მეცნიერებმა 1700 წლის კვერცხი აღმოაჩინეს, რომელსაც შიგნეულობა შენარჩუნებული აქვს
ეილსბერისთან ახლოს, გაერთიანებულ სამეფოში, მეცნიერებმა ხელუხლებელი ქათმის კვერცხი აღმოაჩინეს, რომელიც ყვითრსა და კვერცხის ცილას ჯერ კიდევ შეიცავს. კვერცხი 1 700 წლის წინანდელია და რომის იმპერიის დროით თარიღდება.
იგი არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობისას სხვა კვერცხებთან ერთად იპოვეს მოწნულ კალათაში. მიჩნეულია, რომ ადგილი, სადაც ეს აღმოჩენა გაკეთდა, ერთ დროს რომაელთა სურვილების ჭა უნდა ყოფილიყო.
კვერცხები ექსკავაციის დროს დაიმსხვრა და გოგირდის მძაფრი სუნი გამოუშვა, თუმცა აქედან ერთი მათგანი ხელუხლებელი აღმოჩნდა.
ასევე იხილეთ: არქეოლოგებმა 1000 წლის კვერცხი აღმოაჩინეს და შემთხვევით გატეხეს
მისი მდგომარეობით გაკვირვებულმა მეცნიერებმა ნიმუშს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს. დადგინდა, რომ კვერცხს საჰაერო კამერა ჰქონდა შენარჩუნებული და შიგნით ბლანტი სითხე ესხა. სავარაუდოდ, ეს უკანასკნელი ყვითრი და კვერცხის ცილა უნდა ყოფილიყო.
///
გარდა კვერცხებისა, ეილსბერისთან ახლოს მეცნიერებმა მოწნული კალათა, კერამიკის ჭურჭელი, მონეტები, ტყავის ფეხსაცმელი და ცხოველის ძვლებიც იპოვეს.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეილსბერის კვერცხი ამ ტიპის პირველი აღმოჩენა უნდა იყოს რომაული ბრიტანეთიდან. ამას ისინი ნიმუშის ასაკისა და მდგომარეობის მიხედვით ვარაუდობენ. გარდა ამისა, შესაძლოა, იგი შემთხვევით შემონახული უძველესი ჩიტის კვერცხიც იყოს მსოფლიოში.
საგულისხმოა, რომ მეცნიერებს უფრო ძველი კვერცხებიც აღმოუჩენიათ. მეორე მხრივ, ისინი განზრახ იყო შემონახული. ახალ აღმოჩენაში გასაოცარი სწორედ ისაა, რომ დამარხვის შემდეგ ისინი ნიადაგის პირობებმა შემთხვევით შემოინახა.
ცნობისთვის, რომაელები კვერცხებს ხშირად სთავაზობდნენ ღმერთებს და დაკრძალვის ცერემონიების დროსაც იყენებდნენ, როგორც სიცოცხლისა და ხელახალი დაბადების სიმბოლოებს. ვინ იცის, იქნებ აღმოჩენილი კვერცხებიც სწორედ ამ მიზნით გამოეყენებინათ ანდა უბრალოდ კალათა დარჩა ვინმეს...
კომენტარები