2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
NASA გეგმავს, რომ ადამიანები მთვარეზე დააბრუნოს, რაც მისია Artemis 3-ის ფარგლებში, 2026 წლისთვისაა, ჩანიშნული. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ახლახან შეარჩია 3 სამეცნიერო ექსპერიმენტი, რომლებიც სწორედ ამ მისიის განმავლობაში განხორციელდება.
ერთ-ერთი მათგანი LEAF-ის სახელითაა ცნობილი და იმის შესწავლას გულისხმობს, თუ როგორ შეძლებს არსებობას მცენარეები მთვარისთვის დამახასიათებელ პირობებში. კერძოდ, მეცნიერები დააკვირდებიან, როგორ წარიმართება მათში ფოტოსინთეზი და ზრდა, ან როგორი იქნება სტრესის მიმართ საპასუხო რეაქცია ასეთ რადიაციულ და ნაკლები გრავიტაციის მქონე გარემოში.
სპეციალისტები ამბობენ, რომ შედეგად მოპოვებული მონაცემები დაგვეხმარება განვსაზღვროთ, როგორაა შესაძლებელი ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე მცენარეების გაზრდა. პოტენციურად, მათ ასტრონავტები საკვების წყაროდ გამოიყენებენ, ამიტომ ამის გაგება მნიშვნელოვანია. უნდა ითქვას, რომ ეს მთვარეზე გაგზავნილი პირველი მცენარეები არ იქნება, რადგან 2019 წელს ჩინეთმა მისია Chang'e 4-ის ფარგლებში იქ ბამბა გაგზავნა.
რაც შეეხება Artemis 3-ის დანარჩენ ორ ექსპერიმენტს, ესენია მთვარის გარემოზე დასაკვირვებელი სადგური (LEMS) და მთვარის დიელექტრიკული ანალიზატორი (LDA).
პირველი მათგანი ავტონომიურ სეისმომეტრებს აერთიანებს, რომელთა მეშვეობითაც დედამიწის ერთადერთ თანამგზავრზე სეისმურ ბიძგებს 2 წლის განმავლობაში დავაკვირდებით. ასევე, ის მთვარის მანტიისა და ქერქის რეგიონული სტრუქტურის მახასიათებლებს გამოავლენს, რაც მისი ფორმირებისა და ევოლუციის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას.
LDA-ის მთავარი საკვლევი სამიზნე მთვარის რეგოლიტი იქნება, ანუ მის ზედაპირზე არსებული გრუნტის ფენა. კერძოდ, ის შეეცდება დაადგინოს, რამდენად შეუძლია ამ მატერიას ელექტრული ველის წარმოქმნა. დამატებით, ის ციური სხეულის ზედაპირქვეშა სტრუქტურას გაანალიზებს, მთვარის მიმართ მზის სხვადასხვა განლაგებით გამოწვეულ დიელექტრიკულ ცვლილებებს დააკვირდება და სავარაუდო ყინულოვან ნალექს მოძებნის.
ეს ინსტრუმენტები მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს განთავსდება, სადაც წყლის ყინულის სიუხვეა მოსალოდნელი. ხომალდის დაშვების ადგილი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მას კოსმოსში კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship გაიტანს. მისი სატესტო ფრენა ახლახან შედგა და ის წინა ორზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა.
NASA-ში აცხადებენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამი ექსპერიმენტის Artemis 3-ში ინტეგრირება იგეგმება, მაგრამ შესაძლოა, გადაწყვეტილება შეიცვალოს კიდეც. არ ვიცით ეკიპაჟის წევრების ვინაობაც, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად ქალი იქნება.
მანამდე, 2025 წელს, მთვარის ორბიტაზე 4 ასტრონავტს გაუშვებენ, თუმცა ისინი ციური სხეულის ზედაპირზე ფეხს არ დადგამენ. პროგრამის პირველი უეკიპაჟო მისია 2022 წელს განხორციელდა.
კომენტარები