ამ მოვლენის ფაქტობრივი სიზუსტე დაუდგენელია. მიუხედავად დოკუმენტის ოფიციალური წარმომავლობისა, მასში წარმოდგენილი ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით არ არის დამოწმებული და არც სამეცნიერო მეთოდებითაა გადამოწმებული. შესაბამისად, სტატიაში აღწერილი ამბავი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც დადასტურებული ისტორიული ფაქტი.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი ანგარიში ბოლო პერიოდში ამოუცნობი მფრინავი ობიექტებით (UFO) დაინტერესებული საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა. დოკუმენტი ეხება ამბავს, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, უცხოპლანეტელები საბჭოთა ჯარისკაცებს უკრაინაში წვრთნის დროს თავს დაესხნენ.

ანგარიში CIA-მ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. მათ ხელში ჩაუვარდათ 250-გვერდიანი მასალა, რომელიც თავდაპირველად კგბ-ს (სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) ეკუთვნოდა. ინფორმაცია საჯაროდ პირველად 2000 წელს გავრცელდა. ეს ამბავი ისევ აქტუალური 2020 წელს გახდა, როცა აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ამოუცნობი ანომალიური ფენომენების გამოსაკვლევად სპეციალური ჯგუფი შექმნა.

ანგარიშში წერია, რომ უკრაინაში წვრთნის დროს საბჭოთა ჯარისკაცებმა დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თეფშის ფორმის ობიექტი შენიშნეს და მას საზენიტო რაკეტა ესროლეს. შედეგად ის ჩამოვარდა და იქიდან დაბალი ტანის, დიდი თავისა და შავი თვალების მქონე 5 ჰუმანოიდი არსება გამოვიდა.

დოკუმენტის მიხედვით ისინი ერთმანეთს შეერწყნენ და სფერული ფორმის ობიექტი წარმოქმნეს. შემდეგ ეს სფერო ნელ-ნელა ზომაში გაიზარდა და აფეთქდა, რა დროსაც ძლიერად კაშკაშებდა. ამ დროს 23 ჯარისკაცი, თითქოსდა, ქვის სვეტად გადაიქცა და მხოლოდ მოფარებულ ადგილას მყოფი 2 ადამიანი გადარჩა

CIA-ს ანგარიშში ასევე წერია, რომ ინციდენტის შემდეგ ეს ქვადქცეული ჯარისკაცები და ჩამოვარდნილი ხომალდის ნარჩენები მოსკოვთან ახლოს არსებულ საიდუმლო ზონაში გადაიტანეს. შემდგომი ანალიზის შედეგად კი, დოკუმენტის თანახმად, დადგინდა, რომ ჯარისკაცების ქსოვილები კირქვის მსგავს მატერიად იყო გარდაქმნილი.

ანგარიშის დასასრულს აღნიშნულია: "თუ კგბ-ს ეს დოსიე რეალობას ასახავს, საქმე ძალზე შემაშფოთებელ შემთხვევასთან გვაქვს. ეს არსებები ფლობენ ისეთ ტექნოლოგიებსა და იარაღს, რომლებიც ჩვენს წარმოდგენებს სცილდება და მათ თავის დაცვაც შეუძლიათ".

შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი დაფუძნებულია მხოლოდ ერთ-ერთ გასაჯაროებულ ანგარიშზე, რომლის დეტალებიც — როგორიცაა დრო, ზუსტი ადგილი ან დამატებითი მტკიცებულებები — დადასტურებული არაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.