აღმოაჩინეს იშვიათი ვარსკვლავი, რომელიც კოსმოსში 600 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს
ვარსკვლავების უმეტესობა გალაქტიკის ცენტრის გარშემო პროგნოზირებად ორბიტებზე მშვიდად გადაადგილდება. ამის მიუხედავად, არის გამონაკლისებიც, რომელთა სიჩქარეც იმ ნიშნულამდე აღწევს, რომ, საბოლოოდ, მათ გალაქტიკათაშორის სივრცეში გაღწევას განაპირობებს. მეცნიერებმა სწორედ ასეთი ობიექტი აღმოაჩინეს, სახელად CWISE J124909+362116.0 (შემოკლებულად J1249+36), რომელიც წამში 600 კილომეტრს გადის.
ის ჰიპერსიჩქარის მქონე მნათობებს შორისაა, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ მცირეა. ასევე, J1249+36 მიეკუთვნება L ქვეჯუჯების ტიპსაც, რომელიც ასევე ძალიან იშვიათია და ხნიერებით გამოირჩევა. იმის გასაგებად, თუ როგორ აჩქარდა მისი მოძრაობა ამ დონეზე, მეცნიერებმა სამი შესაძლო სცენარი განიხილეს.
პირველში ბინარულ სისტემაში თეთრი ჯუჯის, ანუ მზის მსგავსი ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ბირთვის, არსებობა მოიაზრება. თუ ის მეზობელ მნათობთან საკმარისად ახლოს გადაადგილდება, მისგან მატერიის მიზიდვა შეუძლია. შედარებით მცირე მასის მიერთებისას ასეთი ობიექტს განმეორებითი ამოფრქვევები ახასიათებს, დიდი მასის შემთხვევაში კი Ia ტიპის სუპერნოვას ვიღებთ, ანუ ის ფეთქდება და საბოლოოდ ნადგურდება.
ამ დროს კომპანიონი ვარსკვლავი "იტყორცნება" და ადრინდელზე უფრო სწრაფად მოძრაობს, რაც J1249+36-ის მახასიათებლებს შეესაბამება. ამის მიუხედავად, თეთრი ჯუჯა უკვე გამქრალია და მისი აფეთქების (რომელიც რამდენიმე მილიონი წლის წინ უნდა მომხდარიყო) კვალიც არსად შეიმჩნევა, ამიტომ მტკიცებულება არ მოგვეპოვება.
მეორე სცენარის მიხედვით, შესაძლოა, რამდენიმე ობიექტის გრავიტაციულ ურთიერთქმედებასთან გვქონდეს საქმე, რამაც ერთ-ერთი მათგანის არასტაბილურობა გამოიწვია.
მსგავსი რამ მოსალოდნელია ვარსკვლავთა სფერულ შეჯგუფებებში, რომლებშიც შავი ხვრელების შემცველი წყვილების რაოდენობა ჩვეულებრივზე მეტია. თუ მათ მნათობიც შეუერთდება, არაა გამორიცხული, ამ სამეულის ქაოსურმა დინამიკამ ის სისტემიდან განდევნოს. პრობლემა ისაა, რომ J1249+36-ის წარსული ტრაექტორიის გამოკვლევამ სპეციალისტები ჯერჯერობით კონკრეტულ შეჯგუფებამდე ვერ მიიყვანა.
ბოლო მოსაზრების თანახმად, შესაძლოა, ეს ვარსკვლავი არა ირმის ნახტომს, არამედ მის ერთ-ერთ თანამგზავრ გალაქტიკას ეკუთვნოდეს. ასეთი ჰიპერჩქარი ობიექტების გარეგალაქტიკურ წარმომავლობას მეცნიერებმა 2017 წელს კვლევაც მიუძღვნეს და გამოთვლები J1249+36-ის მსგავს პოტენციურ საწყისებსაც არ გამორიცხავს.
იმის გასარკვევად, თუ რომელია ამ სამი სცენარიდან რეალური, ვარსკვლავის შედგენილობის დეტალურად შესწავლაა საჭირო. ერთი მხრივ, სუპერნოვა მასში გარკვეულ კვალს დატოვებდა. მეორე მხრივ, სფერულ შეჯგუფებებში შემავალ მნათობებს ერთნაირი ქიმიური პროფილი აქვს, რაც კონკრეტულ პოპულაციაში მისი მიკუთვნებულობის გარკვევაში დაგვეხმარება. თუ ეს ორივე ვარიანტი გამოირიცხა, მაშინ ირმის ნახტომის თანამგზავრი გალაქტიკები უნდა განვიხილოთ.
კომენტარები