როცა შიმშილი გვემუქრება — რა კავშირია კლიმატის კრიზისსა და სურსათის შემცირებას შორის

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

შესავალი

მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში დედამიწაზე არაერთი რესურსის მარაგის შემცირების და ამოწურვის საფრთხე დადგა, რაც ერთი მხრივ მოსახლეობის მკვეთრ მატებას უკავშირდება, მეორე მხრივ კი მომხმარებლური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

საკვებ რესურსებს თუ განვიხილავთ, ამ პრობლემებს კლიმატის ცვლილებაც ემატება, რომელიც შიმშილის მიმართ სწორედ ყველაზე დაუცველ ჯგუფებს უქმნის საფრთხეს. თუმცა, სანამ კონკრეტულად გლობალურ დათბობაზე გადავალთ, იქამდე მოგიყვებით, როგორ მუშაობს მსოფლიო სასურსათო სისტემები და შიმშილის პრობლემას რამდენად ვუმკლავდებით.

შიმშილი და არაეფექტიანი სასურსათო სისტემები

გაეროს განმარტებით, შიმშილი იმ პერიოდებს განსაზღვრავს, რომლის დროსაც მოსახლეობა ფინანსების უკმარისობისა და საკვებსა თუ სხვა რესურსებზე შეზღუდული წვდომის გამო საკმარის საკვებს ვერ იღებს, ან დღის განმავლობაში საერთოდ ვერ იკვებება. შიმშილის ზღვარს მიღმა მყოფებს მიეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებიც დღიურად 1800 კალორიაზე ნაკლებს იღებენ. არასაკმარისად კვება კი მოიცავს დღის განმავლობაში მიღებული ცილის, საჭირო ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტსაც. სურსათის არასაიმედოობას რაც შეეხება, ეს ტერმინი იმ მდგომარეობას აღწერს, როდესაც მოსახლეობას არ აქვს მუდმივი წვდომა უსაფრთხო საკვებზე და ვერ ახერხებს აქტიური ჯანსაღი ცხოვრების სტილის შენარჩუნებას.

ასევე იხილეთ: რატომ ვერ გადაჭრის 6 მილიარდი დოლარი მსოფლიო შიმშილის პრობლემას

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიო მოსახლეობის გამოსაკვებად საკმარისზე ბევრად მეტი საკვები იწარმოება, რესურსების არათანაბარი განაწილების, კლიმატის ცვლილების, კონფლიქტების და სხვა მიზეზთა გამო, 2023 წლის მონაცემებით, 735 მილიონი ადამიანი ქრონიკული შიმშილით იტანჯება. აღსანიშნავია, რომ 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, გლობალურად საკვების წარმოების ზრდის ტემპმა მოსახლეობის ზრდის ტემპს გადაასწრო, თუმცა, საკვების ზრდა და განაწილება მსოფლიოს რიგ რეგიონებში საკმაოდ შეზღუდულია.

შიმშილის მთავარ გამომწვევ ფაქტორებს კონფლიქტი და კლიმატის ცვლილება წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში სათბურის აირების ემისიის უდიდესი წილი განვითარებულ ქვეყნებზე მოდის და შესაბამისად, კლიმატის ცვლილებაშიც მათ შეაქვთ ყველაზე დიდი წვლილი, ეს პროცესი ყველაზე დიდ გავლენას იმ ქვეყნების მოსახლეობაზე ახდენს, სადაც საკვების მარაგი ისედაც მწირია.

სურსათის სისტემების ეფექტიანობას რაც შეეხება, აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიულად წარმოებული მარცვლეული კულტურების უდიდესი ნაწილი ბიოსაწვავის დამზადებასა და ფერმის ცხოველების გამოკვებაზე იხარჯება, ცხოველური პროდუქტები კი ადამიანის მიერ მიღებული კალორიების მხოლოდ 18%-ს უზრუნველყოფს. ფერმის ცხოველებისა და ფრინველების გამოკვებაზე მიწათმოქმედების შედეგად მიღებული მოსავლის 40%-მდე იხარჯება.

ასევე იხილეთ: რა კავშირშია თქვენი მწვადი გლობალურ დათბობასთან

იმ საკვები მარაგის 70%-ს, რასაც ადამიანები მოვიხმართ, მცირე ფერმერები, მესაქონლეები და მეთევზეები აწარმოებენ, რომელთა დიდ ნაწილს საკვების მარაგის შესანახად სათანადო რესურსები და ცოდნა არ აქვს. მეტიც, მსოფლიოში ყოველწლიურად საკვების 30-40% ნაგავსაყრელზე ხვდება, რაც, გარკვეულწილად საკვების არასათანადო შენახვის შედეგია, გარკვეულწილად კი მომხმარებლების მხრიდან საჭიროზე მეტი პროდუქტის შეძენის.

2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა, სავარაუდოდ, 10 მილიარდს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ იზრდება სურსათის წარმოება, ასევე იზრდება მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე, რომელთა წარმოებასაც ყველაზე დიდი რესურსები სჭირდება — მათ შორის ხორცსა და რძის ნაწარმზე. ასე რომ, დაახლოებით 25 წელში გლობალურად საკვებზე მოთხოვნა, შესაძლოა, 59-98%-ით გაიზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დედამიწაზე თეორიულად ყველას სამყოფი საჭმელი გვაქვს, მოსავლიანობის კარგვის ფუფუნება არ გვაქვს. კლიმატის ცვლილება, რომლის ერთ-ერთი უდიდესი ხელშემწყობი სწორედ ხორცის ინდუსტრიაა, სურსათის რესურსების ხარისხისა და რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. უფრო სწორად, უკვე იწვევს. რამდენად დელუზიურადაც არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს, გლობალური დათბობის ეფექტები, როგორებიცაა მაღალი ტემპერატურა, ექსტრემალური ამინდის მოვლენები, გვალვა, ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდა და ზღვის დონის მატება, დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების არეალის გაფართოება და ა.შ., გაუმართავ სასურსათო სისტემასთან ერთად, იმედიანი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს.

ასევე იხილეთ: კლიმატის კრიზისი, როგორც თვითდესტრუქციული მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევა

რა კავშირია კლიმატის კრიზისსა და სურსათს შორის?

2021 წელს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისმა პანელმა (IPCC) გლობალური ტემპერატურის 1.5°C ზრდა იწინასწარმეტყველა 2050 წლამდე და ისიც ივარაუდა, რომ თუ მომავალ ათწლეულებში ნახშირორჟანგის და სხვა სათბურის აირების ემისიებს მკვეთრად არ შევამცირებდით, საუკუნის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 2°C-ს მიაღწევდა.

2022 წელს IPCC-ის ანგარიშში ამ ცვლილებების პოტენციური ეფექტები იყო აღწერილი და ისიც ეწერა, რომ კლიმატის კრიზისი უკვე იწვევდა უფრო ხშირ და ინტენსიურ ექსტრემალური ამინდის მოვლენებს, როგორებიცაა სითბური ტალღები, გვალვები და წყალდიდობები. მეტიც, ანგარიში იმასაც ამტკიცებს, რომ ზოგიერთ სისტემას უკვე აღარ შესწევს უნარი, ისეთ ინტენსიურ ცვლილებებთან ადაპტირდეს, რაც შეუქცევად ზიანს აყენებს სურსათის საიმედოობას. ანგარიშში ისიც ეწერა, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სურსათის საიმედოობის რისკი ყველაზე მეტად გაიზრდებოდა ტერიტორიებზე, რომლებზეც კლიმატის ცვლილება ყველაზე დიდ გავლენას ახდენს და რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ ამ პროცესთან ადაპტაცია.

ბევრი შეუმოწმებელი მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს გლობალური დათბობა მცენარეულ კულტურებზე. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, გვალვა ან მაღალი ტემპერატურა მცენარის ზრდის რა ეტაპს დაემთხვევა. მაგალითად, მცენარე ტემპერატურისა და ტენიანობის მიმართ ყველაზე დაუცველი ყვავილობისა და ნაყოფმსხმოიარობის ეტაპზეა, დანარჩენ ეტაპებზე კი შედარებით ადვილად ეგუება ცვალებად პირობებს. დათბობის შედეგად შეცვლილი ტემპერატურა და ნალექიანობა დამატებით ისეთ ფაქტორებზე იმოქმედებს, როგორებიცაა მწერების პოპულაციები, მცენარეების პათოგენების გავრცელება, ნიადაგის სიჯანსაღე და მისი საპასუხო რეაქცია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პროცესებზე და ა.შ. გლობალური დათბობა უკვე იწვევს ისეთი ეკოსისტემური სერვისების დაქვეითებას, როგორიცაა დამტვერვა. ზღვის ცხოველების ბიომასის შემცირებით კი, მიმდინარე კრიზისი ძირს გამოუთხრის საკვების საიმედოობას როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთში.

თუმცა, ამ საკითხზე ბევრი კვლევაცაა ჩატარებული და აღნიშნული მოსაზრებების გასამყარებლად გარკვეული მეცნიერული მტკიცებულებებიც არსებობს. მაგალითად, ამ კვლევის მიხედვით, თუ სათბურის აირების ემისია ამჟამინდელი ტრაექტორიით გაგრძელდება, წყალზე შეზღუდული წვდომისა და მისი გაზრდილი მარილიანობის გამო, 2100 წლისთვის პარკოსნებისა და ბოსტნეულის მოსავლიანობა გლობალურად 35%-ით შემცირდება. ამ კვლევას თუ დავუჯერებთ, გლობალური ტემპერატურის ნახევარზე ოდნავ მეტი გრადუსით მატება აშშ-ის შუა-დასავლეთის შტატებში სიმინდის სარტყელზე მცენარის ზრდის სეზონს ორი კვირით გაახანგრძლივებს. თუმცა, თუ ტემპერატურა გარკვეულ ზღვარს ასცდება, მცენარის ზრდის სეზონი შემოკლდება და, შესაბამისად, მოსავლიანობაც იკლებს.

მსოფლიო მცენარეული კულტურების 80% წვიმის წყლით იკვებება, ასე რომ, ფერმერების უმეტესობა პროგნოზირებად ამინდზეა დამოკიდებული. თუმცა, ანთროპოგენური კლიმატის კრიზისის შედეგად, ამინდის მოდელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იცვლება. ტემპერატურის მატების შედეგად, ჰაერი მეტ ტენს იკავებს და წვიმების ინტენსივობას (და არა ნალექიანობას) ზრდის, რაც აზიანებს როგორც მცენარეულ საფარს, ასევე ნიადაგს და ხშირად წყალდიდობებსაც იწვევს. წყალდიდობებს იწვევს მზარდი ინტენსივობის ტროპიკული ქარიშხლებიც. ზღვის დონის მატება და სანაპირო ნაყოფიერი მიწების წყლით დაფარვას და, შედეგად, მათ კარგვას გამოიწვევს.

ყოველწლიური საშუალო ტემპერატურის მატებასთან ერთად, მცენარეებში იმატებს აორთქლების სიჩქარე, რაც გვალვების ინტენსივობის მატებასა და წყალზე ხელმისაწვდომობის შემცირებას უკავშირდება. მცენარეული კულტურები უდიდესი რაოდენობის წყალს მოიხმარენ. მაგალითად, ზრდის სეზონზე გარკვეული ჯიშის სიმინდი ერთ ჰექტარზე დაახლოებით 4.2 მილიონ ტონა წყალს მოიხმარს. დამატებით, გასარწყავება დიდი რაოდენობის ენერგიას მოითხოვს, რასაც, ძირითადად, ისევ წიაღისეული საწვავის წვით ვიღებთ.

გლობალურად მცენარეული კულტურების დაახლოებით 10% მიწისქვეშა წყლებით ირწყვება. ეს უკანასკნელი არაგანახლებადი რესურსია და უნდა აღინიშნოს, რომ ისევ გლობალური დათბობის გავლენით, წყალსატევები იმაზე სწრაფად იცლება, ვიდრე ივსება — წყალი ხმელეთიდან ოკეანეში იმაზე სწრაფად ხვდება, ვიდრე პირიქით და ვიდრე ადრე. ეს პრობლემა კი ტემპერატურის მატებასთან ერთად გამწვავდება. მიწისქვეშა წყლების რესურსების კლება შეინიშნება მსოფლიოს მცენარეული კულტურების ყველაზე დიდ მწარმოებელ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, პაკისტანში, ინდოეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში და ა.შ.

გვალვა და წყლის რესურსების შემცირება გავლენას მოახდენს ბრინჯის მოსავალზეც — მცენარეული კულტურის, რომელიც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მთავარი საკვები პროდუქტია. ინტენსიური გვალვების პერიოდში ბრინჯის მოსავლიანობა 17-40%-ითაც შემცირებულა.

ცალსახად, მსოფლიოს გარკვეულ რეგიონებში გლობალურმა დათბობამ, შესაძლოა, გარკვეული კულტურების ზრდასაც შეუწყოს ხელი. უფრო სწორად, ტემპერატურის და ნალექიანობის ცვლილების პარალელურად, ფერმერებს ტრადიციული კულტურების განსხვავებულით ჩანაცვლება მოუწევთ, რომლებიც ახალ პირობებს უკეთ ეგუებიან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ახალი მცენარეებისგან ისეთივე მოსავალს და სარგებელს მიიღებენ, როგორსაც იმ მცენარეებისგან, რომელთა მოვლაზეც ბევრად მეტი იციან. ამ გამოწვევას მდიდარი სახელმწიფოები და ზომიერი განედების რეგიონები შედარებით უკეთ შეეგუება, ტროპიკული რეგიონები და მოწყვლადი მოსახლეობა კი ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგას.

ასევე იხილეთ: თბილი დეკემბერი, ანუ რატომ ისხამს ხე ტყემალს ზამთრის დასაწყისში

სხვა შემთხვევებში, კლიმატის ცვლილებამ, შესაძლოა, საერთოდ შეუძლებელი გახადოს ახალი პირობებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კულტურების მოყვანა. სხვადასხვა ჯიშის კულტურებისთვის ოპტიმალური პირობები მაღალ განედებზე გადაინაცვლებს, თუმცა ეს იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ახალ ტერიტორიებზე მათთვის ნიადაგი და სხვა ფაქტორებიც ასეთივე ხელსაყრელი იქნება. მცენარეული კულტურები, ჯიშის მიხედვით, სხვადასხვა ტემპერატურულ დიაპაზონში ხარობენ. ზედა ზღვარზე მაღალი ტემპერატურა კი მოსავლიანობის შემცირებას გამოიწვევს, რადგან სიცხე მცენარის დამტვერვას, ყვავილობას, ფესვების განვითარებას და ზრდას შეუშლის ხელს.

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად საშუალო ტემპერატურის ყოველი ერთი გრადუსით მატებას მცენარეული კულტურების საერთო მოსავლიანობის 5-15%-ით კლება მოჰყვება.

ყველა სიკეთესთან ერთად, გლობალური დათბობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის მცენარეული კულტურების დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისთვისაც. გაზაფხულის ადრე მოსვლა და შედარებით თბილი ზამთრები კი მათ საშუალებას მისცემს, წლის განმავლობაში ადრინდელზე უფრო დიდხანს ინავარდონ. პირობების ცვლილებასთან ერთად, სხვადასხვა რეგიონებში ახალი მავნებლები და დაავადებები ვრცელდებიან, რომელთა მიმართაც მცენარეებს იმუნიტეტი არ აქვთ გამომუშავებული. მაგალითად, ხორბლის სოკოვანი ინფექცია, რომელიც 50 წლის განმავლობაში არსად უნახავთ, გასულ ათწლეულში აფრიკიდან აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში გავრცელდა და ხორბლის მოსავალი გაანადგურა.

ტემპერატურის მატების გარდა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატებასაც. ჰაერში CO2-ის დონის ზრდასთან ერთად მცენარის ყლორტებსა და ფოთლებზე ღიობები იკუმშება. შედეგად, მცენარე აორთქლებით ნაკლებ წყალს კარგავს, რაც, მკვლევრების აზრით, ამით მასში წყლის ცირკულაციას ანელებს. შესაბამისად, მცენარე ნიადაგიდან ნაკლებ მინერალებს და აზოტს იღებს — მასში მცირდება ისეთი ელემენტების შემცველობა, როგორებიცაა რკინა, თუთია, კალციუმი, სპილენძი, ფოსფორი და ა.შ. მცენარეში მცირდება გარკვეული ვიტამინების შემცველობაც, რადგან მათ წარმოსაქმნელად სწორედ აზოტია საჭირო.

CO2-ის კონცენტრაციით გამოწვეული ცილების, მინერალების, კუმულაციური B ვიტამინისა და E ვიტამინის დეფიციტი, როგორც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ფუნქცია

CO2-ის კონცენტრაციით გამოწვეული ცილების, მინერალების, კუმულაციური B ვიტამინისა და E ვიტამინის დეფიციტი, როგორც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ფუნქცია

ფოტო: Science Advances

ერთ-ერთ კვლევაში ბრინჯი, რომელიც შედარებით მაღალი ნახშირორჟანგის გარემოში გაზარდეს, 17%-ით ნაკლებ B1 ვიტამინს, 17% ნაკლებ B2-ს, 13%-ით ნაკლებ B5ს და 30%-ით ნაკლებ B9-ს შეიცავდა, ვიდრე 2011 წელს ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის კონცენტრაციის პირობებში გაზრდილი ბრინჯი.

ფოტო: Science Advance

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ CO2 ფოტოსინთეზის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და მისი კონცენტრაციის მატებამ, შესაძლოა, მცენარის უფრო სწრაფ ზრდას უნდა შეუწყოს ხელი. თუმცა, გლობალური ტემპერატურის მატების შედეგად გაზრდილი ღრუბლიანობის გამო, სავარაუდოდ, ფოტოსინთეზისთვის ნაკლები მზის სინათლე იქნება ხელმისაწვდომი და მცენარეების მოსავლიანობაც იკლებს.

როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის სანაპირო ნათესებსაც. აზიაში, სადაც ბრინჯის უდიდესი ნაწილი სანაპირო ზონებსა და დაბალ დელტებში მოჰყავთ, ზღვის დონის მატება ბრინჯის ნათესების წყლით დაფარვას გამოიწვევს და ბრინჯის მოსავალსაც მკვეთრად შეამცირებს. ამ პროცესს ასევე მოჰყვება ზღვის მლაშე წყლის მდინარეებში შერევა, რაც იმ თევზების აკვაკულტურებს აყენებს რისკის ქვეშ, რომლებსაც მარილიანი პირობების მიმართ ამტანობა არ აქვთ.

სურსათის საიმედოობაზე გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნების კარგვაც, რაც ასევე მჭიდრო კავშირშია კლიმატთან. მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის მიხედვით, საშუალოდ, ძუძუმწოვრების, ფრინველების, ამფიბიების, რეპტილიებისა და თევზების აღრიცხული პოპულაციების რიცხოვნობა 1970 წლიდან 68%-ით შემცირდა.

ბიომრავალფეროვნების კარგვა სოფლის მეურნეობის სისტემებს უფრო მოწყვლადს ხდის მავნებლების, პათოგენებისა და კლიმატის ცვლილების მიმართ. მოსავალზე უარყოფითად აისახება დამამტვერიანებელი მწერების პოპულაციების კლებაც, რაც ასევე პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან. ნიადაგში მობინადრე ბაქტერიების, ჭიაყელების და სხვა ორგანიზმების გარეშე კი ნიადაგი სხვადასხვა ფუნქციების შესრულების უნარს კარგავს.

ასევე იხილეთ: რა (არ) ვიცით კლიმატზე — ბიომრავალფეროვნების შეუმჩნეველი სარგებელი

კლიმატისგან არც ცხოველური საკვებია დაცული

თუ ცხოველურ პროდუქტებს ჯერ კიდევ მიირთმევთ, მაშინ იმასაც გეტყვით, რომ კლიმატის კრიზისი არამხოლოდ მცენარეულ კულტურებს, შინაურ ცხოველებსა და თევზებსაც ემუქრება. ატმოსფეროში სათბურის აირების ემისიების შედეგად დაგროვილი სითბოს 30%-ს ოკეანე შთანთქავს. დღეს ოკეანის ტემპერატურა იმაზე მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს 1880 წლის შემდეგ, რაც ამ მაჩვენებლის აღრიცხვა დაიწყო.

მომატებული სითბოსგან თავის დასაღწევად თევზები და მოლუსკები, ხელსაყრელი პირობების ძიებაში ჩრდილოეთ განედებისკენ გადაადგილდებიან. თუმცა, ახალი ტერიტორიის ათვისება სახეობებს შორის კონკურენციის გაზრდას ნიშნავს. სხვადასხვა სახეობის თევზების თუ ზღვის ცხოველების გავრცელების არეალის ცვლილებას, ამ უკანასკნელის სისწრაფის გამო, ფეხს ვერ უწყობს თევზრეწვის რეგულაციები. ეს პროცესი განსაკუთრებით მეთევზეებს აზიანებს, რადგან, დანარჩენ სიკეთეებთან ერთად, ცვალებად პირობებში არსებული რეგულაციები რელევანტურობას კარგავს.

უნდა აღინიშნოს, რომ თბილ წყლებში იზრდება დაავადებებისა და პათოგენების გავრცელების სიხშირე ოკეანის ისეთ ბინადრებშიც, როგორებიცაა ხამანწკა, ორაგული და ჰალიოტისი. მაგალითად, ოკეანის ტემპერატურის მატების შედეგად გაიზარდა ვიბრიონის (ბაქტერია) გავრცელების არეალი, რომელიც მოლუსკებში გროვდება და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ დიარეის, ციებ-ცხელებისა და ღვიძლის დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

მსოფლიოში 540 მილიონი ადამიანისთვის შემოსავლისა და საკვების მთავარ წყაროს თევზი წარმოადგენს.

ინდუსტრიულ რევოლუციამდელ მაჩვენებელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა ოკეანის მჟავიანობაც — ატმოსფეროდან შთანთქმული ნახშირორჟანგის წყალში გახსნის შედეგად იკლებს pH და იმატებს წყალში წყალბადის იონების კონცენტრაცია. ამან, შესაძლოა, თევზის ლარვების განვითარებას შეუშალოს ხელი და თევზებს ყნოსვა დაუქვეითოს — უნარი, რაც მათ საკვებისა და ჰაბიტატების პოვნასა და მტაცებლისგან თავის არიდებაში ეხმარება.

მჟავიანობის მატება, გარდა იმისა რომ ზღვის ეკოსისტემებს უქმნის საფრთხეს, ამცირებს ოკეანეში კარბონატის იონების (CO32-) კონცენტრაციასაც, რაც ზღვის ორგანიზმებს კალციუმის კარბონატის მისაღებად და შემდეგ მისგან გარე ჩონჩხისა და ნიჟარის ასაშენებლად სჭირდებათ. მეტიც, მომატებული მჟავიანობა არსებული კალციუმის კარბონატის სტრუქტურების დაშლასაც იწვევს.

პტერაპოდის ნიჟარა ისეთი ქიმიური შემადგენლობის წყალში მოთავსების შემდეგ, როგორიც, ამჟამინდელი პროგნოზით 2100 წელს ოკეანეში იქნება.

პტერაპოდის ნიჟარა ისეთი ქიმიური შემადგენლობის წყალში მოთავსების შემდეგ, როგორიც, ამჟამინდელი პროგნოზით 2100 წელს ოკეანეში იქნება.

ფოტო: NOAA

დაავადებების და პარაზიტების მიმართ უფრო დაუცველი ხდება მსხვილფეხა საქონელიც, განსაკუთრებით კი ძროხა. გარდა იმისა, რომ სიცხეში ძროხა უფრო რთულად აწარმოებს რძეს, მომატებული ტემპერატურის პირობებში ეს ცხოველი ნაკლებ ფერტილურიც ხდება.

როგორ უმკლავდება კრიზისს სასურსათო ინფრასტრუქტურა?

გარდა მოსავლიანობისა, გვალვა, ექსტრემალური ამინდის მოვლენები და კლიმატის კრიზისის სხვა მსგავსი ეფექტები არსებული სასურსათო სისტემების გამართულ მუშაობასაც უშლის ხელს, რაც ხშირად დიდ დანაკარგებს უკავშირდება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამის ერთ-ერთი მიზეზი სურსათის მარაგის არასათანადო შენახვაა, რადგან გვალვის, ან მაღალი ტემპერატურის პირობებში იზრდება მისი გაფუჭების რისკი, რაც, არამხოლოდ რესურსების კარგვას იწვევს, საკვებით გადამდები დაავადებების გავრცელებასაც უწყობს ხელს.

გლობალური დათბობა რიგ გამოწვევებს ქმნის სურსათის ტრანსპორტირებისასაც. მაგალითად, 2012 წელს ინტენსიური გვალვის დროს, მდინარე მისისიპიზე, რომელზეც შუა დასავლეთიდან სურსათის ტრანსპორტირების მთავარი მარშრუტი გადის, წყლის დონის კლების გამო გემების გადაადგილება შეფერხდა, რასაც დიდი რაოდენობის საკვები პროდუქტების გაფუჭება და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მოჰყვა.

ფოტო: NASA

რადგან სურსათის ტრანსპორტირება გლობალურად ხდება, კლიმატის მოვლენების შედეგად მოსავლის დაზიანება თუ განადგურება იწვევს სურსათზე ფასების ზრდას როგორც ამავე რეგიონში, ასევე მსოფლიოს სხვა არაერთ ნაწილში. ეს იმის შესაბამისად ხდება, თუ რამდენად დიდ ზარალზეა საუბარი, ან რა მასშტაბზე ხდება ამა თუ იმ რესურსის ექსპორტი აღნიშნული რეგიონებიდან.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 2022 წლის შეფასებით, გლობალური სურსათის სისტემები სათბურის აირების ანთროპოგენური ემისიების დაახლოებით მესამედზეა პასუხისმგებელი და ამ მხრივ მხოლოდ ენერგიის სექტორს ჩამოვარდება. სასურსათო სისტემებთან დაკავშირებული სათბურის აირების ემისია ითვალისწინებს ცხოველების ფერმების, საკვების ნარჩენების, საკვების ტრანსპორტირების, ფერმებისა და საძოვრებისთვის თუ მონოკულტურების მოსაყვანად ტყის ჩეხასა და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებულ ემისიებს.

გლობალურად სათბურის აირების გაფრქვევის 6%-ზე საკვების ნარჩენებია პასუხისმგებელი

გლობალურად სათბურის აირების გაფრქვევის 6%-ზე საკვების ნარჩენებია პასუხისმგებელი

ფოტო: Our World in Data

როგორ უნდა აუწყოს ფეხი სოფლის მეურნეობამ კლიმატის კრიზისს

ტემპერატურის გარკვეული მაჩვენებლით ზრდის შემდეგ განსაკუთრებით რთული გახდება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, და უფრო ძვირიც. მცენარეული კულტურების მოსავლიანობის შემცირებით სურსათის მოსახლეობის მეტი ნაწილი აღმოჩნდება სიღარიბის ზღვარზე, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, რომლებიც უკვე დგას სურსათის საიმედოობის პრობლემის წინაშე. მაგალითად, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2030 წლისთვის აფრიკის 43 მილიონი მოსახლე, შესაძლოა, სიღარიბის ზღვარს ჩამოსცდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კრიზისის გამო სურსათზე ფასების მატება ყველაზე მეტად ქალაქებში მცხოვრებ ღარიბ მოსახლეობას უქმნის საფრთხეს.

ასე რომ, როგორ შეიძლება ამ გამოწვევასთან გამკლავება? რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ სურსათის სისტემების ეფექტიან მუშაობას და გლობალურ დათბობასთან ადაპტაციას შევუწყოთ ხელი?

გარდა იმისა, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს კანონმდებლების მიდგომა კლიმატის მიმართ, წიაღისეული საწვავი უმეტესად მზისა და ქარის ენერგიით ჩანაცვლდეს და ცხოველების შემცირდეს, შედარებით მოკლე ვადაში ემისიების შემცირება და სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა კიდევ რამდენიმე გზითაა შესაძლებელი, რაც ასევე საჭიროებს სოციო-ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცვლილებებს:

  • ცნობიერების ამაღლება — მარცვლეულის ეფექტიანად დათესვის, გაზრდისა და შენახვის შესახებ ფერმერების ინფორმირება. ეს მეთოდი არაპროგნოზირებადი ამინდის მოვლენებისგან და ექსტრემალური ტემპერატურებისგან მოსავალს ვერ დაიცავს, მაგრამ გარკვეულწილად მაინც გაზრდის სოფლის მეურნეობის ეფექტიანობას;
  • წყლის მარაგების ზუსტი შეფასება — მაგალითად, ნიადაგში ტენის სენსორების დამონტაჟების, ან თანამგზავრებიდან წყლის აორთქლების ტენდენციების გაზომვის გზით. გამოთვლები ნათესების ალტერნატიული გზით ტენით მომარაგებას გახდის შესაძლებელს;
  • ნაკლებად ტენის მოყვარულ მცენარეულობაზე გადასვლა — მაგალითად, ბრინჯის პარკოსნებით, ან სიმინდით ჩანაცვლება. თუმცა, აღსანიშნავია რომ თითოეული მცენარეული კულტურა განსხვავებული კვებითი ღირებულებით, ვიტამინებისა და მინერალების შემცველობით ხასიათდება;
  • ნიადაგის სიჯანსაღის გაუმჯობესება — ნიადაგში ორგანული ნახშირბადის კონცენტრაციის ზრდა, გარკვეულ მაჩვენებლამდე, მას ტენის შეკავებაში ეხმარება და მცენარეების წყალზე წვდომას უზრუნველყოფს. შედეგად, ეს გვალვის მიმართ მცენარეულის მდგრადობას ზრდის. ნოყიერი ნიადაგი მცენარეებს იმაზე მეტი საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, ვიდრე ქიმიური ფერტილიზატორები. ეს უკანასკნელი კი სათბურის აირების ემისიის მნიშვნელოვანი წყაროა;
  • წყალდიდობებისა და გვალვის რისკების დათვლა — ექსტრემალურ მოვლენებთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეების გაანალიზება სურსათის სისტემაში ნაკლოვანებების აღმოჩენასა და მოსავლის დანაკარგების შემცირებაში დაგვეხმარება. დამატებით, ეს ფინანსური პრაქტიკების გაუმჯობესების საშუალებას მოგვცემს, რაც სურსათის კრიზისის შემთხვევაში დახმარების გაწევის საჭიროების გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.

ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მდგრად გზას წარმოადგენს. თუმცა, ამ პრაქტიკების მიღებას დრო და რესურსები სჭირდება. მცირე ფერმერებს კი არ აქვთ იმის ფუფუნება, მოსავლის ნაცვლად ნიადაგის გაჯანსაღებაზე, ან ახალი კულტურების შესწავლაზე და მათ მოსინჯვაზე იზრუნონ. სურსათის ინდუსტრია, მწარმოებლები და მოვაჭრეები კი ისეთ პროდუქტზე ზრდის მოთხოვნას, რაც არამხოლოდ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, სხვა საკვებისგან განსხვავებით, მეტი რაოდენობის რესურსებსაც მოითხოვს. ასე რომ, კლიმატის სამართლიანობის, გლობალური დათბობის, და რესურსების არათანაბარი და არაეფექტიანი განაწილების პრობლემა ჯერჯერობით დღის წესრიგში რჩება.

მასალა შექმნილია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის პროგრამის "გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის და დემოკრატიული მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია NEXT.On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს WFD-ის შეხედულებებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. Facebook, Messenger და სხვა სერვისები შეფერხებით მუშაობს — რას ამბობს მათი მშობელი კომპანია Meta
  2. ქართველი ემიგრანტები Meta-ს სათავო ოფისთან შეიკრიბნენ — მათ 4 ძირითადი მოთხოვნა აქვთ
  3. პროტესტს IT/Tech კომუნაც უერთდება — ისინი 12 და 13 დეკემბერს შეიკრიბებიან
  4. იყავი ინფორმირებული — NEXT.On.ge-ს 5 სტატია მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის
  5. STEM საზოგადოების ორგანიზებით 11 დეკემბერს, 17:00-ზე, საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

გირჩევთ