ადრეულ სამყაროში მოსალოდნელზე ბევრად მასიური გალაქტიკა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების მეშვეობით ადრეულ სამყაროში წარმოქმნილი მასიური გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენს მშობლიურ ირმის ნახტომზე ბევრად მეტ ვარსკვლავს შეიცავს. ეს მიგნება კოსმოლოგიის სტანდარტულ მოდელს გამოწვევის წინაშე აყენებს.
ზემოხსენებული გალაქტიკა ZF-UDS-7329-ის სახელითაა ცნობილი და ის ადრეულ სამყაროში არსებობდა, ამ პერიოდში კი მსგავსი მახასიათებლების მქონე ამგვარი სისტემის ფორმირება მოულოდნელია.
მის წარმოქმნაში, სავარაუდოდ, ბნელი მატერიის დიდმა სტრუქტურებმა მონაწილეობა არ მიიღო. რამ გამოიწვია ეს, უცნობია, მაგრამ მსოფლიოში უმძლავრეს ტელესკოპს ასეთი მასიური გალაქტიკები აქამდეც აღმოუჩენია. წესით, უზარმაზარ გალაქტიკებს ერთიანობას სწორედ ბნელი მატერიის მასიური სტრუქტურები უნარჩუნებს. ამის მიუხედავად, მსგავსი რამ კოსმოსის განვითარების ადრეულ ეტაპზე ვერ უნდა ჩამოყალიბებულიყო.
ZF-UDS-7329 ვების ტელესკოპმა ისეთი "დაინახა", როგორიც 11.5 მილიარდი წლის წინ იყო. მოწყობილობა ინფრაწითელ სპექტრს იყენებს, ამიტომ მას ასეთ შორეულ წარსულზე დაკვირვება შეუძლია.
გალაქტიკაში თავმოყრილი ვარსკვლავების სპექტრული მონაცემების ანალიზის გზით სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ეს მნათობები კიდევ 1.5 მილიარდი წლით ადრე გაჩნდა, ანუ თითქმის 13 მილიარდი წლის წინ.
ზუსტად არ ვიცით, როდის დაიწყო ვარსკვლავებმა შეჯგუფება და გალაქტიკების ფორმირება. კოსმოლოგები აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ეს პროცესი დიდი აფეთქებიდან რამდენიმე ასეულ მილიონ წელში დაიწყო. ახლანდელი თეორიების მიხედვით, ბნელი მატერიის ჰალოები აირთან ინტეგრირდა და გალაქტიკათა ჩანასახები წარმოქმნა.
დიდი აფეთქებიდან 1-2 მილიარდ წელში, ამ ჩანასახებისგან უკვე შედარებით განვითარებული ჯუჯა გალაქტიკები მივიღეთ, ირმის ნახტომის მსგავსი სისტემები სწორედ ასეთი ობიექტების შერწყმის შედეგად გაჩნდა.
ახალი აღმოჩენა ასეთ დროით ქრონოლოგიას ეწინააღმდეგება, რადგან ვების მიერ აღმოჩენილი გალაქტიკა ჩვენის მსგავსია, მაგრამ მასზე ბევრად ხნიერი. ამასთან, ის ბნელი მატერიის სტრუქტურების გარეშე უნდა ჩამოყალიბებულიყო. საინტერესოა ისიც, რომ მნათობთა წარმოქმნის აქტიური პერიოდიდან მალევე იქ ეს პროცესი შეწყდა.
"ახლა მთავარი კითხვაა, თუ როგორ მოახერხა ასეთმა გალაქტიკებმა მსგავსი სისწრაფით ფორმირება საკმაოდ ადრეულ სამყაროში და რა იდუმალმა მექანიზმებმა გამოიწვია იქ ვარსკვლავების წარმოქმნის შეწყვეტა, როცა დანარჩენ კოსმოსში ეს პროცესი მიმდინარეობდა", — აცხადებენ მეცნიერები.
მათი მიზანი კიდევ მეტი ამგვარი გალაქტიკის აღმოჩენა და შესწავლაა. ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები