მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად დემენციის დიაგნოზს 10 მილიონ ადამიანს უსვამენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ალცჰაიმერის დაავადება 1 მილიონ პაციენტს აქვს, პროგნოზების თანახმად კი ეს რაოდენობა 2050 წლისთვის 600 000-ით გაიზრდება.

ალცჰაიმერი დემენციის გამომწვევი უპირველესი მიზეზია, რომელიც კოგნიტიური და მახსოვრობის უნარების დაქვეითებას განაპირობებს. ეს ნეიროდეგენერაციული პროცესი პროგრესირებადია, ანუ დროის გასვლასთან ერთად მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. შესაბამისად, დაავადების დროულად გამოვლენა და ადრეული მკურნალობა მნიშვნელოვანია.

ამისთვის ალცჰაიმერის პირველ ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რაც მეტყველებაზე დაკვირვებით შეგვიძლია. მასთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ ამ დაავადების რისკზე მიუთითებს, მაგრამ როგორია ეს ადრეული ინდიკატორები?

1. პაუზა, ყოყმანი და გაურკვევლობა

ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომი კონკრეტული სიტყვების გახსენების სირთულეა, რაც ხშირად ხანგრძლივ პაუზებსა და ყოყმანში გამოიხატება.

როდესაც ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანს რაიმე სიტყვის გახსენება უჭირს, მან შეიძლება უფრო ზოგადი ტერმინები გამოიყენოს. ასეთ დროს კონკრეტული ობიექტის ან მოვლენის დასახელების ნაცვლად, მას "რაღაცად" მოიხსენიებენ ან უბრალოდ აღწერაზე გადადიან.

მაგალითად, თუ ვინმეს სიტყვა "ძაღლი" არ ახსენდება, შესაძლოა თქვას: "ხალხს შინაურ ცხოველად ჰყავს... ყეფს... ბავშვობაში მეც მყავდა ასეთი".

ფოტო: Getty

2. სიტყვების არასწორად გამოყენება

ალცჰაიმერის კიდევ ერთ-ერთი ადრეული ნიშანი სწორი სიტყვის გახსენების გაძნელებაა. ამის შედეგად ადამიანები მას ხშირად შინაარსობრივად მსგავსი სიტყვით ცვლიან.

მაგალითად, სიტყვა "ძაღლის" ნაცვლად შეიძლება "კატა" თქვან, რადგან ორივე ჩვენი ოთხფეხა მეგობარია. ამის მიუხედავად, გასათვალისწინებელია, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე ეს უფრო ზოგადი ტერმინებით გამოიხატება, კერძოდ — შესაძლოა, ვერ გაიხსენონ "დათვი" და უბრალოდ "ცხოველი" გამოიყენონ.

3. საქმეზე ლაპარაკი, მისი შესრულების ნაცვლად

ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებს საქმეების შესრულება ხშირად უჭირთ.

იმის ნაცვლად, რომ საქმეს გაართვან თავი, ისინი მის მიმართ თავიანთ დამოკიდებულებაზე საუბრობენ, ეჭვებს გამოთქვამენ ან იხსენებენ, რომ ოდესღაც ამის კეთება კარგად გამოსდიოდათ. მაგალითად, შესაძლოა თქვან: "არ ვიცი, ამას რამდენად შევძლებ" ან "აქამდე კარგად გამომდიოდა".

4. მწირი ლექსიკა

ფოტო: Getty

ალცჰაიმერის ერთ-ერთი, მაგრამ ძნელად შესამჩნევი ნიშანი უფრო მარტივი და შეზღუდული ლექსიკაა.

დაავადებულები ყოველდღიურ მეტყველებაში ხშირად ერთსა და იმავე სიტყვებს იყენებენ და ტერმინების მდიდარი მარაგით არ გამოირჩევიან. მაგალითად, ალცჰაიმერის მქონე ადამიანები ერთნაირ ზმნას, არსებით ან ზედსართავ სახელს შეიძლება იმეორებდნენ. ასევე, ისინი წინადადებების დასაკავშირებლად ხშირად წარმოთქვამენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა "და", "მაგრამ" და ა.შ.

5. სწორი სიტყვების პოვნის გაძნელება

შესაძლოა, ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანს ისეთი სიტყვების, საგნების ან ობიექტების დასახელება გაუჭირდეს, რომლებიც ერთ კატეგორიაში შედის. სწორედ ამას ამოწმებს ერთ-ერთი კოგნიტიური ტესტი, რომელიც დაავადების გამოსავლენად გამოიყენება.

მაგალითად, ალცჰაიმერზე მიანიშნებს, როცა კონკრეტული ჯგუფის სხვადასხვა შემადგენელს სათანადოდ ვერ იხსენებენ. ასეთია საკვები პროდუქტები, სხეულის ნაწილები ან სიტყვები, რომლებიც ერთი და იმავე ასოთი იწყება. დაავადების პროგრესირების პარალელურად ეს უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება.

ალცჰაიმერის ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი ასაკია, რადგან 65 წლის შემდეგ მისი განვითარების ალბათობა ყოველ ხუთ წელიწადში ორმაგდება. ალცჰაიმერის მქონეთა დაახლოებით 5%-ს დაავადება 65 წლამდე უვლინდება.

რა თქმა უნდა, ზოგჯერ სიტყვების დავიწყება ნორმალურია, მაგრამ თუ ეს პრობლემა გახშირდა და თანდათან მძიმდება, შეიძლება ალცჰაიმერის ადრეული ნიშანი იყოს. დროული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვს, მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.