რაკეტა Starship მესამე სატესტო მისიის ფარგლებში გაუშვეს
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-მა მესამე სატესტო ფრენა განახორციელა.
დღეს, 14 მარტს, თბილისის დროით 17:25 საათზე, დაახლოებით 122-მეტრიანი Starship სამხრეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომ Starbase-იდან აფრინდა, რაც უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა.
პირველი სატესტო ფრენა 2023 წლის 20 აპრილს შედგა. აპარატი ატმოსფეროში დაუბრკოლებლად აიჭრა, თუმცა, სანამ ორბიტამდე მივიდოდა, აფეთქდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მისია მაინც წარმატებულად მიიჩნია, რადგან თავად ილონ მასკი მსგავსი სცენარისთვის მზად იყო.
SpaceX-ში ამბობდნენ, რომ მესამე გაშვებისას წინა გამოცდილებებს გაითვალისწინებდნენ.
"ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ იმას, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისწავლეთ", — ნათქვამი იყო SpaceX-ის განცხადებაში.
გაშვებამ წარმატებით ჩაიარა და Starship-მა საბოლოოდ მიაღწია ორბიტალურ სიჩქარეს!
დღევანდელმა მისიამ ბევრად მეტი შეძლო, ვიდრე წინა ორმა. პირველი გაშვების შემდეგ რაკეტა მალევე აფეთქდა. რაც შეეხება მეორე გაშვებას, ამ შემთხვევაში რაკეტამ ორბიტას ბოლომდე ვერ მიაღწია, მაგრამ პირველ მისიასთან შედარებით, ბევრად შორს წავიდა.
მესამე მისიის ფარგლებში რაკეტას ორბიტალური სიჩქარისთვის უნდა მიეღწია და ეს ასეც მოხდა!
გაშვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, Starship-მა თავისი მეორე წარმატებული განცალკევება შეასრულა.
შემდეგი ეტაპი გამშვების გამოცალკევება და დედამიწაზე დაშვება იყო, თუმცა ამ პროცედურის შესრულების შემდეგ მასთან კონტაქტი მალევე დაიკარგა.
რაც მთავარია, კოსმოსური ხომალდის ზედა ნაწილი, ანუ Starship, განშორების შემდეგ კოსმოსში გავიდა. მსოფლიოს უძლიერესმა რაკეტამ მიაღწია ორბიტალურ სიჩქარეს და იმოგზაურა დედამიწის გარშემო!
ამ მოვლენას სულ მალე მასკის პოსტიც მოჰყვა, სადაც ის SpaceX-ის გუნდს წარმატებას ულოცავდა.
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მიუხედავად ამისა, რაკეტის ამაჩქარებლის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდა. ის ოკეანეში უნდა დაშვებულიყო, თუმცა როგორც ჩანს გზაში განადგურდა.
ეს ყველაფერი სპეციალისტებს მომდევნო მისიის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება. ბოლო მისია წინა მცდელობებზე უკეთესი აღმოჩნდა, რადგან რაკეტა უფრო შორს აიჭრა და ბევრად დიდხანს იფრინა.
ამ რაკეტაზე დიდ იმედებს ამყარებენ, რადგან ის მრავალჯერადი გამოყენებისაა და სიმძლავრითაც გამორჩეულია, რის გამოც მის გამოყენებას პლანეტათაშორის მოგზაურობაში აპირებენ. გეგმის მიხედვით, Starship-ის სამომავლო კოსმოსურ ვოიაჟში პირველი გაჩერება მთვარე იქნება. უფრო ზუსტად, მისი დახმარებით მისია Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება.
მომდევნო გაჩერება წითელი პლანეტაა, სადაც მასკს Starship-ის დახმარებით კოლონიის დაარსება სურს. ამისთვის იქ ტვირთის, მათ შორის ბაზების ასაშენებლად საჭირო მასალებისა და, რაც მთავარია, ადამიანების ტრანსპორტირებას სწორედ ეს აპარატი ითავებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია SpaceX-მა Starship-ზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში მის დახვეწას ცდილობდა. აქამდე ხომალდის პროტოტიპებს მცირე დისტანციაზე უშვებდნენ, სულ რამდენიმე მეტრ სიმაღლეზე, მანძილის ზრდის პარალელურად კი აფეთქებები იმატებდა. საბოლოოდ, 2021 წელს რაკეტა გაშვების შემდეგ წარმატებით, აფეთქების გარეშე დაეშვა, რაც ამდენი მცდელობის შემდეგ პირველად მოხდა.
იქიდან მოყოლებული, კომპანია უკვე Super Heavy-ზე გადაერთო, რომელიც 69 მეტრი სიმაღლისაა და Raptor-ის ტიპის 33 ძრავს მოიცავს. ის ამაჩქარებელი საფეხურის ფუნქციას ასრულებს და აპარატის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
კომენტარები