საფრანგეთში მომუშავე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტებში მნიშვნელოვანი მიღწევა აქვთ — მათ შეძლეს, რომ სპეციალურ რეაქტორში პლაზმა რეკორდული 22 წუთის განმავლობაში შეენარჩუნებინათ.

თერმობირთვული სინთეზი დიდი ხანია, მომავლის ენერგიის წყაროდ განიხილება, რადგან მას ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და პრაქტიკულად ამოუწურავი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამის მიუხედავად, საჭირო ტექნოლოგიის სრულფასოვნად განვითარება ათწლეულების განმავლობაში სერიოზულ გამოწვევად რჩება.

თერმობირთვული სინთეზის პრინციპი ვარსკვლავებში მიმდინარე პროცესს ემყარება: ორი ატომური ბირთვის შერწყმას, რა დროსაც დიდი ოდენობით ენერგია გამოიყოფა. ეს სრულიად განსხვავდება იმ ბირთვული დაშლისგან, რომელიც ტრადიციულ ატომურ ელექტროსადგურებში გამოიყენება.

თერმობირთვული რეაქციის დასაწყებად და პლაზმის შესაქმნელად უკიდურესად მაღალი, 100 მილიონ გრადუს ცელსიუსზე მეტი, ტემპერატურაა საჭირო. ამ დროს წარმოიქმნება ცხელი, ელექტრულად დამუხტული აირი — პლაზმა, რომელიც ძალიან არასტაბილურია. მისი მართვა რთულია, რადგან ენერგიის დაკარგვა პროცესის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ტოკამაკმა (მოწყობილობა, სადაც ბირთვული რეაქცია მიმდინარეობს), რომელსაც WEST ეწოდება, 12 თებერვალს პლაზმის 1337 წამით (22 წუთზე მეტხანს) შენარჩუნება შეძლო. როგორც საფრანგეთის ატომური ენერგიის კომისიამ (CEA) განაცხადა, ეს ახალი მსოფლიო რეკორდია და 25%-ით აჭარბებს წინა რეკორდს, რომელიც გასულ თვეს ჩინეთში დამყარდა.

ასე გამოიყურება ტოკამაკი შიგნიდან.

ფოტო: AFP

CEA-ს ფუნდამენტური კვლევების ხელმძღვანელმა, ენ-იზაბელ ეტიენვმა, განაცხადა, რომ ეს შედეგი მოწმობს არა მხოლოდ პლაზმის შექმნის, არამედ მისი ხანგრძლივად შენარჩუნების შესაძლებლობასაც. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ მრავალი ტექნოლოგიური სირთულეა გადასალახი, სანამ თერმობირთვული სინთეზის რეაქტორები იმაზე მეტი ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, ვიდრე მოიხმარს.

მეცნიერები ამ ეტაპზე პლაზმის უფრო დიდი ხნით შენარჩუნებასა და ტემპერატურის კიდევ უფრო მეტად გაზრდას ცდილობენ. ასევე, ისინი აკვირდებიან, თუ როგორ მოქმედებს მაღალი ტემპერატურის პლაზმა ტოკამაკის შიდა კედლებზე.

ესაა საფუძველი საერთაშორისო თერმობირთვული ექსპერიმენტული რეაქტორის (ITER) შესაქმნელად, რომელიც ამჟამად საფრანგეთში შენდება. პროექტი 1985 წელს დაიწყო და მასში ჩართულია ჩინეთი, ევროკავშირი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, რუსეთი და აშშ. თავდაპირველად მისი ამოქმედება 2025 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა ტექნიკურმა სირთულეებმა, ფინანსურმა პრობლემებმა და დროში გაჭიანურებულმა სამუშაოებმა თარიღი მინიმუმ 2033 წლამდე გადასწია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.