალებად, ფორმებს ქმნის.
ახალი გამოსახულება გარი ისანმა შემოგვთავაზა, რომელიც მოყვარული მეცნიერია. მან ამისთვის Juno-ზე დამონტაჟებული კამერა JunoCam-ის დაუმუშავებელი მონაცემები გამოიყენა და ციფრული ხელსაწყოების მეშვეობით ფოტოზე ფერები გაამკვეთრა, ასევე მკაფიოობაც გაზარდა.
აი, შედეგიც:
Juno სწორედ იუპიტერის შესასწავლადაა შექმნილი და ის კოსმოსში 2011 წლის 5 აგვისტოს გაუშვეს. მისიის მიზანი ამ ციური სხეულის ატმოსფეროს შედგენილობის, გრავიტაციული და მაგნიტური ველის, პოლარული მაგნიტოსფეროსა თუ სხვა მახასიათებლების გამოკვლევაა. ამასთან, აპარატის მეშვეობით ასტრონომები იმის გარკვევასაც ცდილობენ, თუ როგორ წარმოიქმნა აირის ეს გიგანტი, რაც ადრეული მზის სისტემის შესახებ მეტის გაგების საშუალებასაც იძლევა.
Juno აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს პროგრამა New Frontiers-ის ნაწილია. ის მზის პანელებითაა აღჭურვილი, რომლებიდანაც საჭირო ენერგიას იღებს იმის მიუხედავად, რომ ვარსკვლავისგან დიდი მანძილი აშორებს. იუპიტერის გარშემო ორბიტაზე ზონდი 2016 წელს შევიდა, რის შემდეგაც პერიოდულად მას უახლოვდება ხოლმე და სხვადასხვა სამეცნიერო ინსტრუმენტით ღირებულ მონაცემებს აგროვებს.
აღსანიშნავია, რომ მისია 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა რამდენჯერმე გახანგრძლივდა და, როგორც ცნობილია, 2025 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება.
კომენტარები