საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი უწყების თანამშრომლებმა რუსი მესაზღვრეების მიერ, საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაკავებული მწყემსი საქართველოში დააბრუნეს.

უწყების ინფორმაციით, მწყემსის დაკავების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მათ სხვა მწყემსი დაუკავშირდა და აცნობა 18 ივლისს უკან მხოლოდ ცხვრების ფარა დაბრუნდა.

"შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გაირკვა, რომ იგი, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაღესტნის მხარეს, სასაზღვრო ზოლის დარღვევის გამო დააკავეს. ასევე გაირკვა, რომ ზურაბ ჩახტაურს სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხვრის ძოვების უფლება და სპეციალური საშვი ჰქონდა," - აღნიშნავენ უწყებაში და დასძენენ, რომ 21 ივლისს რუსმა მესაზღვრეებმა ქართველი მწყემსი საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბლოკ-საგუშაგო ვებოს დასაცავ მონაკვეთზე ქართულ მხარეს გადმოსცეს.