საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
Google Maps უცხო (ან ნაცნობ...) ადგილებში გზის გაგნებაში არაერთხელ დაგვხმარებია. იგი იმის შესამოწმებლადაც გამოდგება, თუ რამდენად გადატვირთულია მოძრაობა ან საერთოდაც გადაკეტილი ხომ არ არის გზა.
განსხვავებით რუკაზე დატანილი ადგილებისა, ეს პირობები საკმაოდ სწრაფად იცვლება. იმისათვის, რომ Google Maps-მა ტრაფიკზე, ანუ ტრანსპორტის მოძრაობაზე, მოგვცეს ინფორმაცია, იგი რეალურ დროში უნდა აკვირდებოდეს მას.
How-To Geek-ის მიხედვით, ამის გასაკეთებლად სერვისი მგზავრების მონაცემებს იყენებს, ბევრ ინფორმაციას კი თავადვე გავცემთ, როცა Google Maps-ს ადგილმდებარეობაზე ვაძლევთ წვდომას (თუ სერვისს ამ მონაცემებს არ მივაწვდით, ნავიგაციის გამოყენება შეუძლებელი იქნება). გამოდის, სერვისი პირდაპირ რეჟიმში იგებს, თუ სად ვართ და რა სიჩქარით ვმოძრაობთ.
გარდა ამისა, ტრაფიკის შესაფასებლად Google Maps ძველ მონაცემებსაც იყენებს. იგი კანონზომიერებებს აკვირდება და აანალიზებს, თუ საშუალოდ რა დროა საჭირო, რომ გზის კონკრეტული მონაკვეთი გავიაროთ სხვადასხვა დროსა თუ კვირის დღეებში.
დღესდღეობით Google Maps-ს იმდენი ადამიანი იყენებს, რომ ტრაფიკის შესაფასებლად ბევრი მომხმარებლის მონაცემები სულაც არაა საჭირო. მაგალითად, რუკისთვის გადატვირთული მოძრაობის მანიშნებელია, თუ ერთი მგზავრი 25 კმ/სთ სიჩქარით გადის ისეთ გზას, რომელზეც 65 კმ/სთ-ია სიჩქარის ლიმიტი.
გამოდის, ტრაფიკზე ინფორმაციას Google Maps მომხმარებლებისგან იღებს, თუმცა საჭირო სულაც არაა, რომ სერვისს ყველა მგზავრი იყენებდეს. ინფორმაციულობისთვის ძველი მონაცემები და რეალურ დროში რამდენიმე მგზავრის გადაადგილების ინფორმაციაც საკმარისია.
ცნობისთვის, 2000-იანი წლების ბოლომდე Google მონაცემებს ტრაფიკის სენსორებისა და კამერების მეშვეობით აგროვებდა. ამ მოწყობილობებს სპეციალური სატრანსპორტო უწყებები თუ კომპანიები ათავსებენ გზებზე, მიღებულ მონაცემებს კი სხვადასხვა მიზნით იყენებენ. Google Maps ტრაფიკის ინფორმაციას ასე აღარ იღებს.
თუკი არ გინდათ, რომ Google Maps-მა თქვენი ადგილმდებარეობა იცოდეს, შეგიძლიათ, პარამეტრებიდან ლოკაციაზე წვდომა გამორთოთ. თავისთავად, ასე სერვისი ნაკლებად დაგეხმარებათ.
კომენტარები