საავადმყოფოდან გაწერეს პაციენტი, რომელსაც სამი კვირის წინ ღორის თირკმელი გადაუნერგეს
ღორის თირკმლის გადანერგვის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
გასულ თვეში ბოსტონის მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფოს ქირურგებმა 62 წლის კაცს თირკმელი გენმოდიფიცირებული ღორისგან გადაუნერგეს.
ამის შესახებ ამ სტატიაში მოგიყევით და აი, ახლა როგორც ჩანს, პროცედურამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს.
მიღწევას უდიდესი პოტენციალი აქვს, რამაც ადამიან დონორებზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ერთ დღეს ღორის ორგანოების ტრანსპლანტატები გავრცელებულ პრაქტიკად იქცევა და მისი საშუალებით ასიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდება. ამ მომენტისთვის, მხოლოდ აშშ-ში, თირკმლის გადანერგვის მომლოდინეთა რიგში 93 000 ადამიანია.
კაცს მეორე ტიპის დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევის ისტორია აქვს. ის 7 წლის განმავლობაში დიალიზზე იყო, სანამ 2018 წელს ადამიანისგან თირკმლის ტრანსპლანტატს მიიღებდა. დონორის თირკმლის გადანერგვიდან 5 წელიწადში ორგანომ შეფერხებით დაიწყო მუშაობა და 2023 წელს პაციენტს დიალიზის გაგრძელება მოუწია. ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო და კლინიკაში რეგულარულ ვიზიტებს მოითხოვდა.
ოპერაციამდე ექიმებმა თქვეს, რომ პაციენტს 5-6 წელი მოცდა უწევდა, მას კი ამდენი დრო არ ჰქონდა.
რაც შეეხება თვითონ თირკმელს, ის ბიოტექტონოლოგიური კომპანია eGenesis-მა უზრუნველყო. კომპანია ადამიანისთვის გამოსადეგ ორგანოების გამოყვანაზე ზრუნავს. eGenesis ცნობილ გენის რედაქტირების ტექნოლოგია — CRISPR-ს იყენებს, იმისათვის რომ ღორების გენები შეცვალოს.
”ეს მომენტიც დადგა! დღეს საავადმყოფოდან გამწერს, რაც ნიშნავს, რომ თავს კარგად ვგრძნობ. ეს ის წუთებია, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდი", — თქვა პაციენტმა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ.
შედეგებით თავად პაციენტის ექიმებიც კმაყოფილები არიან. მათი თქმით, ეს ისტორიული მომენტია.
შეგახსენებთ, რომ მასაჩუსეტსში ღორის თირკმლის ტრანსპლანტატის გადანერგვა ცოცხალ ადამიანზე მსგავსი პროცედურის ჩატარების პირველი შემთხვევაა. ოპერაცია 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
თუმცა, ამით ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ პაციენტის სხეულის იმუნური სისტემა უარყოფს ახალ თირკმელს. ჩვენ ასევე არ ვიცით, იმუშავებს თუ არა იგივე პროცედურა სხვა პაციენტებზე.
აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დასრულებიდან მერვე დღეს, პაციენტის ორგანიზმი თირკმელს არ იღებდა, მაგრამ მაშინ ექიმები ამ პრობლემას სტეროიდების გამოყენებით გაუმკლავდნენ.
ახლა პაციენტი თავს ბევრად კარგად გრძნობს და გაუარესების რისკებიც შემცირებულია, მაგრამ მას ექიმები კვლავ ყურადღებით დააკვირდებიან.
კომენტარები