შესაძლოა, მარსზე ერთ მეტეორიტს 3 მილიარდამდე კრატერი წარმოექმნა
NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, მარსის ზედაპირთან ერთი მეტეორიტის შეჯახებას მილიარდობით კრატერი წარმოექმნა.
წითელ პლანეტაზე ეს ასტრონომიული სხეული 2.3 მილიონი წლის წინ ჩამოვარდა. შეჯახების ადგილას ამის შედეგად მთავარი კრატერი გაჩნდა, რომელსაც კორინთო ეწოდება. ის 13.8 კილომეტრ მანძილზე ვრცელდება. ამ მოვლენამ მარსის ზედაპირის ფრაგმენტები მაღლა ატყორცნა, რომლებიც ისევ დაბლა დაცვივდა და ე.წ. მეორეული კრატერების ფორმირება გამოიწვია.
სპეციალისტებმა მარსის ორბიტიდან გადაღებული სურათები შეისწავლეს და ზემოხსენებულi შეჯახების შედეგად გაჩენილი ღრმულების სავარაუდო რაოდენობა გამოითვალეს. ავტორებმა დაასკვნეს, რომ მარსის ზედაპირზე საერთო ჯამში 1.3-დან 3 მილიარდამდე მეორეული კრატერია, რომელთა ზომაც მინიმუმ 10 მეტრია.
ამის გაგება შესაძლოა, წითელი პლანეტის რთული გეოლოგიის უკეთ გამოკვლევასა და იმის დადგენაში დაგვეხმაროს, როგორ იცვლებოდა მისი შედგენილობა და ლანდშაფტები დროთა განმავლობაში.
უნდა ითქვას, რომ ეს კრატერიანი არეალი 1 398 593 კმ2 ფართობზეა გადაჭიმული. სწორედ ამ ტერიტორიაზე დაეშვა NASA-ს აპარატი InSight, რომელმაც 2022 წელს მეტეორიტთან შეჯახების თანმდევი უმძლავრესი სეისმური ბიძგები დააფიქსირა.
კომენტარები