არის თუ არა ტიკტოკი ნამდვილად საშიში დასავლეთისთვის — რა რისკებია
ჩინეთი უსამართლოს უწოდებს აშშ-ის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ტიკტოკი შეერთებულ შტატებში აიკრძალოს.
- დასავლეთის ბევრ ქვეყანაში თანამდებობის პირებს, პოლიტიკოსებს და უსაფრთხოების თანამშრომლებს აეკრძალათ ამ აპლიკაციის დაყენება სამუშაო ტელეფონებზე.
მოგითხრობთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზის შესახებ, რასაც უკავშირდება დასავლეთის ქვეყნებში გამოწვეული შეშფოთება ტიკტოკთან დაკავშირებით და, ასევე, იმაზეც, თუ როგორ რეაგირებს კომპანია ამ ეჭვებზე.
1. ტიკტოკი აგროვებს მონაცემების გადაჭარბებულ რაოდენობას
კომპანიაში ამბობენ, რომ აპლიკაციის მიერ მონაცემების შეგროვება "შეესაბამება ინდუსტრიის პრაქტიკას".
აპლიკაციას ხშირად ადანაშაულებენ უზარმაზარი რაოდენობის მონაცემების მოპოვებაში. ამის მტკიცებულებად ხშირად მოჰყავთ ხოლმე კიბერუსაფრთხოების მოხსენება, რომელიც ავსტრალიელმა მკვლევრებმა 2022 წელს გამოაქვეყნეს.
- კიბერკომპანიის Internet 2.0 მკვლევრებმა შეისწავლეს აპლიკაციის კოდი და განაცხადეს, რომ ის "გადაჭარბებული რაოდენობის მონაცემებს აგროვებს". ანალიტიკოსების თქმით, TikTok აგროვებს ისეთ დეტალებს, როგორიცაა ადგილმდებარეობა, რომელ კონკრეტულ მოწყობილობას იყენებს მომხმარებელი და სხვა რა აპლიკაციებია დაყენებული ამ მოწყობილობაზე.
- თუმცა, Citizen Lab-ის მიერ ჩატარებულმა ანალოგიურმა ტესტმა, სხვა აპლიკაციებთან შედარებისას, აჩვენა, რომ "ტიკტოკი აგროვებს მსგავსი ტიპის მონაცემებს მომხმარებლის ქცევის თვალყურის სადევნებლად".
- ანალოგიურად, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მოხსენებაში ნათქვამია: "აქ მთავარი ფაქტი ისაა, რომ სხვა სოციალური მედიისა და მობილური აპლიკაციების უმეტესობა იმავეს აკეთებს“.
2. ტიკტოკი, ჩინეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, თვალთვალისთვის გამოიყენოს
კომპანია აცხადებს, რომ სრულიად დამოუკიდებელია და "არასოდეს მიუწოდებია მომხმარებლების მონაცემები ჩინეთის მთავრობისთვის და არც მიაწვდიდნენ, რომც ეთხოვათ".
მომხმარებლების უმეტესობა აღიარებს, რომ პირადი მონაცემების დიდი ნაწილს სოციალურ ქსელებს თავადვე გადასცემენ, გარიგების საფუძველზე.
- სერვისების უფასოდ მოწოდების სანაცვლოდ, აპლიკაციები აგროვებენ ჩვენს შესახებ მონაცემებს და იყენებენ რეკლამის გასაყიდად საკუთარ პლატფორმაზე; ან — ჩვენს მონაცემებს ყიდიან სხვა კომპანიებზე, რომლებიც ცდილობენ, გვაჩვენონ საკუთარი რეკლამა ინტერნეტში.
კრიტიკოსების აზრით, ტიკტოკის ყველაზე დიდი პრობლემა არის ეს, რომ აპლიკაცია ეკუთვნის ჩინურ კომპანიას ByteDance. ეს არის ერთადერთი მსოფლიო მასშტაბით პოპულარული აპლიკაცია, რომელიც არ არის ამერიკული. მაგალითად, ფეისბუქი, ინსტაგრამი, სნეფჩეთი, იუთუბი — ყველა ეს აპლიკაცია აგროვებს დიდი რაოდენობის მონაცემებს, მაგრამ ისინი ამერიკაში დაარსებულ კომპანიებს ეკუთვნის.
- წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ნდობა, რომ ამერიკული კომპანიების მიერ მოპოვებული მონაცემები არ იქნებოდა გამოყენებული ბოროტი მიზნებისთვის, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებდა.
- დონალდ ტრამპის 2020 წლის ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ ტიკტოკის მიერ მონაცემების შეგროვებამ, შესაძლოა, ჩინეთს მისცეს საშუალება, თვალყური ადევნოს ფედერალური თანამშრომლებისა და კონტრაქტორების ადგილსამყოფელს, შექმნას პერსონალური ინფორმაციის დოსიეები შანტაჟისთვის.
ჯერჯერობით, მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ ეს მხოლოდ თეორიული რისკია, თუმცა შიშს აძლიერებს 2017 წელს ჩინეთში მიღებული ბუნდოვანი კანონი.
- ჩინეთის ეროვნული სადაზვერვო კანონის მეშვიდე მუხლში ნათქვამია, რომ ყველა ჩინური ორგანიზაცია და ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა უჭერდნენ მხარს, ეხმარებოდნენ და თანამშრომლობდნენ ქვეყნის დაზვერვასთან.
- თუმცა, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ეს წინადადება კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და აღნიშნავენ, რომ კანონი, ასევე, შეიცავს პუნქტებს, რომლებიც იცავს მომხმარებლების და კერძო კომპანიების უფლებებს.
2020 წლიდან, TikTok-ის ხელმძღვანელები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ხალხი, რომ კომპანიის ჩინელ თანამშრომლებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ წვდომა არაჩინელი მომხმარებლების მონაცემებზე.
- თუმცა, 2022 წელს ByteDance-მა აღიარა, რომ პეკინში მყოფმა რამდენიმე თანამშრომელმა მოიპოვა წვდომა მინიმუმ ორი ჟურნალისტის მონაცემებზე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, რათა თვალყური ედევნებინათ მათი ადგილსამყოფლისთვის და შეემოწმებინათ, ხვდებოდნენ თუ არა ტიკტოკის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ინფორმაციის მედიაში გაჟონვაში.
- ტიკტოკის წარმომადგენლის თქმით, ეს თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.
კომპანია ამტკიცებს, რომ მომხმარებლების მონაცემები არასოდეს ყოფილა შენახული ჩინეთში და მონაცემთა ცენტრებს, ამერიკელი მომხმარებლებისთვის აშენებს ტეხასში, ხოლო ევროპელი მომხმარებლებისთვის — ევროპაში.
- ევროკავშირში კომპანია ბევრად შორს წავიდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა სოციალური ქსელი და მოიწვია დამოუკიდებელი კიბერუსაფრთხოების კომპანია, რათა ზედამხედველობა გაუწიოს მონაცემთა გამოყენების ყველა შემთხვევას, ევროპულ საიტებზე.
ტიკტოკი, შესაძლოა, გამოყენებული იქნას პროპაგანდისთვის
კომპანია ამტკიცებს, რომ სახელმძღვანელო პრინციპები "კრძალავს დეზინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საზოგადოებას".
2022 წლის ნოემბერში, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრისტოფერ ვრეიმ უთხრა ამერიკელ კანონმდებლებს, რომ ჩინეთის მთავრობას შეეძლო ალგორითმის გამოყენება ისეთი მიზნებისთვის, რომელიც ხალხის აზრზე იქონიებდა გავლენას.
მსგავსი: ჩინეთის 50-ცენტიანი არმია მსოფლიოში ყალბ ამბებს ავრცელებს — რისთვის უნდა ვიყოთ მზად
ჩინეთში ყველა სოციალური ქსელი ძლიერი ცენზურის ქვეშაა. ინტერნეტ პოლიცია შლის პოსტებს, რომელშიც აკრიტიკებენ მთავრობას.
- თავდაპირველად, ტიკტოკის პოპულარობის დასაწყისში, მოხდა ცენზურის გახმაურებული შემთხვევები — მაგალითად, აშშ-ში მომხმარებელს ანგარიში დაუხურეს, რადგან განიხილავდა მუსლიმების მიმართ პეკინის დამოკიდებულებას სინძიანგში. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, რის გამოც ტიკტოკმა ბოდიში მოიხადა და ანგარიში აღადგინა.
ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა პლატფორმაზე მოიძიეს ისეთი თემები, როგორიცაა ტაივანის დამოუკიდებლობა, ან — ხუმრობები ჩინეთის პრემიერზე, სი ძინპინზე და დაასკვნეს:
- "ამ კატეგორიის ვიდეოების პოვნა ტიკტოკზე ძალიან ადვილია. ბევრი მათგანი ძალიან პოპულარულია".
თეორიული რისკი
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რისკები, რომელიც ამ აპლიკაციას შეიძლება უკავშირდებოდეს, თეორიულია.
- კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ტიკტოკი არის "ტროას ცხენი" — ის უვნებლად გამოიყურება, თუმცა შეიძლება იყოს ძლიერი იარაღი, მაგალითად, კონფლიქტის დროს.
- აპლიკაცია უკვე აკრძალულია ინდოეთში, რომელმაც 2020 წელს მიიღო ზომები ტიკტოკისა და ათობით სხვა ჩინური პლატფორმის წინააღმდეგ.
- თუმცა აშშ-ის მიერ ტიკტოკის აკრძალვას შეიძლება ჰქონდეს უზარმაზარი გავლენა პლატფორმაზე, რადგან, როგორც წესი, აშშ-ს მოკავშირეები ხშირად თავადაც იზიარებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს.
კომენტარები