სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ წარმოადგენდეს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება DFRLab-თან პარტნიორობის ფარგლებში. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა. ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია ღია წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მთელი მსოფლიოს გარშემო.

შენიშვნა: სტატია შეიცავს ლგბტქ+ თემის საწინააღმდეგო ტერმინებს.

8 ივლისს, თბილისი პრაიდის ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ღონისძიებისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე პროკრემლისტური მოძალადე ჯგუფები შეიჭრნენ. ფესტივალის ორგანიზატორები იძულებულები გახდნენ, ფესტივალის სივრცე დაეტოვებინათ, ბრბომ კი ინფრასტრუქტურა გაანადგურა, ლგბტქ+ დროშები დაწვა და იქაურობა გაძარცვა. თბილისი პრაიდმა ფესტივალი გააუქმა და განაცხადა, რომ ლგბტქ+ თემის აქტივისტებსა და პრაიდის ფესტივალზე თავდასხმა იყო კარგად ორგანიზებული ოპერაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ალტ-ინფომ ერთად დაგეგმეს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საწინააღმდეგოდ.

ძალადობრივი ულტრამემარჯვენე დაჯგუფება, ალტ-ინფო ეროვნული მასშტაბით მაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს. დოკუმენტირებულია, რომ დაჯგუფებისა და მასთან აფილირებული პოლიტიკური პარტიის, კონსერვატიულ მოძრაობისთვის უცხო არაა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება და Facebook-ის, Telegram-ისა თუ TikTok-ის მსგავს პლატფორმებზე თანამოაზრეების მობილიზება.

თბილისი პრაიდის ღონისძიებების საწინააღმდეგოდ ხალხის მობილიზებაში გადამწყვეტ როლს ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც თამაშობს, რომელიც ამტკიცებს, რომ დასავლეთი ეკლესიასთან და ოჯახურ ღირებულებებთან საბრძოლველად ახვევს საზოგადოებას თავს ლგბტქ+ უფლებებს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ წარმომადგენლების სია გამოაქვეყნეს, რომლებსაც ძალადობრივ ქმედებებში მიუღიათ მონაწილეობა.

თბილისი პრაიდის ფესტივალზე შეტევის ორგანიზება ონლაინ დაუფარავად ხდებოდა, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ამის შესახებ პოლიციამაც იცოდა. ონლაინგამოცემის, პუბლიკას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ შეიყვანა პოლიციამ ფესტივალის ტერიტორიაზე ალტ-ინფოს ლიდერი, ზურა მახარაძე და ახლად დაარსებული, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ანტიდასავლური მოძრაობის, საქართველო უპირველეს ყოვლისა, ლიდერი, ვატო შაქარაშვილი.

8 ივლისს პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ შეძლეს ღონისძიების უსაფრთხოების დაცვა. "რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებით და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე", — აღნიშნა პრეზიდენტმა. საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელისუფლებას მოუწოდეს, პასუხისგებაში მისცენ კანონის დამრღვევები.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გამოაქვეყნა ერთიანი განცხადება, რომელშიც 8 ივლისის თავდასხმა 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების გაგრძელებად შეაფასა. ამაში იგულისხმება წინა ინციდენტი, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და ალტ-ინფოს მიერ ორგანიზებული ბრბო თბილისის ქუჩებში ჟურნალისტებსა და აქტივისტებს დაესხა თავს. მოგვიანებით ოპერატორი ლექსო ლაშქარავა თავდასხმისას მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დამნაშავეთაგან არავინ დაუკავებიათ; სანაცვლოდ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ლგბტქ+ თემი "ღირსების მარშის" ორგანიზების მცდელობის გამო გააკრიტიკა. 2021 წელს DFRLab-მა გამოაქვეყნა კვლევა იმაზე, თუ როგორ გამოიწვია ონლაინსივრცეში ალტ-ინფოს მიერ ლგბტქ+ თემზე შეტევის მოწოდებებმა რეალური ძალადობა. ორი წლის შემდეგ ეს დაჯგუფებები აგრძელებენ ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ ძალადობისა და სიძულვილის ენის გამოყენებას.

როგორ ამწვავებს მთავრობა ლგბტქ+ თემზე თავდასხმებს

თბილისი პრაიდის ფესტივალი საქართველოს მთავრობიდან წამოსული მზარდი ჰომოფობიური რიტორიკის ფონზე დაიგეგმა. მთავრობა ლგბტქ+ თემზე თავდასხმებს კონსერვატიული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვის სახელით ამართლებს. ქართული ოცნების მმართველობამ ზეწოლა მას მერე გააძლიერა, რაც 2023 წლის მარტში "უცხოეთის აგენტების" პრორუსული კანონპროექტის მიღება ვერ შეძლო. კანონპროექტის ჩაგდების მერე ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში და "ლგბტ პროპაგანდის" გავრცელებაში დასდო ბრალი. ლგბტქ+ თემის საწინააღმდეგო რიტორიკა საქართველოს მთავრობის მიერ გამოყენებული იმ ანტიდასავლური რიტორიკის ნაწილია, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მერე გაძლიერდა.

2023 წლის აპრილში პრორუსულმა კონსერვატიულმა მოძრაობამ დაიწყო კამპანია "ლგბტ პროპაგანდის" ამკრძალველი კანონის მისაღებად. კანონპროექტის შესახებ განცხადება მთავრობის მხარდამჭერ და ანტიდასავლურ დემონსტრაციაზე გაკეთდა. მისი მიზანი "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის" აკრძალვაა. მომდევნო თვეს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც განაცხადა, რომ "თავისუფლების მოწინააღმდეგე ძალები" ტრადიციული ოჯახური ღირებულებების განადგურებას "ლგბტქ+ პროპაგანდით" და "ბავშვებისთვის გენდერის შეცვლის პროცედურის დაკანონებით" ცდილობენ. ივნისში ქართული ოცნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მაკდონალდსის რესტორნის ქსელი ბავშვებისთვის "ლგბტ პროპაგანდას" ავრცელებდა, რადგან თავის "ჰეფი მილს" დაურთო ბროშურა, რომელშიც ღიად გეი მუსიკოსის, სერ ელტონ ჯონის შესახებ ეწერა.

2023 წლის 30 ივნისს, თბილისი პრაიდის კვირეულამდე რამდენიმე დღით ადრე, ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე თავისი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ევროპისა და აშშ-ის საბავშვო ბაღებში "ლგბტ პროპაგანდა შევიდა".

როგორ შეძლეს ალტ-ინფომ და კონსერვატიულმა მოძრაობამ თანამოაზრეების ონლაინპლატფორმებით მობილიზება

ალტ-ინფომ და კონსერვატიულმა მოძრაობამ თანამოაზრეების Telegram-ითა და TikTok-ით მობილიზება თბილისი პრაიდის ფესტივალამდე კვირებით ადრე დაიწყეს. ალტ-ინფომ თავისი საქმიანობა ამ პლატფორმებზე მას მერე გადაიტანა, რაც Meta-მ დაჯგუფების გვერდები და ანგარიშები თავისი წესების არაერთგზის დარღვევისთვის რამდენჯერმე წაშალა.

28 ივნისს Telegram-ის არხმა, Alt-Info • ალტ-ინფო, გააზიარა ვიდეო, რომელშიც მახარაძემ 8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალის ჩაშლის მიზნით თანამოაზრეების შეკრების ადგილი გამოაცხადა. მომდევნო დღეებში Telegram-ის ალტ-ინფოსთან დაკავშირებულ სხვა არხებზეც და Facebook-ის გვერდებზე თუ მომხმარებლის პირად გვერდებზე დაიდო ბანერი 8 ივლისის შეკრებაზე. ბანერს თან ახლდა წარწერა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებდა, "აღეკვეთათ ლგბტ ფესტივალი".

Meta-ს მონიტორინგის პლატფორმის, CrowdTangle-ის მეშვეობით ნაპოვნი შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ Facebook-ის რამდენიმე გვერდზე 8 ივლისის შეკრების მაუწყებელი ბანერი გადაზიარდა.

ფოტო: DFRLab via Crowdtangle

DFRLab-მა გამოავლინა TikTok-ის 14 არხი, რომლის სახელშიც "Alt-Info-ს" სხვადასხვა ვერსია ფიგურირებს. მათ შორისაა @altinfo8, @alt_info_news და @alt-infoeli. ამ არხებს მთლიანობაში 58,600 გამომწერი ჰყავდათ. გამოვლენილი 14 არხიდან ექვსი აქტიურად მოუწოდებდა მომხმარებლებს 8 ივლისის შეკრებაზე მოსვლისკენ და შემდეგ მომხდარი თავდასხმის ამსახველ კადრებსაც ავრცელებდა.

ალტ-ინფოსთან ასოცირებული TikTok-არხები. მათგან მხოლოდ ექვსი (იასამნისფრად შემოსაზღვრული) იყო ჩართული "თბილისი პრაიდის" ფესტივალის საწინააღმდეგოდ თანამოაზრეების მობილიზების პროცესში.

ფოტო: DFRLab via TikTok

TikTok-ის ექვსი არხი ასევე აზიარებდა მახარაძის ვიდეოს, რომელშიც ის თანამოაზრეებს "პრაიდის" ფესტივალის ჩაშლისკენ მოუწოდებდა. იმავე ვიდეოში მახარაძე თავისი საბანკო ანგარიშის ინფორმაციასაც იძლევა, როგორც ჩანს, თავდასხმისთვის ფულის შესაგროვებლად. 7 ივლისს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა ალტ-ინფოს ლიდერების ანგარიშები დაბლოკეს. ბანკებს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

ალტ-ინფოსთან დაკავშირებული TikTok-არხების მიერ გაზიარებული მახარაძის 28 ივნისის მოწოდება თანამოაზრეებისადმი, "აღკვეთონ" "თბილისი პრაიდის" ფესტივალი.

ფოტო: @alt_info.konservatori/არქივი [მარცხენა]; @altinfo1/არქივი [მარცხნიდან მეორე]; @altinfo8/არქივი [მარჯვნიდან მეორე]; @alt_info2000/არქივი [მარჯვენა]

7 ივლისს Telegram-ის არხმა, Alt-Info News, გამოაქვეყნა ინტერვიუ ალტ-ინფოს და კონსერვატიული მოძრაობის დამაარსებელთან, კონსტანტინე მორგოშიასთან, რომელმაც განაცხადა, რომ 8 ივლისი "5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება" იქნებოდა. ვიდეო ორმა არხმა, "მსოფლიო პოლიტიკამ" და BeqaNews-მა გადააზიარა.

ალტ-ინფოსთან დაკავშირებული Telegram-არხები, რომლებზეც დაიდო მორგოშიას ვიდეო, სადაც ის "თბილისი პრაიდის" ფესტივალის მონაწილეებს ემუქრება.

ფოტო: BeqaNews/არქივი [მარცხენა]; მსოფლიო პოლიტიკა/არქივი [ცენტრი]; Alt-Info News/არქივი [მარჯვენა]

ინტერნეტში გავრცელდა როგორც თბილისის პრაიდის ფესტივალის დარბევის მოწოდებები, ასევე ლგბტქ+ თემის საწინააღმდეგო დეზინფორმაციაც. ალტ-ინფომ და სხვა დაჯგუფებებმა გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, თითქოს თბილისი პრაიდი აპირებდა, თბილისის ქუჩებში ბავშვების მონაწილეობით მოეწყო "გეი აღლუმი". თბილისი პრაიდმა ერთმნიშვნელოვნად უარყო ეს ცნობები და ხაზი გაუსვა, რომ ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე და მხოლოდ ზრდასრულებისთვის ჩატარდებოდა. პრაიდმა ასევე აღნიშნა, რომ ამგვარი დეზინფორმაციის მიზანი "საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილის გაღვივება" იყო.

ამას გარდა, Facebook-ის რამდენიმე გვერდზე და ალტ-ინფოს Telegram-ის ოფიციალურ არხზე იდებოდა ვიდეო 2023 წლის მარტში ნიუ-იორკში ჩატარებული "დრეგ-მარშიდან". ვიდეოს დასაწყისში ისმის სკანდირება: "ჩვენ ვართ აქ, ჩვენ ვართ ქვიარები, ჩვენ თქვენი ბავშვებისთვის მოვდივართ". ვიდეო კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდებოდა და მას Facebook-ის ულტრამემარჯვენე და რელიგიური ჯგუფები იყენებდნენ იმისთვის, რომ ემტკიცებინათ, თითქოს, თბილისი პრაიდის ფესტივალის სამიზნე ბავშვები იყო. სინამდვილეში, სკანდირების მიზანი არ ყოფილა ბავშვებისათვის ზიანის მიყენების წახალისება, არამედ — ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ არსებული ცრურწმენების ირონიულად გაკრიტიკება და დაცინვა.

სოციალური მედიის პოსტები, რომლებშიც გაზიარებულია ვიდეო "ნიუ-იორკის პრაიდის" კვირეულიდან, კონტექსტიდან ამოგლეჯილი კომენტარებით იმ დეზინფორმაციის გასავრცელებლად, თითქოს "თბილისი პრაიდის" სამიზნე ბავშვები იყვნენ.

ფოტო: მართლმადიდებლური გვერდი/არქივი [ზედა მარცხენა]; საქართველო უპირველეს ყოვლისა • Georgia First/არქივი [ზედა მარჯვენა]; Alternative World • ალტერნატიული სამყარო/არქივი [ქვედა მარცხენა]; Alt-Info News/არქივი [ქვედა მარჯვენა]

თბილისი პრაიდის ფესტივალზე განხორციელებული თავდასხმის კადრები ააშკარავებს, რომ ალტ-ინფოს მიზანში საქართველოს პროდასავლური მისწრაფებებიც აქვს ამოღებული. მაგალითად, ონლაინგამოცემის, ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ წვავს ფესტივალის ტერიტორიაზე თავმოყრილი ბრბო LGBTQ+ თემის დროშებთან ერთად უკრაინის დროშებს. ვიდეოში ვხედავთ კაცს, რომელიც უკრაინის დროშას დაბლა აგდებს და ფრაზას Slava Ukraini ("დიდება უკრაინას") დაცინვით ამბობს.

კადრი ვიდეოდან, რომელშიც ჩანს "თბილისი პრაიდის" ფესტივალის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების მიერ დასაწვავად მოგროვებული ნივთები. ნივთებს შორის უკრაინის დროშაცაა.

ფოტო: Netgazeti

"ანტიმაიდანი"

თბილისი პრაიდის საფესტივალო სივრცეზე თავდასხმის მერე ალტ-ინფო და მისი თანამოაზრეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და მათ ალტ-ინფოს ლიდერმა, მახარაძემ სიტყვით მიმართა. მან განაცხადა, რომ შეკრება "ანტიმაიდანის" მოძრაობის დაწყების საფუძვლად იქცა, რომ ისინი ლიბერალებს გადატრიალების მოწყობას არ დაანებებდნენ და რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა. ტერმინი "ანტიმაიდანი" მიემართება პრორუსულ დემონსტრაციებს, რომლებიც უკრაინასა და რუსეთში 2013 და 2015 წლებს შორის გაიმართა. ამ გამოსვლების სამიზნე უკრაინაში იყო პროდასავლური ევრომაიდანის გამოსვლები, რომელიც კრემლის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენებით დასრულდა. პარლამენტის წინ შეკრებაზე ილაპარაკა ალტ-ინფოს მეორე ლიდერმაც, ირაკლი მარტინენკომ. მან მარტის "უცხოელი აგენტების" რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლები მოიხსენია, როგორც "მაიდანის მცდელობა" და დასავლეთის, აშშ-ის, ევროკავშირის და მათი მარიონეტებისა და აგენტების ძალის დემონსტრირების მცდელობა.

გარდა ამისა, 10 ივლისის ინტერვიუში ალტ-ინფოს დამფუძნებელმა, მორგოშიამაც წამოაყენა ახალი "ანტიმაიდანის" მოძრაობის შექმნის იდეა. მის თანახმად, ალტ-ინფო მიზანმიმართულია, აღკვეთოს მაიდანის ტიპის მოძრაობის ორგანიზება და იმოქმედოს ნებისმიერი მსგავსი მცდელობის საწინააღმდეგოდ. მისივე მტკიცებით, ალტ-ინფოს უკვე აქვს იმ ათასობით ადამიანის მონაცემთა ბაზა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაირაზმებიან.

ალტ-ინფოსა და ქართული ოცნების მთავრობას შორის შესაბამისობა აშკარაა ლგბტქ+ თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ ნარატივში, რომელსაც ორივე მხარე იზიარებს და რომელიც ხშირად კრემლის მიზნებს ემთხვევა. მარტის გამოსვლებისას, როცა ქართველმა დემონსტრანტებმა პროდასავლური და ანტირუსული პოზიცია დაიკავეს, ყირიმში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის ანგარიშმა თბილისის პროტესტი უკრაინის 2014 წლის დემონსტრაციებს შეადარა და საქართველოს "ხელახლა თავდასხმის" შესაძლებლობით დაემუქრა. ამას გარდა, ღარიბაშვილმა მარტის დემონსტრანტები "უცხო ქვეყნების მსახურებად" მოიხსენია, რაშიც დასავლეთი იგულისხმა. ამის პარალელურად კობახიძემ დემონსტრანტებს "უცხოელი აგენტები" უწოდა, რომელთა მიზანიც მთავრობის დამხობაა.

ალტ-ინფოს ლიდერები ხალხის განწყობაზე იმის მტკიცებითაც მანიპულირებდნენ, თითქოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ლგბტქ+ უფლებების წინააღმდეგია. ისინი შეეცადნენ, ფესტივალის ჩაშლა ლგბტქ+ თემის საწინააღმდეგო კანონპროექტის მისაღებად გამოეყენებინათ. პარლამენტის წინ შეკრებისას მარტინენკომ განაცხადა, რომ მსგავსი კანონის მიღება იქნებოდა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი საქართველოში დასავლური ძალების გავლენისთვის მნიშვნელოვანი დარტყმის მისაყენებლად. თუმცა სახალხო აზრის კვლევის შედეგები ანახებს, რომ ლგბტქ+ თემი საქართველოს მოქალაქეებისთვის არასოდეს ყოფილა მნიშვნელოვანი შეშფოთების მიზეზი. სანაცვლოდ, მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალურ საზრუნავად სიღარიბე, ინფლაცია, რუსული ოკუპაცია და ჯანდაცვის სფერო რჩება.