შესაძლოა, დიდი ზომის ცხოველთა გადაშენებაში უდიდესი წვლილი ადამიანს მიუძღოდეს
მეგაფაუნა — ასე ეწოდება იმ ცხოველთა ერთობლიობას, რომელთა ზომაც განსაკუთრებულად დიდია. 50 000-10 000 წლის წინა შუა პერიოდში დაახლოებით 200 ასეთი სახეობა გადაშენდა, მაგრამ რატომ?
მაშინ, როცა ისინი გაქრნენ, დედამიწაზე გამყინვარების ეპოქა დასრულდა და პლანეტაზე ნელ-ნელა დათბა. შესაბამისად, მათი გადაშენების ერთ-ერთ პოტენციურ მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. ამის მიუხედავად, ეს დაემთხვა სხვადასხვა რეგიონში ადამიანთა გავრცელებასა და იქაური რესურსების ათვისებასაც, ამიტომ მეცნიერები მსჯელობენ, რომელი ფაქტორი უფრო დიდ გავლენას იქონიებდა.
ახალი კვლევის თანახმად, ბალახისმჭამელი გიგანტური ცხოველების ბედი სწორედ ჩვენი წინაპრების ხელში იყო. ნამარხების მიხედვით, 50 000 წლის წინ ამგვარი მეგაფაუნის სულ მცირე 57 სახეობა არსებობდა, დღეს კი ეს რაოდენობა მხოლოდ 11-ა. მათ შორის არიან ჰიპოპოტამები, ჟირაფები, მარტორქები და სპილოები.
მეცნიერები ამბობენ, რომ რაოდენობის ამგვარ კლებაზე მხოლოდ კლიმატის ცვლილება ვერ იქნება პასუხისმგებელი. პირველ რიგში, გარემოს ასეთი გადასხვაფერება უფრო ადრეულ პერიოდებშიც ფიქსირდებოდა, მაგრამ ამას იგივე შედეგი არ მოჰყოლია. მეორე მხრივ, მეგაფაუნის წარმომადგენლები მხოლოდ არასტაბილურ არეალებში არ გადაშენებულან, არამედ ისეთ ადგილებშიც, სადაც სტაბილური კლიმატური პირობები იყო შენარჩუნებული.
ცნობილია, რომ მაშინდელი ადამიანები საკმაოდ კარგად ნადირობდნენ და დიდ ცხოველებსაც არ უშინდებოდნენ, შესაბამისად, მათი პოპულაციების შემცირების გამოწვევაც შეეძლოთ. ავტორების თქმით, ასეთი სახეობები მოწყვლადები არიან, რადგან ხანგრძლივი მაკეობა ახასიათებთ, ერთ ჯერზე ბევრ ნაშიერს ვერ შობენ და სქესობრივად მოსამწიფებლადაც უფრო მეტი დრო სჭირდებათ.
უკანასკნელი კვლევა სწორედ ჩვენი წინაპრების ნადირობის უნარებს, ცხოველთა გავრცელების არეალს, მათი პოპულაციის რაოდენობასა და კვებით ჩვევებს ითვალისწინებს. შედეგად კი ასკვნიან, რომ შესაძლებელია, მეგაფაუნის წარმომადგენელთა გადაშენებაში ადამიანს დიდი წვლილი მიუძღოდეს.
წესით, ამგვარი სახეობების დიდ ნაწილს თბილ კლიმატთან შეგუება არ გაუჭირდებოდა, თანაც მათი გაქრობა ჩვენს გამოჩენას ემთხვევა. შესაძლოა, ამით აიხსნას ისიც, თუ რატომ შენარჩუნდნენ მამონტები ადამიანებით დაუსახლებელ ვრანგელის კუნძულზე მაშინ, როცა სხვაგან უკვე აღარ იყვნენ.
2019 წლის კვლევის მიხედვით, მეგაფაუნის გადაშენების რისკს დღესაც ჩვენ ვქმნით, ამიტომ მათი რაოდენობის აღდგენას მცდელობა არ უნდა დავაკლოთ. რაც შეეხება ავტორთა ნაშრომს, ის გამოცემაში Cambridge Prisms: Extinction გამოქვეყნდა.
კომენტარები