15 წელია, რაც ჩილეში მდებარე ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპი ღამის ცას იკვლევს. ახლახან მეცნიერებმა მისი საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნეს: სამყაროს პირველადი სინათლის, კოსმოსური მიკროტალღური ფონის, დეტალური რუკა. მასზე წყალბადისა და ჰელიუმის მოძრავ ღრუბლებს ვხედავთ.

ეს კოსმოსის იმდროინდელი რადიაციული კვალია, როცა დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 380 000 წელი იყო გასული. ფაქტობრივად, ასე სამყაროს განვითარების ადრეულ წლებში ვიხედებით, თანაც ეს გამოსახულება უპრეცედენტოდ მკაფიოა და აირის ღრუბლების სიმკვრივეს დეტალურად ავლენს.

ახალი რუკის მცირე ნაწილი, რომელზეც პოლარიზაციის შედეგად გამოვლენილი პირველადი აირის მოძრაობაა ნაჩვენები.

ფოტო: ACT Collaboration

ატაკამის კოსმოლოგიურმა ტელესკოპმა რამდენიმე მილიმეტრი ზომის რადიაციული ტალღები 2007-22 წლებში გაზომა. შედეგად, ამ სურათზე აღბეჭდილია, რომელ არეალებშია კოსმოსური მიკროტალღური ფონის განსხვავებული პოლარიზაცია, ანუ ვიბრაციის მიმართულების ცვლილება.

ეს ცხადყოფს, რომ აირები ჯერ მაღალი სიმკვრივის რეგიონების გარშემო (ნარინჯისფერი არეალები) ირიბად გადაადგილდება, შემდეგ კი გრავიტაციის გავლენით მათში ჩაედინება (ლურჯი არეალები).

მეცნიერებმა უკანასკნელი მონაცემები სტანდარტულ კოსმოლოგიურ თეორიაზე გამოცადეს, რომელსაც ლამბდას ცივი ბნელი მატერიის მოდელის სახელით ვიცნობთ. აღმოჩნდა, რომ ისინი საკმაო შესაბამისობაშია.

ობსერვატორიის მიგნებებს თავიანთი ანალიზისთვის სხვა ასტრონომებიც გამოიყენებენ. იმედოვნებენ, რომ ეს ინფორმაცია ადრეული კოსმოსის უჩვეულო ფიზიკური პროცესების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

ახალი ნაშრომები არარეფერირებად პლატფორმა arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.