ულტრა დამუშავებული საკვების მიღება ქრონიკულ უძილობასთან დააკავშირეს
ცნობილია, რომ ულტრა დამუშავებული საკვები (UPF) ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამას ახალი კვლევაც ადასტურებს, რომლის ფარგლებშიც ასეთი პროდუქტების ჭამა ქრონიკულ უძილობასთან, იგივე ინსომნიასთან, დააკავშირეს.
UPF-ის კატეგორიაშია ყველა ის საკვები, რომელიც დიდხანს შენახვის, მასობრივი წარმოების ან გემოს გაუმჯობესების მიზნით ძალიანაა მოდიფიცირებული. მათგან განსხვავებით, ხილსა და ბოსტნეულს პირვანდელი სახითვე ვიღებთ. იმის გასაგებად, თუ როგორი გავლენა აქვს ასეთ საჭმელს ადამიანის ორგანიზმზე, მეცნიერებმა 38 570 ზრდასრულის რაციონი და ძილის რეჟიმი შეისწავლეს.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სტატისტიკურად, რაც უფრო მეტ UPF-ს იღებდა ადამიანი, მით უფრო მეტად იზრდებოდა ქრონიკული უძილობის რისკი. მათ ცხოვრების სტილთან, დიეტის ხარისხთან და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე სოციო-დემოგრაფიული ფაქტორებიც გაითვალისწინეს.
საერთო ჯამში, აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილეების ყოველდღიური რაციონის 16%-ს სწორედ ულტრა დამუშავებული საკვები შეადგენდა. ქრონიკული ინსომნიის სიმპტომები მათ 19.4%-ს აწუხებდა და ისინი გაცილებით მეტ UPF-ს მოიხმარდნენ. საინტერესოა, რომ ასეთი ასოციაცია კაცებში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ქალებში.
ავტორები ამბობენ, რომ მათი კვლევა თავად მონაწილეთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა და ხანგრძლივ პერიოდს არ მოიცავს. ამის მიუხედავად, მიაჩნიათ, რომ ეს შედეგები საყურადღებოა და სამომავლოდ უფრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველს იძლევა.
ჯერჯერობით უცნობია, რატომ შეიძლება არსებობდეს ინსომნიასა და ულტრა დამუშავებული საკვების მიღებას შორის ასეთი კავშირი. არაა გამორიცხული, ეპიდემიოლოგიური, კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევებით ამას პასუხი გავცეთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Journal of the Academy of Nutrition and Dietetics გამოქვეყნდა.
კომენტარები