როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
კლიმატის ცვლილების გამო დედამიწაზე ყინულის საფარი საგანგაშო სისწრაფით დნება, რამაც შესაძლოა, დღის ხანგრძლივობაზეც იქონიოს გავლენა და დროის საათობრივ მაჩვენებელზე აისახოს.
მსოფლიო კოორდინირებული დრო დაახლოებით 450 უზუსტესი ატომური საათით დგინდება. უფრო ტრადიციული მეთოდი კი ჩვენი პლანეტის ბრუნვას ემყარება, რომელიც ცვალებადია. ამ ორი მეთოდის შესაბამისობაში მოსაყვანად 1972 წლიდან ე.წ. დროის სტანდარტში 27 დამატებითი წამი შემოიღეს.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე ყინულის დნობა დედამიწის ბრუნვის სიჩქარესა და, თავის მხრივ, დღის ხანგრძლივობაზე აისახება. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ძალიან მცირეა, ადამიანისთვის შეუმჩნეველი, თუმცა მსოფლიო კოორდინირებული დროის ათვლის მხრივ მაინც უმნიშვნელოვანესია. ამან განაპირობა ის, რომ 1 დამატებითი წამი უნდა გაუქმდეს, მაგრამ ზემოხსენებული პროცესების გამო, სავარაუდოდ, ეს იმაზე 3 წლით გვიან მოხდება, ვიდრე იგეგმებოდა — 2026-ის ნაცვლად 2029 წელს.
ზუსტი დრო კომპიუტერებისთვისა და ფინანსური ბაზრის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, მაგრამ ასეთი ცვლილება აქამდე არ შეუტანიათ. შესაბამისად, არ ვიცით, რა პრობლემები შეიძლება წარმოშვას დამატებითი წამის გაუქმებამ. სამაგიეროდ, მეცნიერებს 2029 წლამდე აქვთ დრო, რათა უკეთ გამოთვალონ დედამიწის ბრუნვის სიჩქარე და დამატებითი წამის გაუქმების საჭიროებაში დარწმუნდნენ.
მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენი პლანეტის ბრუნვის ცვლილება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში 3 გეოფიზიკურ პროცესზე ზემოქმედებს. ერთ-ერთი მათგანი დედამიწის რკინის ბირთვის, მანტიისა და ქერქის ურთიერთქმედებას გულისხმობს — თუ ბირთვის ბრუნვა ნელდება, ამის დასაბალანსებლად გარე შრეები უნდა აჩქარდეს. შედეგად, წარსულში დედამიწის ბრუნვის პერიოდი წელიწადში წამის 6 მემილიონედით იზრდებოდა.
ახალი კვლევის ფარგლებში დაადგინეს, რომ ყინულის დნობამ პლანეტაზე მასის სხვაგვარად გადანაწილება განაპირობა. ამის გამო გარე შრეების იმპულსის მომენტი საგრძნობლად შემცირდა. პარალელურად მცირდება თავად ბირთვის იმპულსის მომენტიც, რაც დედამიწის ბრუნვის შენელებას იწვევს, ეს კი ზემოხსენებული პროცესებით განპირობებულ აჩქარებას ეწინააღმდეგება.
სწორედ ამიტომ არ შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი წამის გაუქმება 2026 წლისთვის. ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები