კიდევ ერთი ნაბიჯი მარსისკენ — რაკეტა Starship სატესტოდ უკვე მეოთხედ გაუშვეს
6 ივნისს, თბილისის დროით 16:50 საათზე, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა სატესტო მისიის ფარგლებში რაკეტა Starship უკვე მეოთხედ გაუშვა.
დაახლოებით 120-მეტრიანი აპარატი სამხრეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომ Starbase-იდან აფრინდა, როგორც წინა შემთხვევაში.
რაკეტა ორი საფეხურისგან შედგება, საიდანაც პირველი Super Heavy-ა, რომელიც Raptor-ის ტიპის 33 ძრავითაა აღჭურვილი. მეორე თავად Starship-ია და მასში 6 ძრავაა. დღევანდელი მისიის მიზანი აპარატის უკან უსაფრთხოდ დაბრუნება და მრავალჯერადი გამოყენების პოტენციალის დემონსტრირებაა.
რაკეტამ ორბიტულ სიჩქარეს მიაღწია. მისი საფეხურები ერთმანეთს წარმატებით გამოეყო, რის შემდეგაც Super Heavy გაშვებიდან 7 წუთსა და 23 წამში მექსიკის ყურეში დაეშვა, რისი ამსახველი კადრებიც ამ ვიდეოშია წარმოდგენილი:
ფრენის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ერთი ძრავა არ ამოქმედდა, მაგრამ ამას პრობლემა არ შეუქმნია. მას შემდეგ, რაც Super Heavy უკან დაბრუნდა, Starship-ის მეორე საფეხურმა დედამიწის გარშემო მოძრაობა განაგრძო და აფრენიდან 1 საათზე მეტ დროში ინდოეთის ოკეანეში დაეშვა! ეს მიღწევა SpaceX-მა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტით დაადასტურა.
რაც შეეხება წინა მისიებს, რაკეტის დებიუტი 2023 წლის 20 აპრილს შედგა. მაშინ ის ატმოსფეროში დაუბრკოლებლად აიჭრა, თუმცა, სანამ ორბიტამდე მიაღწევდა, აფეთქდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მისია მაინც წარმატებულად მიიჩნია, რადგან თავად ილონ მასკი მსგავსი სცენარისთვის მზად იყო.
მეორე ფრენისას, გაშვებიდან რამდენიმე წუთში, Starship-ის ამაჩქარებელი აფეთქდა. ის ოკეანეში უნდა დაშვებულიყო. მეორე საფეხურმა გზა განაგრძო, თუმცა მისგან მონაცემების მიღება ვეღარ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ეს წინა მცდელობაზე უკეთესი აღმოჩნდა, რადგან აპარატი უფრო შორს აიჭრა და საფეხურები ერთმანეთს გამოეყო.
მესამე მისია კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა, რადგან Starship-მა სასურველ ორბიტულ სიჩქარეს პირველად მიაღწია. უსაფრთხოდ განხორციელდა განცალკევებაც. რაკეტის ამაჩქარებლის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდა, რადგან ის მანამ განადგურდა, სანამ ოკეანის მიმდებარედ დაეშვებოდა.
ამ რაკეტაზე დიდ იმედებს ამყარებენ, რადგან მის მრავალჯერად გამოყენებას პლანეტათაშორის მოგზაურობაში აპირებენ. გეგმის მიხედვით, Starship-ის სამომავლო კოსმოსურ ვოიაჟში პირველი გაჩერება მთვარე იქნება. უფრო ზუსტად, მისი დახმარებით მისია Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება.
მომდევნო გაჩერება წითელი პლანეტაა, სადაც მასკს Starship-ის დახმარებით კოლონიის დაარსება სურს. ამისთვის იქ ტვირთის, მათ შორის ბაზების ასაშენებლად საჭირო მასალებისა და, რაც მთავარია, ადამიანების ტრანსპორტირებას სწორედ ეს აპარატი ითავებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია SpaceX-მა Starship-ზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში მის დახვეწას ცდილობდა. აქამდე ხომალდის პროტოტიპებს მცირე დისტანციაზე უშვებდნენ, სულ რამდენიმე მეტრ სიმაღლეზე, მანძილის ზრდის პარალელურად კი აფეთქებები იმატებდა. საბოლოოდ, 2021 წელს რაკეტა აფეთქების გარეშე დაეშვა, რაც ამდენი მცდელობის შემდეგ პირველად მოხდა. იქიდან მოყოლებული, კომპანია უკვე Super Heavy-ზე გადაერთო.
კომენტარები