კვლევით დადასტურდა, რომ დედამიწის შიდა ბირთვის ბრუნვა ნელდება
რა ხდება დედამიწის ცენტრში და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ჩვენზე?
ახალი კვლევის თანახმად, დედამიწის შიდა ბირთვის ბრუნვა ნამდვილად შენელდა. ამის მტკიცებულებები აქამდეც არსებობდა, თუმცა ახალი ნაშრომი უფრო დამაჯერებელ დასკვნას გვთავაზობს.
კვლევა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (USC) მკვლევრებმა ჩაატარეს. ავტორები ფიქრობენ, რომ ბირთვის ბრუნვის ცვლილებამ შეიძლება დღეების ხანგრძლივობაზე იმოქმედოს. ასეც რომ იყოს, საუბარია ძალიან მცირე ცვლილებაზე, რომელიც ჩვენთვის თვალსაჩინო ვერ იქნება.
ასევე იხილეთ: როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
"მრავალი ათწლეულის განმავლობაში შიდა ბირთვი პირველად შენელდა. ახლახან სხვა მეცნიერებიც ამტკიცებდნენ მსგავსსა და განსხვავებულ მოდელებს, თუმცა ჩვენი უახლესი კვლევა ყველაზე დამაჯერებელ დასკვნას გვთავაზობს", — აცხადებს ჯონ ვიდალი, USC-ის მკვლევარი.
შიდა ბირთვი რკინისა და ნიკელის ზეცხელი, ზემკვრივი ბურთია. მიჩნეულია, რომ იგი მთვარის დაახლოებით 2/3 ზომისაა. შიდა ბირთვი დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 4 800 კილომეტრით ქვემოთაა. მისი შესწავლა საკმაოდ რთულია, თუმცა პლანეტის ისტორიაზე ამით ბევრი რამის გაგება შეიძლება.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 121 განმეორებადი მიწისძვრის ინტერპრეტაციები შეისწავლეს. მიწისძვრები 1991-2023 წლებში მოხდა სამხრეთ ატლანტის ოკეანეში, სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებთან. მკვლევრებმა მონაცემები რამდენიმე ბირთვული ტესტიდანაც მოიპოვეს. თითოეულმა მოვლენამ პლანეტაში მასშტაბური ვიბრაციები გამოიწვია.
შიდა ბირთვის მდებარეობისა და მოძრაობის შესაფასებლად მეცნიერები ამ ტალღების სიჩქარესა და მათ ურთიერთქმედებას დააკვირდნენ. როგორც ჩანს, შიდა ბირთვმა ზედაპირთან შედარებით უკუსვლა 2010 წლიდან დაიწყო. შესაძლოა, ეს თხევადი რკინისაგან შემდგარი გარე ბირთვის მუდმივ მოძრაობას გამოეწვია, რომელიც დედამიწის მაგნიტურ ველს ქმნის; მიზეზი შეიძლება იყოს გრავიტაციული ძალების ზემოქმედებაც.
ასევე იხილეთ: მკვლევართა ვარაუდით, დედამიწის შიდა ბირთვი გაჩერდა და ბრუნვის მიმართულება შეიცვალა
ჯერჯერობით რთული სათქმელია, რას ნიშნავს ჩვენთვის ეს. შიდა ბირთვისთვის სიჩქარისა და მიმართულების ცვლილებები თუ რხევები იშვიათი ნამდვილად არაა. შესაბამისად, არ გვაქვს საფუძველი იმის საფიქრად, რომ ეს რამე კუთხით მაინც აისახება ჩვენზე. შესაძლებელია დღისა და ღამის ხანგრძლივობის მცირედი, წამის მეათასედების მასშტაბის, ცვლილება, რომელსაც ვერც კი შევამჩნევთ.
დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ კვლევა დედამიწის სიღრმეების კვლევაში გვეხმარება. პლანეტის შიდა ბირთვის ბრუნვის კვლევას მეცნიერები აქტიურად განაგრძობენ.
ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები