უჩვეულო ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის კვალს მიაგნეს
ასტრონომებმა ჩვენგან დაახლოებით 247 სინათლის წლით დაშორებული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის კვალს მიაგნეს. მას გალურ-რომაული ომის ღვთაების პატივსაცემად სმერტრიოსი ეწოდება, სხვაგვარად კი — HD 149026 b. ის ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მკვრივი და "მეტალური" ციური სხეულია, ანუ წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს დიდი რაოდენობით შეიცავს.
ეს ობიექტი ყვითელი სუბგიგანტი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, რომლისგანაც 6.4 მილიონი კილომეტრი აშორებს. ორბიტაზე შემოვლას ის სულ რაღაც 3 დღეს ანდომებს, ხოლო სიგანით იუპიტერის 3/4-ია. მისი ერთი ნახევარსფერო ყოველთვის მნათობისკენაა მიბრუნებული, ამიტომ იქ ტემპერატურა 1 420°C-სს აღწევს.
HD 149026 b ე.წ. ცხელი სატურნების კატეგორიას მიეკუთვნება, ანუ "ცხელი აირის გიგანტია". ასე ეწოდება ეგზოპლანეტებს, რომლებიც იუპიტერის ან სატურნის მსგავსია, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ვარსკვლავთან ძალიან ახლოს გადაადგილდება, რის გამოც მათი 1 წელი 10 დღეზე ნაკლებ დროში გადის.
ამ ეგზოპლანეტის მეტალურობა მეცნიერებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მისი ეს მახასიათებელი გამორჩეულია. წესით, რაც უფრო დიდია აირის გიგანტი, მით ნაკლებ ასეთ "მეტალებს უნდა შეიცავდეს, მაგრამ სმერტრიოსის შემთხვევაში ასე არაა. მას, ასევე, ზედმეტად დიდი მყარი ბირთვი აქვს, რაც მაღალ სიმკვრივეს განაპირობებს. ამ ყველაფრის გამო, HD 149026 b-ის ფორმირება ცხელი აირის გიგანტების წარმოქმნის სტანდარტულ სცენარებში არ ჯდება, მისი ატმოსფეროს შესწავლა კი, შესაძლოა, მეტის გაგებაში დაგვეხმაროს.
ამისთვის სპეციალისტებმა ესპანეთში მდებარე კალარ-ალტოს ობსერვატორიის სპექტროგრაფი CARMENES გამოიყენეს, რომლითაც ეგზოპლანეტის ატმოსფეროში არსებული სხვადასხვა ელემენტის უნიკალურ სპექტრულ "ანაბეჭდებს" დააკვირდნენ. სწორედ ამის შედეგად გამოავლინეს წყლის ორთქლის კვალიც. ეს მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან ჟანგბადისა და ნახშირბადის თანაფარდობის დადგენაში დაგვეხმარება, ამით კი HD 149026 b-ის აირადი გარსის ბუნებას უკეთ გავეცნობით.
აღსანიშნავია, რომ ასტრონომებმა ამ ეგზოპლანეტის ატმოსფეროში სხვა რაღაცაც შენიშნეს. ჩვეულებრივ, როცა ციური სხეულის ერთი მხარე ყოველთვის ვარსკვლავისკენაა მიბრუნებული, ამით განპირობებული ტემპერატურული სხვაობა 8 000 კმ/სთ-მდე სიჩქარის ქარს წარმოქმნის, რომელიც ნათელი ნახევარსფეროდან ბნელისკენ ქრის. სმერტრიოსის შემთხვევაში პირიქით ხდება.
ამის ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ მსგავსი ქარი ატმოსფეროს ღრმა ფენებშია, რაც იქიდან მომავალი სპექტრის წითელ დიაპაზონში გადანაცვლებას იწვევს. მეორე ჰიპოთეზის თანახმად, ეგზოპლანეტის ორბიტა ექსცენტრიკულია, ანუ იდეალურ წრეს არ ქმნის. ამის შესახებ მეტის გასაგებად დამატებითი დაკვირვებებია საჭირო
ახალი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები