სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ წარმოადგენდეს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება DFRLab-თან პარტნიორობის ფარგლებში. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა. ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია ღია წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მთელი მსოფლიოს გარშემო.

2023 წლის 25 სექტემბერს ულტრამემარჯვენე ჯგუფმა, ალტ-ინფომ და მასთან აფილირებულმა პოლიტიკურმა პარტიამ, კონსერვატიულმა მოძრაობამ, საქართველოში "ანტიმაიდანური" მოძრაობის დაწყება გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) მიერ 18 სექტემბერს გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, გარკვეული ჯგუფი უცხოური მხარდაჭერის დახმარებით გეგმავდა "საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას". მოგვიანებით, 2 ოქტომბერს, სუს-მა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ტრენერები საქართველოში არეულობის გასაღვივებლად იყვნენ ჩამოსულები.

"ანტიმაიდანი" მიემართება პრორუსულ დემონსტრაციებს, რომლებიც უკრაინასა და რუსეთში 2013-2015 წლებში ტარდებოდა. დემონსტრაციების მიზანი იყო, დაპირისპირებოდა უკრაინის პროდასავლურ ევრომაიდანს, რომელიც კრემლის მხარდაჭერილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებისგან ჩამოშორებით დასრულდა.

DFRLab-მა აღმოაჩინა, რომ ალტ-ინფო სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე — მათ შორის ტიკტოკზე, ტელეგრამზე, ფეისბუქსა და იუთუბზე — ქართულ ანტიმაიდანურ მოძრაობას აქეზებდა.

ალტ-ინფოს მიერ ანტიმაიდანური მოძრაობის დაწყების გამოცხადება

დეზინფორმაციის გამოვლენაზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებს არაერთხელ გამოუვლენიათ მოძალადე, ულტრამემარჯვენე და პროკრემლისტური ჯგუფის, ალტ-ინფოს მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფს საქართველოში ეროვნული მასშტაბით მაუწყებლობის ლიცენზია აქვს.

2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებსა და ლგბტქ+ აქტივისტებზე ალტ-ინფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმის მერე, რომლის შედეგადაც ტელეოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დაიღუპა, ძალადობრივი ჯგუფის ლიდერებმა პოლიტიკური პარტია დააარსეს. ეს უკანასკნელი რუსეთთან "პირდაპირ და უპირობო დიალოგსა" და "მჭიდრო პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობის" დამყარებას უჭერს მხარს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოზე ტერორიზმის შესახებ გაკეთებულ ანგარიშში ალტ-ინფო "ძალადობრივ ექსტრემიზმთან ასოცირებულ ულტრამემარჯვენე, პრორუსულ ჯგუფად" არის შეფასებული.

ალტ-ინფომ ანტიმაიდანურ მოძრაობასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ პირველად 2023 წლის 8 ივლისს ისაუბრა — მას მერე, რაც ჯგუფმა "თბილისის პრაიდის" ფესტივალზე თავდასხმის ორკესტრირებაში მიიღო მონაწილეობა. მოძრაობის ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა ლიბერალების მიერ გადატრიალების მოწყობას და საქართველოს "მეორე ფრონტად" ქცევას შეუშლიდა ხელს. ამ უკანასკნელში იგულისხმება ნარატივი, თითქოს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის საქართველოში შემოჭრას გამოიწვევს.

2023 წლის 25 სექტემბრის პრესკონფერენციაზე ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ანტიმაიდანური მოძრაობის უმთავრესი მიზანი იყო, დაეცვა საქართველო მოსალოდნელი არეულობისგან. ეს გაფრთხილება მიემართებოდა ევროკავშირის იმ დროისთვის მოახლოებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც საქართველომ, საბოლოოდ, 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო.

თავიანთი გეგმების გაცხადებისას ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა მარტინენკომ აღნიშნა, რომ მიზანი მთელ საქართველოში კარგად ორგანიზებული ჯგუფების შექმნაა, რათა რამდენიმე საათში იყოს შესაძლებელი სხვადასხვა რეგიონიდან ათი ათასობით ადამიანის მობილიზება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლი კრძალავს უკანონო ფორმაციების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნას ან ხელმძღვანელობას.

ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის გზავნილები, რომლებიც ანტიმაიდანურ მოძრაობას აქეზებს და მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეზე თესავს შიშს, თანხმობაშია ქართული ოცნების ნარატივებთან. ეს უკანასკნელი 2014 წლიდან მოყოლებული ადანაშაულებს დემონსტრანტებსა და ოპოზიციურ პარტიებს, თითქოს ისინი ადგილობრივი მაიდიანური მოძრაობის ნაწილი არიან და მთავრობის დამხობას ცდილობენ. მმართველმა პარტიამ ანტიდასავლური რიტორიკა მას მერე გააძლიერა, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხოლო საქართველოს მთავრობამ პირველ ჯერზე ვერ შეძლო ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღება.

ერთ-ერთი გავრცელებული გზავნილის თანახმად, ქართული ოცნების ლიდერები დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში სდებენ ბრალს. 2023 წლის მარტში, როცა რუსული კანონით ინსპირირებული "უცხოელი აგენტების კანონპროექტის" წინააღმდეგ დაწყებულმა დემონსტრაციებმა ქუჩებში ათობით ათასი მოქალაქე გამოიყვანა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დემონსტრანტები "უცხო ქვეყნის [იგულისხმება დასავლეთი] მსახურებად" მოიხსენია. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი დემონსტრანტებს "უცხოური გავლენის აგენტები" უწოდა, რომელთაც მთავრობის დამხობა სურთ, რაც კრემლის პროპაგანდის გამგრძელებელი და ფართოდ გავრცელებული ნარატივია.

სოციალური მედიის პლატფორმებზე ანტიმაიდანური გზავნილების გავრცელება

DFRLab-მა აღმოაჩინა, რომ ალტ-ინფო და კონსერვატიული მოძრაობა ანტიმაიდანურ მოძრაობას ტიკტოკზე, ტელეგრამზე, ფეისბუქსა და იუთუბზე აქეზებდნენ.

ტიკტოკი

DFRLab-მა გამოავლინა ტიკტოკის 23 არხი, რომელიც ალტ-ინფოსთან იყო ასოცირებული. მათგან თვრამეტს დასახელებაში "alt info-ს" ვარიაცია ერია — მაგალითად, alt_news, alt_info_news, alt_infoeli და სხვა. სავარაუდოა, რომ ამ არხებიდან ზოგი ერთდროულად, ჯგუფებად შეიქმნა, რადგან მათ დასახელებებში შეინიშნებოდა განმეორებითი ტენდენცია: კერძოდ, სიტყვა "altinfo", რომელსაც მოჰყვებოდა ციფრი — მაგალითად, altinfo1, altinfo2, altinfo5, altinfo8 და ასე შემდეგ.

2024 წლის 5 იანვრის მონაცემებით, შვიდი ანგარიში წაშლილი ან დეაქტივირებული, ხოლო ჩვიდმეტი აქტიური იყო. ეს ანგარიშები ზოგჯერ იდენტურ მასალას აქვეყნებდნენ. ისინი მეტწილად ავრცელებდნენ ალტ-ინფოს გადაცემებს, ხშირად აზიარებდნენ ალტ-ინფოს პროგრამებიდან ამოჭრილ ვიდეოებს, რომლებსაც ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებული მინაწერები ჰქონდა. ამ არხების მუშაობის მსგავსი სტილი და გაზიარებული მასალა აჩენს ეჭვს, რომ ისინი, შესაძლოა, ცენტრალიზებულად იმართებოდეს, მაგრამ ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ სამ არხზე ბოლო დროის განმავლობაში აქტიურობა არ შეინიშნება, ერთზე კი საჯარო წვდომაა შეზღუდული.

  • დიაგრამა, რომელიც ალტ-ინფოსთან ასოცირებული ტიკტოკ-არხების გამომწერთა რაოდენობას აჩვენებს. წყარო: სოფო გელავა /DFRLab / TikTok, Flourish.

გარდა ამისა, არსენ ფოფხაძე — პირი, რომელიც DFRLab-მა სხვა კვლევისას იმ დროისთვის ახლად დაარსებული კონსერვატიული მოძრაობის პოპულარობაზე მომუშავე, ფეისბუქის ყალბი ქსელის მმართველად გამოააშკარავა — მართავდა არხს "მსოფლიო პოლიტიკა" ("World Politics"). არხის "ადმინის ბლოგის" სექციაში ფოფხაძე აქვეყნებდა თავის შეფასებებს რეგიონსა და უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გარშემო. 2024 წლის 5 იანვრის მონაცემებით, არხი დეაქტივირებული იყო. DFRLab-მა გამოავლინა სხვა არხი მსგავსი სახელით, "world_political_news — მსოფლიო პოლიტიკა", რომელსაც ყველაზე მეტი, 16,600 გამომწერი ჰყავდა. ამ არხის ვიდეოების სტილი — ისევე, როგორც ვიდეოების წარწერებში გამოყენებული ფერები და შრიფტები — ძალიან ჰგავს ფოფხაძის "მსოფლიო პოლიტიკის" არხს. ეს იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ამ არხსაც ფოფხაძე მართავს.

სოციალური მედიის ანალიტიკური ხელსაწყოს, Analisia.io-ს გამოყენებით (რომელიც სტატიის გამოქვეყნებამდე გაუქმდა), DFRLab-მა ტიკტოკის თითოეული არხის აუდიტორიის დაახლოებითი მოცულობა გამოითვალა. 2024 წლის 5 იანვრის მონაცემებით, საერთო ნახვების მხრივ ყველაზე პოპულარული იყო "alt_news", რომლის ვიდეოებიც 371,339-ჯერ ნახეს.

  • დიაგრამა, რომელიც ანახებს, რამდენი ვიდეო გამოქვეყნდა ტიტკოტის თითოელ არხზე და რამდენჯერ ნახეს ისინი. წყარო: სოფო გელავა /DFRLab / TikTok, Flourish.

შვიდი არხი აქტიურად ავრცელებდა ანტიმაიდანურ მოძრაობასთან დაკავშირებულ ვიდეოებს და იყენებდა ჰეშთეგებს, #ანტიმაიდანი და #რევოლუცია. 2024 წლის 5 იანვრის მონაცემებით, ჰეშთეგს #ანტიმაიდანი ერთ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა დაგროვებული — მეტწილად კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული ვიდეოებიდან და ანტიმაიდანურ მოძრაობაზე პარტიის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან. ამ არხებზე კიდევ სამი ხშირად გამოყენებული ჰეშთეგი იყო #კონსერვატიულიმოძრაობა, #altinfo და #ალტინფო. ეს ჰეშთეგები, როგორც წესი, კონსერვატიულ მოძრაობასთან და ალტ-ინფოსთან დაკავშირებული მასალის კატეგორიზებისა და გავრცელებისთვის გამოიყენებოდა.

ანტიმაიდანური მოძრაობის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი არხები აზიარებდნენ ყალბ ნარატივებს, რომელთა თანახმადაც, დასავლეთი საქართველოში ძალადობრივ გადატრიალებას გეგმავს, როგორც ეს, მათივე მტკიცებით, უკრაინაში ქნეს. მაგალითად, არხზე, "alt_info.konservatori", რომელიც აქტიური აღარაა, გამოქვეყნდა მახარაძის სიტყვით მიმართვის ვიდეო შემდეგი სახის მინაწერით — არსებობს ორი არჩევანი: ან იმის მხარდაჭერა, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს, ან ამის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს განცხადება თანხვედრაშია ფართოდ გავრცელებულ პროკრემლისტურ ნარატივთან, თითქოს დასავლეთი სხვადასხვა ქვეყანაში გადატრიალებებსა და რევოლუციებს გეგმავს. ევროკავშირის "აღმოსავლეთ სტარტკომის ოპერატიული სამუშაო ჯგუფის" საფლაგმანო პროექტის, EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზა შეიცავს დეზინფორმაციის ექვსასზე მეტ შემთხვევას, რომელიც ამ ნარატივთანაა დაკავშირებული.

ალტ-ინფოსთან ასოცირებული ტიკტოკ-არხები, რომლებიც ანტიმაიდანურ მოძრაობას უჭერენ მხარს. ვიდეოები და წარწერები იუწყებიან, რომ დასავლეთი საქართველოში ძალადობრივ დესტაბილიზაციას გეგმავს.

ფოტო: მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოთ: alt_info.konservatori/არქივი; altinfo5/არქივი; მსოფლიო პოლიტიკა/არქივი; altinfo1/არქივი; კონსერვატორი /არქივი; altinfo2/არქივი.

ტელეგრამი

DFRLab-მა ტელეგრამზე ალტ-ინფოსთან დაკავშირებული რვა არხი გამოავლინა. არხი "მსოფლიო პოლიტიკა" ეკუთვნის ფოფხაძეს, რომელიც იმავე სახელწოდების ტიკტოკ-არხსაც მართავს. არხი "BeqaNews" ეკუთვნის ბექა ვარდოსანიძეს, რომელსაც ალტ-ინფოსთან მჭიდრო კავშირები აქვს. "Alt-Info News" და "Alt-Info • ალტ-ინფო" აზიარებს ალტ-ინფოს წევრთა ტელეგადაცემებსა და განცხადებებს. დანარჩენი არხები ეკუთვნის ჯგუფის ლიდერებს, ზურაბ მახარაძეს, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და გიორგი ქარდავას. ოთხი არხი,"BeqaNews", "Alt-Info News", "Alt-Info • ალტ-ინფო" და "მსოფლიო პოლიტიკა" 2020-2022 წლებს შორის შეიქმნა და ყველა მათგანზე ქვეყნდებოდა 2023 წლის 8 ივლისის თბილისის პრაიდის ფესტივალზე თავდასხმის წამახალისებელი მასალა. ალტ-ინფოს ლიდერების არხები კი 2023 წელს შეიქმნა.

  • დიაგრამა, რომელიც ალტ-ინფოსთან ასოცირებულ ტელეგრამ-არხებს სიდიდის მიხედვით აჩვენებს, მათი შექმნის თარიღებთან ერთად. წყარო: სოფო გელავა /DFRLab / Telegram, Flourish.

ტელეგრამის რვა ჯგუფი ანტიმაიდანური მოძრაობის მხარდასაჭერად, როგორც ჩანს, კოორდინირებულად მოქმედებს, რადგან ისინი ერთმანეთის პოსტებს აზიარებენ — ზოგჯერ რამდენიმე წუთის შუალედითაც კი. მაგალითად, მარტინენკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ერთი პოსტი ალტ-ინფოს მხარდამჭერებს მოუწოდებდა, შეეგროვებინათ ანტიმაიდანურ მოძრაობაში გაერთიანებით დაინტერესებულთა საკონტაქტო ინფორმაცია. ეს პოსტი, იდენტური წარწერით, სწრაფად — წუთების განმავლობაში გადაზიარდა სამ სხვა არხზე.

ალტ-ინფოს ლიდერების ტელეგრამ-არხები, რომლებიც ანტიმაიდანურ მოძრაობას უჭერენ მხარს.

ფოტო: მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოთ: გიორგიქარდავა/არქივი; შოთამარტინენკო/არქივი; ირაკლიმარტინენკო/არქივი; ზურაბმახარაძე/არქივი.

DFRLab-მა გამოიყენა TG Collector ტელეგრამის რვა არხის პოსტების გასაანალიზებლად, რისთვისაც თითოეული არხის შექმნიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში გამოქვეყნებული პოსტები შეაგროვა. ამის მერე DFRLab-მა ის პოსტები გამოაცალკევა, რომლებიც საკვანძო სიტყვებს, "მაიდანი"/მაედანი", შეიცავდა. ამის შედეგად გამოვლინდა 605 პოსტი, ცრუ დადებითი შედეგების გამოკლებით. ანალიზმა აჩვენა, რომ საკვანძო სიტყვები, "მაიდანი"/მაედანი" ხშირად გამოიყენებოდა სამი ძირითადი გზავნილის გასავრცელებლად: დასავლეთი ვითომდა ძალადობრივ გადატრიალებას გეგმავს საქართველოში; უკრაინაში ომი დასავლეთის მიერ მოწყობილმა გადატრიალებამ გამოიწვია; და ანტიმაიდანურ მოძრაობასთან დაკავშირებული ზოგადი ლოჯისტიკური ინფორმაცია.

  • დროის გრაფიკი, რომელიც ანახებს საკვანძო სიტყვების, "მაიდანი"/მაედანის" გამოყენებას ალტ-ინფოს რვა ტელეგრამ-არხზე. სიტყვების გამოყენების სიხშირის ზრდა ემთხვევა პროდასავლური დემონსტრაციების პერიოდს ქვეყანაში. წყარო: სოფო გელავა/DFRLab/TG Collector, Flourish.

"მაიდანი"/მაედანის" გამოყენების სიხშირის ზრდის პერიოდი ემთხვევა ორ უდიდეს პროდასავლურ დემონსტრაციას ქვეყანაში. პირველი მატება მოხდა 2022 წლის ივნისში, "გავრილოვის ღამის" დემონსტრაციების წლისთავზე, როცა ათი ათასობით ადამიანმა "შინ, ევროპისკენ" ბანერის ქვეშ მოაწყო მსვლელობა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერის გამოსახატად. მეორე მატება აღინიშნა 2023 წლის მარტში, "უცხოელი აგენტების კანონპროექტის" გამპროტესტებელი დემონსტრაციების დროს.

აგვისტოში "მაიდანი"/მაედანის" ხსენების სიხშირე სტაბილურად იზრდებოდა, მას მერე, რაც ალტ-ინფომ ანტიმაიდანური მოძრაობის ორგანიზების გეგმები განიხილა. მესამე და ყველაზე დიდი მატება დაფიქსირდა 2023 წლის სექტემბერში, მას მერე, რაც კონსერვატიულმა მოძრაობამ ანტიმაიდანური მოძრაობა გამოაცხადა. 2023 წლის ოქტომბერში ეს საკვანძო სიტყვები ხშირად გამოიყენებოდა, პოსტები კი მეტწილად ეხებოდა კონსერვატიული მოძრაობის ლიდერების მიერ ჩატარებულ რეგიონულ შეხვედრებს და მხარდამჭერებისთვის მოძრაობის გაცნობას. ნოემბერში ყურადღება გადავიდა იმ დროს მოახლოებულ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, მიენიჭებინა თუ არა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი და სუს-ის ბრალდებებზე, თითქოს USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენერები საქართველოში არეულობას გეგმავდნენ.

ფეისბუქი

მეტამ ალტ-ინფოსთან დაკავშირებული რამდენიმე ყალბი ქსელი გააუქმა, რომელთაგან ბოლომ არსებობა 2022 წელს შეწყვიტა. მას მერე ალტ-ინფომ საქმიანობა სხვა ონლაინპლატფორმებზე გადაიტანა, მაგრამ ჯგუფი მაინც ცდილობს ფეისბუქზე დაბრუნებას. ამის მიუხედავად, მის მიერ ახლად შექმნილი გვერდები, როგორც წესი, მალევე იშლება. ამჟამად ალტ-ინფოსთან ასოცირებული ერთადერთი ფეისბუქ-გვერდი "Alt-info ალტ-ინფო" არის, რომელიც 2023 წლის 12 ნოემბერს შეიქმნა. ეს გვერდი აზიარებდა ალტ-ინფოს ტელეგრამ-არხების მასალას და აქვეყნებდა ვიდეოებს ალტ-ინფოს მაუწყებლობიდან. გვერდი ასევე მართავს ფეისბუქის ღია ჯგუფს, "ალტ-ინფო Alt-Info", რომელიც იმავე დღეს შეიქმნა. ჯგუფს, ალტ-ინფოს ფეისბუქის გვერდთან ერთად, ანგარიში, "ეროვნული საქართველო" მართავს.

ალტ-ინფოს მასალა ფეუსბუქზე კონსერვატიული მოძრაობის პარტიასთან დაკავშირებული გვერდებით, ანგარიშებითა და ჯგუფებით ვრცელდება. 2022 წელს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ფეისბუქზე კონსერვატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული 10 გვერდი, 23 ჯგუფი და მომხმარებლის 14 ანგარიში გამოავლინა. ISFED-ის თანახმად, ალტ-ინფო პლატფორმაზე აქტიურობისთვის, სავარაუდოდ, კონსერვატიული მოძრაობის ამ პროფილებს იყენებს. მათში კონსერვატიული მოძრაობის რეგიონული განყოფილებების გვერდები, ჯგუფები და მომხმარებელთა ანგარიშებიც შედის. DFRLab-მა აღმოაჩინა, რომ ანტიმაიდანური მოძრაობის მხარდამჭერი მასალა ფეისბუქის ამ პროფილებზეც ვრცელდება.

კონსერვატიული მოძრაობის გვერდები (ზემოთ) და ჯგუფები (ქვემოთ), რომლებიც მხარდამჭერებს ანტიმაიდანურ მოძრაობაში გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. ქვედა სურათებზე, რომლებსაც "არა მაიდანს" აწერიათ, ჩანს კაცი უკრაინის დროშის ფერებში შეღებილი ჩაფხუტით, რაც იმაზე მინიშნება, თითქოს უკრაინაში ომი მაიდანის მოძრაობის შედეგია.

ფოტო: მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოთ: "ალტერინფო"/არქივი; "კონსერვატიული მოძრაობა – ლაგოდეხის ორგანიზაცია"/არქივი; "კონსერვატიული მოძრაობა – გორის ოფიციალური გვერდი"/არქივი; "კონსერვატიული მოძრაობა – გამარჯვებისთვის !!!"/არქივი; "კონსერვატიული მოძრაობა წნორი"/არქივი; "ზურაბ მახარაძის მხარდამჭერები"/არქივი.

იუთუბი

DFRLab-მა გამოავლინა იუთუბის ხუთი არხი, რომლებიც ალტ-ინფოსთან და კონსერვატიულ მოძრაობასთანაა დაკავშირებული. არხი, "Alt-Info • ალტ-ინფო" აქვეყნებს ტელეგადაცემებს და ტიკტოკზე გაზიარებულ მასალას. დანარჩენი ოთხი არხი ჯგუფის ლიდერებს, ირაკლი მარტინენკოს, შოთა მარტინენკოს, გიორგი ქარდავას და ზურაბ მახარაძეს ეკუთვნით. ხუთივე არხი 2023 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე პერიოდში შეიქმნა. ირაკლი მარტინენკოს, შოთა მარტინენკოსა და გიორგი ქარდავას არხები შეიქმნა 7-8 სექტემბერს, ანტიმაიდანური მოძრაობის გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე. მახარაძის არხის გარდა, ყველა სხვა არხი ავრცელებს ანტიმადანური მოძრაობის მხარდამჭერ მასალას და მოძრაობის შესახებ ალტ-ინფოს ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მახარაძის არხი ეძღვნება უკრაინის შესახებ სიახლეებს, მათ შორის რუსულ ენაზე, მაგრამ არხზე 2023 წლის აპრილის მერე არაფერი გამოქვეყნებულა.

არჩევნების მოლოდინში

DFRLab-ის ანალიზი იმაზე, თუ როგორ უჭერდა მხარს ალტ-ინფოს არხები ანტიმაიდანურ მოძრაობას ტიკტოკზე, ტელეგრამზე, ფეისბუქსა და იუთუბზე, ცხადყოფს, რომ ჯგუფი თავისი მიზნების მისაღწევად ანტიდასავლურ კონსპირაციებს ეყრდნობა. არხებზე ვრცელდება ნარატივი, თითქოს დასავლეთი საქართველოში გადატრიალებას გეგმავს და ზიარდება სუს-ის მტკიცებები, რომ საქართველო ევრომაიდანის მსგავსი აჯანყების რისკის ქვეშაა. ეს გზავნილი თანხვედრაშია ქართული ოცნების დღის წესრიგთან. მმართველმა პარტიამ ანტიდასავლური რიტორიკა მას მერე გააძლიერა, რაც რუსეთი ხელახლა შეიჭრა უკრაინაში, ხოლო საქართველომ პირველ ცდაზე ვერ შეძლო, მოეპოვებინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის (რომელიც დღეს მას უკვე აქვს). 2024 წლის შემოდგომაზე დანიშნული უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება თავდასხმები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე და ქვეყნის სტრატეგიულ დასავლელ პარტნიორებზე, რაც მეტწილად განსაზღვრავს კიდეც პოლიტიკურ სიტუაციას არჩევნებამდე პერიოდში.