1972 წლის შემდეგ პირველად, აშშ-მა მთვარეზე აპარატი დასვა
კომპანია Intuitive Machines-ის მიერ შექმნილი დასაშვები მოდული ოდისევსი მთვარის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაჯდა. ეს აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ამ ქვეყანას იქ აქამდე კერძო ზონდი არ დაუსვამს, თანაც აშშ-ის აპარატი ბოლოს მთვარეზე 1972 წელს იყო.
აპარატმა დედამიწის ერთადერთ თანამგზავრზე დასაშვებად მოძრაობის სიჩქარე 1.8 კმ/წმ-დან მალევე იმ დონემდე შეანელა, რომ წინასწარ განსაზღვრულ არეალში დამჯდარიყო. ეს მან წარმატებით მოახერხა, მაგრამ ამ მომენტში მას დედამიწიდან არავინ მართავდა, ამიტომ ის სრულად ავტონომიურად ფუნქციონირებდა.
ოდისევსთან კომუნიკაცია 15 წუთის განმავლობაში გაწყდა. საბოლოოდ, თბილისის დროით 23 თებერვლის 03:38 საათზე გავიგეთ, რომ მოდული Malapart A-ს სახელით ცნობილ კრატერში დაეშვა, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსიდან 300 კილომეტრითაა დაშორებული.
ოდისევსი დედამიწის ორბიტაზე 15 თებერვალს ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიტანა. 16 თებერვალს მისგან პირველი სურათები მივიღეთ, ახლა კი ის უკვე დანიშნულების ადგილზეა.
Intuitive Machines მისია ოდისევსის ფარგლებში NASA-ს პროექტ CLPS-სთან თანამშრომლობს. ის მსგავს აპარატებზე სამეცნიერო ხელსაწყოების დამონტაჟებას ისახავს მიზნად, რათა მთვარის პროგრამა Artemis-ისთვის საჭირო მონაცემები შეაგროვონ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სააგენტოს სურს, 2030 წლამდე ადამიანები მთვარეზე დააბრუნოს.
ოდისევსზე NASA-ს 6 ხელსაწყოა, დანარჩენი 6 კი კომერციული კლიენტების კერძო ტვირთია. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ინსტრუმენტები კომპანია Astrobotic-ის აპარატ Peregrine-ზეც იყო, რომელიც მთვარის ზედაპირზე უნდა დაშვებულიყო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან მოულოდნელად მის რეაქტიულ სისტემაში ანომალია დაფიქსირდა. ის დედამიწის ატმოსფეროში 18 იანვარს დაიწვა.
რაც შეეხება ოდისევსს, ის Intuitive Machines-ის პირველი მისიაა, რომელიც ისტორიული აღმოჩნდა. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეს მოდული, მავალთან ერთად, მზის ენერგიით მომარაგდება, რათა მასზე არსებულმა ხელსაწყოებმა სათანადოდ იფუნქციონიროს.
კომენტარები