ახალი ინტერაქტიური რუკით გაიგებთ, როგორი კლიმატი იქნება თქვენს ქალაქში 2080 წელს
დედამიწაზე კლიმატის ცვლილება მიმდინარეობს. ამას მოსახლეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტად გრძნობს, რადგან გვალვები, სითბური ტალღები, შტორმები თუ დატბორვები საგრძნობლადაა გახშირებული.
ალბათ, ბევრ თქვენგანს უფიქრია, რას უნდა ველოდოთ მომავალში. ამ კითხვაზე პასუხს ახალი ინტერაქტიური რუკა გაგცემთ, რომელსაც The Future Urban Climates, ანუ "მომავლის ურბანული კლიმატები", ეწოდება. ის საშუალებას გაძლევთ გაიგოთ, როგორი პირობები იქნება თქვენს ქალაქში 2080 წლისთვის, რისთვისაც კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) მონაცემებია გამოყენებული.
მერილენდის უნივერსიტეტში მომუშავე ეკოლოგმა, მეთიუ ფიტსპატრიკმა, რუკაში ერთმანეთთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით 40 581 ადგილი დააკავშირა, რათა შედარება შეგვძლებოდა. მაგალითად, პროგნოზების მიხედვით, 2080 წლისთვის ნიუ იორკში ისეთივე კლიმატი იქნება, როგორიც ამჟამად ჩრდილოეთ მისისიპიშია. ამის მიუხედავად, გათვალისწინებულია ის სცენარიც, რომელიც ემისიების შემცირებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ცვლილება შემსუბუქდება.
"50 წელში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული ქალაქები სამხრეთულს დაემსგავსება... რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ეკვატორს, მით უფრო ცოტა შესადარებელი კლიმატური არეალი ვლინდება ისეთი რეგიონებისთვის, როგორიც ცენტრალური ამერიკა, სამხრეთ ფლორიდა და ჩრდილოეთ აფრიკაა. ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე არაა იმის შესაფერისი ადგილები, როგორებადაც ისინი მომავალში იქცევა", — აცხადებს ფიტსპატრიკი.
აღსანიშნავია, რომ ეკვატორის მახლობლად მსოფლიო პოპულაციის 40% ცხოვრობს. ეს 3.3 მილიარდზე მეტი ადამიანია, რომელთაც შესაძლოა, რამდენიმე დეკადაში უპრეცედენტოდ ექსტრემალურ გარემოში მოუწიოს ყოფნა. მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლებელია, ზოგიერთი ტროპიკული ტერიტორია ამგვარი პირობების გამო დაუსახლებელიც გახდეს.
იმისათვის, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას შევუშალოთ ხელი, აუცილებელია, გლობალური ემისიები შემცირდეს. ამით ატმოსფეროში გაფრქვეული მავნე აირებით გამოწვეული სათბურის ეფექტი შემსუბუქდება და ტემპერატურაც საშიშ ნიშნულამდე არ მიაღწევს.
"ვიმედოვნებ, რუკა ადამიანებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ, როგორი მასშტაბურია გავლენა და რატომ არიან მეცნიერები ასეთი შეშფოთებულები", — ამბობს მეთიუ ფიტსპატრიკი.
თქვენი ქალაქის მოსაძებნად ამ ბმულზე გადადით — https://fitzlab.shinyapps.io/cityapp/.
კომენტარები