როგორ იქცევა სახელმწიფო, როცა ბრალდებული არასრულწლოვანია
არასრულწლოვანებს, რომლებსაც ბრალი ედებათ დანაშაულებრივ ქმედებებში, აქვთ უფლებები, რომლის დაცვაც სახელმწიფოსთვის სავალდებულოა, საზოგადოებისთვის კი — ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უფლებები საქართველოში განსაზღვრულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, რომელიც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ბავშვის უფლებათა კონვენციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. სტატიაში, შევეცდებით, მოგიყვეთ, თუ როგორ იქცევა სახელმწიფო, როდესაც ბრალდებული არასრულწლოვანია, რისი უფლება აქვთ კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს და რა ვალდებულება აკისრიათ სახელმწიფო უწყებებს, მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის.
საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში განმარტებულია, რომ:
- ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისთვის, არასრულწლოვანად მიიჩნევა პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისთვის შეუსრულდა 16 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი;
- ხოლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისთვის — პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.
რა ხდება, თუ ბავშვი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, ჯერ არ არის 14 წლის
მის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება.
- ამ ასპექტით არაერთხელ უსარგებლიათ სრულწლოვან დამნაშავეებს — ისინი, ბავშვების საშუალებით, ძარცვავენ მაღაზიებს, იპარავენ ძვირფას ნივთებს...
ამ პრობლემაზე საუბრობს შინაგან საქმეთა მინისტრიც — ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში გამოსვლისას თქვა, რომ მისმა უწყებამ მსგავსი დანაშაული ორჯერ გახსნა და ორგანიზატორი ორივე შემთხვევაში დააკავეს.
რაც შეეხება კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს:
- "მაგალითად, ერთ ბავშვს, რომელიც არის 13 წლის, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი. ასეთი რაღაც ისტორიაში არ არსებობს, ასეთი რაღაც არც საქართველოში და არც უცხოეთში არ იქნება, არც რუსეთში. უკვე ყველა იცნობს, მთელი პოლიცია, მათ შორის, მეც ვიცნობ ამ ბავშვს. მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას – ბოდიში, ტირილი და ვუშვებთ ამ ბავშვს, ვერაფერს ვუზამთ.
- [...] იყო შემთხვევები, როდესაც 14 წლამდე, 12 და 13 წლის ბავშვები, ხუთი-ექვსი ბავშვი თავს დაესხა უცხოელებს, ტურისტებს, წააქციეს, ტელეფონები გაიტაცეს. მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო ბათუმში, თბილისში," — თქვა მინისტრმა პარლამენტში.
რა უნდა ქნას სახელმწიფომ? — ორგანიზაცია საფარის იურისტის, ცირა ჯგერენაიას თქმით, ბავშვები უნდა "გამოგლიჯონ ხელიდან" არამართლზომიერ სისტემას და წრეს. საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთოს სოციალური სამსახური, ფსიქოლოგი, დადგინდეს, როგორ გარემოში ცხოვრობს ბავშვი, იღებს თუ არა განათლებას, ვინ არიან მასზე პასუხისმგებელი პირები და ოჯახში, სადაც ის ცხოვრობს, არის თუ არა მძიმე ფინანსური მდგომარეობა.
- მისი განმარტებით, სახელმწიფოს აქვს ბერკეტები, სოციალური სამსახურის მეშვეობით, ოჯახს გაძლიერებაში დაეხმაროს.
იზოლირებული საცხოვრებლები კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისთვის — სახელმწიფოს გეგმა
პარლამენტში გამოსვლისას, შს მინისტრმა თქვა, რომ მუშაობენ იუსტიციის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებთან ერთად "გერმანულ მოდელზე" — სპეციალური იზოლირებული საცხოვრებლების მოწყობაზე, რომელსაც არასრულწლოვანები მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვებენ.
- "იქნება არა ციხე, არამედ ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის, მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში.... ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ", — აღნიშნა მინისტრმა.
იქნება ასეთი დაწესებულება ეფექტიანი? — ცირა ჯგერენაიას, კონკრეტული პროექტის ნახვამდე, დასკვნის გაკეთება უჭირს.
- "სახელმწიფოს თვითონ აქვს ნათქვამი, რომ ვერ ხერხდება მართვა დიდი ზომის ინსტიტუციის, სადაც თავს იყრის ბევრი ბავშვი, ისე, რომ ბავშვი არ გახდეს სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და ამაზე უარი გვაქვს ნათქვამი. ეს რა სახის იქნება, რა მოდელი იქნება, რამდენი ბავშვი ეყოლებათ, იქნება თუ არა შემოღობილი — ეს მნიშვნელოვანი საკითხებია. როცა ზუსტად გვეცოდინება, მერე შეიძლება შეფასება", — თქვა იურისტმა.
ცირა ჯგერენაია არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, აგრეთვე აქვს დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებში. ის იურიდიულ მხარდაჭერას უწევს ქალებს და ბავშვებს, რომლებიც არიან სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლები და აგრეთვე, რომლებსაც სჭირდებათ სამართლებრივი დახმარება. სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებში.
რას ნიშნავს განრიდება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისას, ხშირად ხდება ხოლმე ბავშვების განრიდება.
კოდექსის თანახმად, ეს არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, რომლის მიზანია, არასრულწლოვანის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
- თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა და ფასდება, უზრუნველყოფს თუ არა განრიდება არასრულწლოვანის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლონდა ბიჭიკაშვილმა, USAID-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე — "გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი", თქვა, რომ პროკურატურისთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვანის განრიდების გადაწყვეტილება:
- "ბოლოდროინდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ იმ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების 80%, როლებიც კანონით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ, პროკურატურამ აარიდა მართლმსაჯულების სისტემას", — თქვა მან.
რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენონ განრიდება
ეს შესაძლებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობისას:
- არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა;
- არასრულწლოვანი ნასამართლევი არ არის;
- არასრულწლოვანი განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა;
- არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებს;
- პროკურორის/სასამართლოს შინაგანი რწმენით, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი არ არსებობს;
- არასრულწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენელი განრიდების გამოყენებაზე წერილობით ინფორმირებულ თანხმობას გამოხატავენ.
კოდექსი განრიდების ღონისძიებებსაც განსაზღვრავს, მათ შორის არის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა, არასრულწლოვანის მინდობით აღსაზრდელად განთავსება.
2010-2022 წლებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი წესით განრიდებულ პირთა ზოგადი სტატისტიკა, რომელიც პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აჩვენებს, რომ განრიდების გამოყენების მაჩვენებელი მზარდი იყო.
2010-2022 წლებში სულ განარიდეს 14-დან 21 წლამდე ასაკის 6770 პირი, საიდანაც 4156 იყო არასრულწლოვანი, ხოლო 2614 — 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი.
და თუ არ/ვერ მოხდა განრიდება, როგორ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა
სამართალდამცველი, რომელიც არასრულწლოვანს აკავებს, ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომ ბავშვის მშობელს, ან სხვა ახლობელ ადამიანს დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს.
- დაკავების შემდეგ, არასრულწლოვანი დროებითი მოთავსების იზოლატორში ცალკე თავსდება და მას სრულწლოვანებთან შეხება არ აქვს.
- არასრულწლოვანის გამოკითხვა/დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება.
- არასრულწლოვანი არ შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე.
კანონის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი ყოველგვარი გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს.
სასამართლო ვალდებულია, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საქმე, პრიორიტეტულად განიხილოს.
პროკურატურის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლები 2017-დან 2022 წლამდე:
რამდენად დაცულია არასრულწლოვანების უფლებები დაკითხვის დროს
ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის შემდეგ — ის, 2019 წლის 11 დეკემბერს, დაკითხვის შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტა, რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ კი — გარდაიცვალა.
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკითხვაზე ლუკა სირაძე ყოფილ თანაკლასელს დააპირისპირეს და მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს.
კანონის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები.
- სპეციალური მომზადების მქონე პირებმა უნდა იცოდნენ, როგორ მიუდგნენ ბავშვს ისე რომ მისი ფსიქიკა, ან ინტერესები არ დააზიანონ.
თუმცა, ცირა ჯგერენაიას თქმით, ამას გარდა, საჭიროა "სხვა მგრძნობელობა და ის, რომ რაღაც მუხლები წააკითხეს ადამიანებს, საკმარისი არ არის".
- ის იხსენებს კონკრეტულ მაგალითს, როდესაც ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა. იმავე სივრცეში, სადაც არასრულწლოვანი ადვოკატთან ერთად იყო, მკაფიოდ ისმოდა ერთ-ერთი პოლიციელის საუბარი თანამშრომელთან — ის ჰყვებოდა, როგორ გახდა ბავშვობაში ბებიის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, რასაც, შემდეგ, ორივე პოლიციელის სიცილი მოჰყვა.
- "თქვეს, რომ თუ ბავშვს ხანდახან ოჯახის წევრმა არ წამოარტყა და არ დაუყვირა, ისე ბავშვი როგორ გაიზრდებაო და ეს ესმის ბავშვს, რომელიც მოსულია [განყოფილებაში] იმისთვის, რომ ოჯახის წევრის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. ამ დროს კი ესმის, რომ ეს ძალიან ნორმალურია და თვითონ ისეთ რამეს აკეთებს, რასაც, წესით, არ უნდა აკეთებდეს. ანუ, აქედანაც კი ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია და საფრთხილოა ბავშვთან ურთიერთობისას ნებისმიერი წინადადება," — თქვა ჯგერენაიამ.
მისივე განცხადებით, პრობლემაა, რომ დღემდე, შსს-ს განყოფილებებში არ არის გამოყოფილი ცალკე ოთახები ბავშვების გამოსაკითხად.
- "ანუ, ბავშვი შეიძლება იკითხებოდეს იმ სივრცეში, სადაც გვერდზე სხვა დამნაშავე, ან, უბრალოდ, მოწმე იკითხება და ყველას ესმოდეს, რასაც ბავშვი ჰყვება. ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები", — თქვა ადვოკატმა.
- მისი ინფორმაციით, დედაქალაქში, მდგომარეობა, მეტ-ნაკლებად, გამოსწორებულია — მაგალითად, თბილისში არის არასრულწლოვანთა სპეციალური სამმართველო, თუმცა "ეს არის ძალიან ცოტა" და მიზანი უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ბავშვის მიმართ იქნას გამოყენებული ზომები, რაც ამარტივებს ბავშვების მონაწილეობას მართლმსაჯულების პროცესში.
აღკვეთის რა ღონისძიებები გამოიყენება არასრულწლოვანების შემთხვევაში
- მეთვალყურეობაში გადაცემა;
- შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ;
- პირადი თავდებობა;
- გირაო;
- პატიმრობა.
აქვე, კანონში ხაზგასმულია, რომ პატიმრობა არის უკიდურესი ღონისძიება და ის გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
- სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისათვის, სასჯელის სახით, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა;
- პატიმრობა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმალვა, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ან მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლა ან ახალი დანაშაულის ჩადენა;
- მიზანი, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობა ემსახურება, აღემატება მისი თავისუფლების ინტერესს.
როგორია აღკვეთის დაწესებულებები არასრულწლოვანებისთვის
არასრულწლოვან ბრალდებულს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა გამოყენებული, ათავსებენ პატიმრობის დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში.
ისინი კი, ვინც უკვე მსჯავრდადებულები არიან, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გადაჰყავთ.
- კანონი განსაზღვრავს, რომ აუცილებელია, დაწესებულებაში იყოს საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური და გადამზადებული პერსონალი — პედიატრი, ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი.
- სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვანები განთავსებული არიან სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური, ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა.
არასრულწლოვან ბრალდებულს, ან მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება, ასევე, სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით.
- "გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პრობლემა იყო ის, რომ ეროვნული გამოცდები ჩაებარებინათ ბავშვებს. ახლა ამ გამოცდების ჩაბარებას ახერხებენ, მაგრამ საჭიროა, რომ ბადრაგის თანხლებით გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში, ეს კი, თავისთავად, სტრესია ბავშვისთვის, 16-17 წლის ბავშვი, თავის თანატოლებთან ერთად მიდის გამოცდის ჩასაბარებლად და ხელბორკილებით მიჰყავს გამოცდაზე ბადრაგს", — ამბობს ცირა ჯგერენაია.
იმის მიუხედავად, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბავშვის განვითარებისთვის ზრუნავენ, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ბავშვის მოხვედრა და მისი რესოციალიზაციისთვის და საზოგადოებაში დაბრუნებისთვის საუკეთესო გზა არ არის.
- "ეს არის უკიდურესი ზომა, რომელიც, პრაქტიკულად, უფრო ხელს უწყობს იმას, რომ კრიმინალურ სისტემაში დარჩეს ბავშვი, ვიდრე ამ სისტემიდან გამოვიხსნათ", — თქვა მან.
"გამოსავალი არის დანაშაულის პრევენცია"
იურისტის აზრით, ვიდრე განრიდებამდე, ან პატიმრობამდე მივა საქმე, სახელმწიფომ უნდა იკვლიოს, რატომ ჩადიან ბავშვები დანაშაულს, შემდეგ კი ებრძოლონ მიზეზს, რის გამოც არასრულწლოვანმა დანაშაული ჩაიდინა.
- მისი თქმით, წინაპირობა, ძირითადად, არის ხოლმე სოციალური სიდუხჭირე, ასევე — მშობლების ნაკლები ჩართულობა აღზრდაში, ანდა — ის,რომ რომ ბავშვი თვითონ არის ძალადობრივ გარემოში გაზრდილი და არაერთხელ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, ამის გამო კი, შესაძლებელია, ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინოს:
"თუ სახელმწიფო უგულებელყოფს ყველაფერს, რამაც ბავშვი დანაშაულის ჩადენამდე მიიყვანა და შეებრძოლება მხოლოდ შედეგს, ეს ვერასოდეს იქნება ეფექტიანი, რადგან ვერც განრიდებას გამოიყენებს უსასრულოდ და ბავშვს ყოველთვის ვერ დატოვებს პენიტენციური სისტემის გარეთ. როდესაც უკვე მოხვდება პენიტენციურ სისტემაში არასრულწლოვანი, ამის შემდეგ, ბევრად რთულია ამ ყველაფრის გამოსწორება, რადგან პენიტენციური სისტემა არ არის ის გარემო, რომელშიც ბავშვი უნდა იზრდებოდეს".
მისი თქმით, მიზეზებთან ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანი და რთულია, თუმცა მხოლოდ ეს არის გამოსავალი, ქვეყანაში ნაკლები ბავშვი იყოს კანონთან კონფლიქტში.
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.
თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
კომენტარები