ნახეთ: ევროპულმა ზონდმა მარსის ბუნებრივი თანამგზავრის იშვიათი სურათები გადაიღო

ფოტო: ESA
გასული წლის ოქტომბერში ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ზონდი HERA ასტეროიდ დიმორფოსისკენ გაგზავნა. მან ის ცვლილებები უნდა შეისწავლოს, რომლებიც ამ ობიექტთან NASA-ს აპარატის მიზანმიმართულმა შეჯახებამ გამოიწვია.
HERA-ს ამ ასტეროიდამდე 11 მილიონი კილომეტრი აქვს გასავლელი, ამიტომ იქამდე მხოლოდ 2026 წელს მიაღწევს. მანამდე გზად ზონდმა მარსთან ახლოს ჩაიარა და პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრ დეიმოსს ფოტოები გადაუღო. წითელ პლანეტასთან მიახლოებით მან გრავიტაციული ბიძგი გამოიყენა, რომლის დახმარებითაც ტრაექტორია გამართა და საწვავის მარაგიც დაზოგა.
ნახევარი საათის განმავლობაში HERA მარსის ზედაპირიდან 5 600 კილომეტრის მოშორებით მოძრაობდა, რა დროსაც მისი სიჩქარე 33 480 კმ/სთ იყო. ამ დროში მან რამდენიმე სამეცნიერო ინსტრუმენტი გამოცადა და 600-მდე კადრი აღბეჭდა. მათ შორისაა დეიმოსის იშვიათი სურათებიც.
დეიმოსი 12.5-კილომეტრიანი ობიექტია. მასთან ერთად მარსის გარშემო მხოლოდ ერთი ბუნებრივი თანამგზავრი გადაადგილდება, რომელსაც ფობოსი ეწოდება და დეიმოსზე ოდნავ დიდია. მათი წარმოშობის შესახებ აზრები გაყოფილია. ერთი ჰიპოთეზით, ისინი წითელი პლანეტის გრავიტაციის მიერ მიზიდული ასტეროიდებია, მეორის თანახმად კი ეს ობიექტები შეჯახების შედეგად წარმოიქმნა.
შესაძლოა, HERA-ს თერმულ-ინფრაწითელმა სურათებმა ამ საკითხისა და დეიმოსის შედგენილობის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს. აღნიშნული სპექტრის გამო ჩანს მარსი ამ კადრებში მისთვის უჩვეულო შეფერილობით.
ახლა ზონდი დიმორფოსისკენ განაგრძობს მოძრაობას. პლანეტური თავდაცვის სადემონსტრაციო მისია DART-მა მას ორბიტული პერიოდი 33 წუთით შეუმოკლა. HERA-მ სწორედ ეს ეფექტი უნდა შეისწავლოს და იმის დადგენაში დაგვეხმაროს, რამდენად შედეგიანია ჩვენი ამჟამინდელი თავდაცვითი ტექნოლოგიები ასტეროიდთან შეჯახების ასაცილებლად. აღსანიშნავია, რომ თავად დიმორფოსი დედამიწას საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ სხვა ასტეროიდებთან დაკავშირებული პოტენციური რისკისთვის მზად უნდა ვიყოთ.
კომენტარები