პირველი ნაბიჯი მარსისკენ — რაკეტა Starship-ის სადებიუტო ფრენა შედგა!
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი უმძლავრესი რაკეტა Starship ისტორიული უეკიპაჟო მისიის ფარგლებში წარმატებით გაუშვეს! ფრენა 17 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა პირველ საფეხურს პრობლემა შეექმნა, ამიტომ გეგმა შეიცვალა.
ეს უმნიშვნელოვანესი სადებიუტო ფრენაა, რომელიც მარსთან კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს. ამ აპარატით ადამიანები სწორედ წითელ პლანეტაზე გაემგზავრებიან, თუმცა მანამდე ის მთვარეზე წაგვიყვანს.
Starship-ის სადებიუტო ფრენა
120 მეტრი სიმაღლის რაკეტა ტეხასში, კერძოდ ბოკა-ჩიკაში მდებარე, SpaceX-ის კუთვნილი კოსმოდრომიდან აფრინდა, რომელიც Starbase-ის სახელითაა ცნობილი. კომპანიას გაშვებისთვის 62-წუთიანი ფანჯარა ჰქონდა, რომლის გამოყენებაც შეძლო, რის შედეგადაც 2-საფეხურიანი აპარატი ატმოსფეროში დაუბრკოლებლად აიჭრა.
ამის მიუხედავად, გაშვებიდან რამდენიმე წუთში რაკეტა აფეთქდა, სანამ ორბიტამდე მიაღწევდა. ამ დროს ის მექსიკის ყურის თავზე იყო. აღსანიშნავია, რომ მისია მაინც წარმატებულად მიიჩნევა. თავად ილონ მასკი მსგავსი სცენარისთვის მზად გახლდათ, რადგან განაცხადა, რომ წარმატების შანსი 50-50-ზე იყო:
"არ ვამბობ, რომ ის ორბიტამდე მიაღწევს, მაგრამ აღელვების გარანტიას გაძლევთ. ეს მოსაწყენი არ იქნება.
ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ამ წელს ორბიტამდე მიღწევის დაახლოებით 80%-იანი შანსი გვაქვს. სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე წელი დაგვჭირდება, რათა სრულ მრავალჯერად გამოყენებადობამდე მივიდეთ", — თქვა მან.
რაკეტის პირველი საფეხური 33 ძრავით აღჭურვილი Super Heavy-ა, უფრო კონკრეტულად კი მისი პროტოტიპი, Booster 7, რომელიც მექსიკის ყურეში უნდა დაშვებულიყო. მასზე განთავსებული იყო თავად Starship-ის პროტოტიპი SN24, რომელიც ოკეანეში უნდა დაშვებულიყო.
ფრენისას Starship-ს ე.წ. ორბიტული სიჩქარისთვის შეიძლებოდა მიეღწია, რომელიც დაახლოებით 28 160 კმ/სთ-ია. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართებოდა, ამ დროს რაკეტა ხმელეთიდან 241.4 კილომეტრამდე სიმაღლეზე იქნებოდა.
საცდელი მისიის ხანგრძლივობად 90 წუთი მოიაზრებოდა. SpaceX-მა ფრენისას მაქსიმალური ინფორმაცია შეაგროვა, რომელიც სამომავლოდ რაკეტის დასახვეწად და მისი ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად გამოადგება.
უფრო მეტი Starship-ის შესახებ
"Starship სრულად მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო სისტემაა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე ტვირთის ასატანად და ეკიპაჟის ასაყვანად, მთვარეზე კაცობრიობის დასაბრუნებლად და მარსსა თუ მის მიღმა გასამგზავრებლადაა შექმნილი. ასეთი საცდელი ფრენის წარმატება იზომება იმით, თუ რას ვისწავლით მისგან, რაც სამომავლოდ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად გამოგვადგება", — ვკითხულობთ SpaceX-ის მისიის აღწერაში.
გარდა იმისა, რომ ეს სისტემა მრავალჯერადი გამოყენებისაა, ის სიმძლავრითაც გამორჩეულია, რის გამოც მასზე პლანეტათაშორისი მოგზაურობის მხრივ დიდ იმედებს ამყარებენ. გეგმის მიხედვით, Starship-ის სამომავლო კოსმოსურ ვოიაჟში პირველი გაჩერება მთვარე იქნება. უფრო ზუსტად, 2025 წელს მისი დახმარებით მისია Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება.
ასევე, იხილეთ: რატომ არის SpaceX-ის Starship ისტორიული მნიშვნელობის კოსმოსური ხომალდი
მომდევნო გაჩერება წითელი პლანეტაა, სადაც მასკს Starship-ის დახმარებით კოლონიის დაარსება სურს. ამისთვის იქ ტვირთის, მათ შორის ბაზების ასაშენებლად საჭირო მასალებისა და, რაც მთავარია, ადამიანების ტრანსპორტირებას სწორედ ეს აპარატი ითავებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია SpaceX-მა Starship-ზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში მის დახვეწას ცდილობდა. აქამდე ხომალდის პროტოტიპებს მცირე დისტანციაზე უშვებდნენ, სულ რამდენიმე მეტრ სიმაღლეზე, მანძილის ზრდის პარალელურად კი აფეთქებები მატულობდა. საბოლოოდ, 2021 წელს რაკეტა გაშვების შემდეგ წარმატებით, აფეთქების გარეშე დაეშვა, რაც ამდენი მცდელობის შემდეგ პირველი ასეთი შემთხვევა იყო.
იქიდან მოყოლებული, კომპანია უკვე Super Heavy-ზე გადაერთო, რომელიც 69 მეტრი სიმაღლისაა და Raptor-ის ტიპის 33 ძრავს მოიცავს. ის ამაჩქარებელი საფეხურის ფუნქციას ასრულებს და აპარატის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
უნდა ითქვას, რომ SpaceX უკანასკნელი ფრენისთვის სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან ნებართვის მოპოვებას დიდი ხანი ცდილობდა, რათა ადამიანებისა და გარემოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ყოფილიყო. მან დასტური 14 აპრილს მიიღო და სადებიუტო მისიამაც არ დააყოვნა.
კომენტარები