ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის მიერ პროექტის - „ლგბტ ადამიანთა სამართლებრივი დახმარების“- ფარგლებში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღრიცხვა და მონიტორინგი ვერ ხერხდება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

კერძოდ, 2012 წლამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არც კი არსებობდა მუხლი, რომელიც სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევდა. ახლა კი, როდესაც კოდექსის 142-ე მუხლი ითვალისწინებს ამ დანაშაულს, პროკურატურის ინფორმაციით, 2012-2014 წლებში ამ მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ პოლიციაში შეიქმნას სპეციალური განყოფილება, რომელიც ორიენტირებული იქნება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე.

კვლევაში წარმოდგენილია რამდენიმე ფაქტი, რომლებიც სიძულვილის მოტივითთა ჩადენილი ლგბტ (ლესბი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) პირთა მიმართ.

ახალგაზრდა გეი მამაკაცი უცნობ პირთა ჯგუფმა რამდენჯერმე სცემა და თავშესაფრიდან გაიტაცა (მამრობითი, ჰომოსექსუალი, 23 წლის)

2013 წლის 19 მაისს, თბილისში, დაზარალებულს თავს დაესხა უცნობ პირთა ჯგუფი, რომლებმაც სცემეს. ამ დროს მას ჯიბიდან პირადობის მოწმობა ამოუვარდა, სადაც მისი საცხოვრებელი მისამართი ეწერა. 26 მაისს იგივე პირები სახლთან დაესხნენ თავს. დაზარალებულის თქმით, მიზეზი მისი სექსუალური ორიენტაცია იყო.

პირველი შემთხვევისას დაზარალებულის განცხადებას პოლიციამ ყურადღება არ მიაქცია, მეორეზე კი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო (სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი). აღნიშნული ინციდენტის შემდგომ, დაზარალებულის ოჯახის წევრებმაც გაიგეს მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, რის შემდეგაც მას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გადასვლა მოუწია.

6 აგვისტოს უცნობმა პირებმა თავშესაფრიდან ის ხელახლა გაიტაცეს, ცემის შემდეგ კი ხელშეკრული თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს. გამოძიება კვლავ იმავე მუხლით დაიწყო და ვერც ამჯერად დაადგინეს თავდამსხმელთა ვინაობა.

2013 წლის შემოდგომაზე, უკრაინაში გამგზავრების შემდეგ, მან გაეროს ოფისის დახმარებით ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მიიღო, სადაც დღემდე ცხოვრობს.

გეი მამაკაცი საკუთარ ბინაში სასტიკად მოკლეს (მამრობითი, ჰომოსექსუალი, 46 წლის)

2012 წლის აპრილში, ქუთაისში გეი მამაკაცი სასტიკად მოკლეს თავის ბინაში. ცხედარს სახეზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. მსხვერპლს ასევე აღენიშნებოდა რამდენიმე შემავალი ჭრილობა და იყო გაგუდული. მისმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ ბინის კედელზე გაკეთებული იყო წარწერა „ჰომოსექსუალი“. მკვლელობა გამოიძიეს როგორც ყაჩაღობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ხსენების გარეშე.

ახალგაზრდა ტრანსგენდერი ადამიანი 17 მაისს რუსთაველზე ექვსმა პირმა სცემა (ტრანსგენდერი კაცი, 17 წლის)

2013 წლის 17 მაისს, დაზარალებულს მეტროში ჩასვლისას ერთ-ერთმა გამვლელმა მიაძახა, გეი არისო, რის შემდეგაც მას 6 პირი გამოედევნა და სცემეს. პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან გარშემო ბევრი ხალხი იყო და იფიქრა, ვერ, ან არ იპოვიდნენ. ჭრილობები დედამისმა დაუმუშავა, რომელსაც უთხრა, რომ მეგობარს გამოესარჩლა და დაზიანებები მაშინ მიიღო.

ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა გეი მამაკაცზე (მამრობითი, ჰომოსექსუალი გ.მ.)

2013 წლის 17 ივნისს მსხვერპლს მიუახლოვდა 25-30 წლის მამაკაცი, რომელიც ძალის გამოყენებით ცდილობდა მის სადგურამდე წაყვანას, თან მობილურით უღებდა და ყვიროდა, რომ ის ერთ-ერთი გეი იყო 17 მაისის დემონსტრაციიდან.

მის მიმართ ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი კაფე გალერისთან დაფიქსირდა, როდესაც ის მეგობრებთან ერთად იყო. გამვლელებიდან ერთ-ერთმა მსხვერპლს ფეხსაცმელზე დააფურთხა. დაპირისპირებისას მისი ერთ-ერთი მეგობარი გოგო სცემეს და გაიქცნენ. დაზარალებულებს შორის ორი არასრულწოვანი გოგო იყო. პოლიციამ მათ განუცხადა, რომ დამნაშავეების მოძებნა შეუძლებელი იყო და თუ საჩივარს დაწერდნენ, მთელი ღამის პოლიციაში გათენება მოუწევდათ, სხვა შემთხვევაში კი მალევე გაუშვებდნენ. საბოლოოდ, მათ საჩივარი არ დაუწერიათ.

ტრანსგენდერ ქალს თმა დაუწვეს და სცემეს (ინტერსექსი, ტრანსგენდერი ქალი, 25 წლის)

2013 წლის მაისში, თბილისში, ბუკიას ბაღთან, დაზარალებულს მიაძახეს: „მოდი აქ შე პიდარასტო! ეგ რა პიდარასტული ვარცხნილობაა?!“ დაზარალებულს უყვიროდნენ, უნდა გამოგასწოროთო და შეძახილების ფონზე თმა დაუწვეს, შემდეგ კი სცემეს. დაზარალებულს არ მიუმართავს არც პოლიციისა და არც სახალხო დამცველისთვის.

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა (ტრანსგენდერი ქალი, 23 წლის ს.ბ.)

2014 წლის 11 ნოემბერს ტრანსგენდერი ქალი თბილისში საკუთარ ბინაში სასტიკად მოკლეს. მრავლობითი ჭრილობების მიყენების შემდეგ დაწვეს, მკვლელი კი მიიმალა. პოლიციამ ეჭვმიტანილი მეორე დღესვე დააკავა. ბრალდებულმა განაცხადა რომ ს.ბ.-ს მისი ვალი ჰქონდა, რომლის დაბრუნებაზეც უარს ამბობდა და ამიტომ მივიდა მასთან ბინაში, მკვლელობა იმიტომ ჩაიდინა, რომ თავს იცავდა, ხანძარი კი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია, რომელიც მას დაუვარდა. სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბინაში ხანძრის ორი კერა აღმოაჩინეს. ბრალდებულმა აღიარა, რომ მკვლელობის იარაღი უშუალოდ გარდაცლილთან ბინაში მისვლამდე შეიძინა. სასამართლოს მსვლელობის პროცესში მკვლელობის მოტივი ნათლად არ გამოკვეთილა.

ტრანსგენდერ ქალს მამაკაცი ელექტროშოკით დაესხა თავს (დ.შ, ტრანსგენდერი ქალი, 21 წლის)

2014 წლის 10 ნოემბერს, თბილისში, ტრანსგენდერ ქალს საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. დაზარალებული თავდამსხმელს იცნობდა, ვინაიდან ცოტა ხნით ადრე მას სექს მომსახურებაზე შეუთანხმდა და მისამართიც ამიტომ მისცა.

როდესაც თავდამსხმელი მასთან მივიდა, სრულიად მოულოდნელად ელექტროშოკით თავს დაესხა, შემდეგ კი მის დახრჩობას შეეცადა. მეზობლების გამოჩენის შემდეგ იგი გაიქცა და ისიც თქვა, რომ მეორე ტრანსგენდერთან აპირებდა წასვლას. რამდენიმე საათში ტრანსგენდერი ს.ბ. მოკლეს. 13 ნოემბერს, ორგანიზაციებმა, იდენტობამ და EMC-მ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ამ ორი დანაშაული ჩამდენი ერთი პიროვნება იყო, რაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის არსებობაზე მიუთითებდა.

NED-ის ფინანსური მხარდაჭერით მომზადებულ ანგარიშში, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების გარდა, აღწერილია შემთხვევები, როცა ლგბტ (ლესბი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანები გახდნენ დისკრიმინაციისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები სხვადასხვა გარემოებებში.