მოკლედ: თბილისის მერიაში შევიდა პროექტი, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილი რესტორნის, არაგვის ტერიტორიაზე, ხუთი მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას მოიცავს.

  • ამის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

On.ge თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც პროექტის მიღება დაგვიდასტურეს.

  • მერიის თქმით, "ვინაიდან ტერიტორია მდებარეობს თბილისის ისტორიულ არეალში, საკითხი ექვემდებარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეთანხმებას".
  • ასევე, მერიიდან გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე, ამ კონკრეტული პროექტის არქიტექტურის გეგმარებით დავალებასთან დაკავშირებით პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს.

არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსითა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების ერთობლიობაა, რომელიც ადგენს არქიტექტურული ობიექტის დანიშნულებას, მის პარამეტრებს, ტერიტორიულ ფარგლებს, მიწის ნაკვეთზე განთავსებას, აგრეთვე მისი დაპროექტებისა და მშენებლობის ეკოლოგიურ, ტექნიკურ, ორგანიზაციულ და სხვა პირობებს.

დეტალები: ხუთი მრავალსართულიანი კომპლექსის გრაფიკული ესკიზი ხელოვნებათმცოდნე და ურბანული კვლევების ცენტრის მკვლევარმა თამარა ამაშუკელმა გუშინ, 8 თებერვალს, ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

  • "ახალი პროექტი ყოფილი რესტორანი არაგვის ტერიტორიაზე! მერიაში ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა, როგორც ჩანს, არჩევნებამდე უნდა მოესწროს თბილისის ისტორიული ზონის დასამარება!", — დაწერა ამაშუკელმა ფეისბუქზე.
  • მისი თქმით, ხუთი მაღალსართულიანი კორპუსების არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა.

ფოტო: თამარ ამაშუკელი

თამარ ამაშუკელმა On.ge-ს უთხრა, რომ პროექტის ყველა დეტალის შესახებ ჯერ სრულფასოვნად არ იცის, თუმცა, აღნიშნა, რომ რესტორან არაგვის დანგრევის შემდეგ, მის ტერიტორიაზე პროექტის მშენებლობის რამდენიმე იდეა იყო, თუმცა, ყველა ჩაიშალა.

  • ამაშუკელი გვეუბნება, რომ ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი, ლაგუნა ვერეს ცათამბჯენების მსგავსად, ისტორიული განაშენიანების ზონაში შენდება და კანონის მიხედვით, ახალი მშენებლობები უნდა შესაბამებოდეს ისტორიულ განაშენიანებას, და შეესაბამებოდეს ლანდშაფტს, ხედებს. "რადგან არაწესიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სასამართლოსთვის მიმართვა და სამართლებრივი პროცესის დაწყებას აზრი არ აქვს, ამიტომ, როგორც მეპატრონე, ისე ნებართვის გამცემი ორგანოები თავს უფლებას აძლევენ მსგავსი პროექტები განახორციელონ", — უთხრა On.ge-ს თამარა ამაშუკელმა.

რა გზას გადის პროექტი დამტკიცებამდე: ამის შესახებ On.ge ესაუბრა საბა ბუაძეს, თბილისის საკრებულოს წევრს პარტია ლელოდან. ის იყო ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს დეპუტატებისგან, რომელიც ლაგუნა ვერეს ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებდა.

  • ბუაძის თქმით, ხუთი მრავალსართულიანი კომპლექსის და მსგავსი პროექტები თავდაპირველად, თბილისის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოში შედის, სადაც "მზადდება პოზიცია და გადაწყვეტილება".
  • სააგენტოში განხილვის შემდეგ, პროექტის გენერალური გეგმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განიხილება, სადაც, ბუაძის თქმით, "ხდება მისი მოწონება ან ჩაგდება".
  • თბილისის მთავრობის სხდომიდან 30 დღის ვადაში პროექტი განსახილველად თბილისის საკრებულოს ეგზავნება.
  • საბა ბუაძე On.ge-სთან აღნიშნავს, რომ "თუ პროექტი მმართველი პარტიის ან დედაქალაქის მერთან დაახლოებულ რომელიმე დეველოპერს ეკუთვნის, შეიძლება, ისე მალე მოხდეს გადაწყვეტილების მომზადება, რომ გასაკვირი იყოს".

ვინ არის პროექტის ავტორი: მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსის აშენების მიზნით, თბილისის მერიას შპს სითი ცენტრმა მიმართა.

  • შპს სითი ცენტრი საჯარო რეესტრში 2009 წელს დარეგისტრირდა.
  • კომპანიის დირექტორი 2023 წლის აპრილიდან აკაკი სონგულიაა, რომელიც პარტია ქართული ოცნების შემომწირველია.
  • მან, 2023 წლის 27 დეკემბერს, ქართულ ოცნებას 60 000 ლარი, ხოლო 2014 წელს — 20 000 ლარი შესწირა.

On.ge-მ გაარკვია, რომ გარდა შპს სითი ცენტრისა, აკაკი სონგულია 8 კომპანიის დირექტორია, მათ შორის არის შპს ალიანსი ფრივილიჯი, რომელმაც ბათუმში 54-სართულიანი ცათამბჯენი ააშენა.

  • რა გამოწვევების წინაშე დგას მტკვრის მარჯვენა სანაპირო, სადაც შესაძლოა, რამდენიმე ცათამბჯენი აშენდეს: ამის შესახებ ურბანული კვლევების ცენტრმა (URC), ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, 2023 წლის 12 დეკემბერს გამოაქვეყნა კვლევა, სახელწოდებით — ცირკიდან საქანელამდე: მტკვრის სანაპიროს ურბანული გამოწვევები.
  • მკვლევრებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე 16 პრობლემური პროექტი შეისწავლეს, თამარ მეფის ხიდიდან — რესპუბლიკის მოედნისა და ყოფილი საქანელას ქუჩის არეალში, მათ შორის, მრავალფუნქციური კომპლექსი ყოფილი რესტორან არაგვის არეალში.

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ქალაქის ამ ნაწილში განაშენიანება ეწინააღმდეგება დედაქალაქის გენერალური გეგმის — მწვანე ქალაქის პრინციპებს, რაც ზიანის მომტანია შემდეგი მიმართულებებით: კულტურული მემკვიდრეობა, მიწათსარგებლობა, ტრანსპორტი.

  • მათივე შეფასებით, განხილული პროექტების დიდი ნაწილი, მათ შორის, ყოფილი რესტორან არაგვის არეალში მოაზრებული განაშენიანება, წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან: "თბილისის განაშენიანების ხასიათის, მისი გრადაციულების იგნორირება, ქვედა ტერასაზე, განაშენიანების პირველ ზოლში მაღალსართულიანი ობიექტების აშენება, სრულად არღვევს თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურბანულ სტრუქტურას. ირღვევა მდინარის ორ ნაწილზე გაშენებული ქალაქის მთლიანობა, რადიკალურად იცვლება ხედები სანაპიროდან", — წერია კვლევაში.
რენდერი — 5 მრავალსართულიანი კორპუსი და ლაგუნა ვერას ცათამბჯენები

რენდერი — 5 მრავალსართულიანი კორპუსი და ლაგუნა ვერას ცათამბჯენები

რა ვიცით ლაგუნა ვერეს ცათამბჯენებზე: 28 დეკემბერს, თბილისის საკრებულომ დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი 52 და 40-სართულიანი ცათამბჯენის აშენების პროექტს.

  • ადგილი, სადაც ცათამბჯენები უნდა აშენდეს, 2023 წლის აგვისტომდე შპს კოსტავა 69-ს ეკუთვნოდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდი ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორი — ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია.
  • 2023 წლის აგვისტოში, ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია შპს ნეო სითი დეველოპმენტმა იყიდა, რომლის 100% წილის მფლობელიც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, მარიკა ვერულაშვილია.
52 და 40-სართულიანი ცათამბჯენები, რომელიც ლაგუნა ვერას მიმდებარედ აშენდება

52 და 40-სართულიანი ცათამბჯენები, რომელიც ლაგუნა ვერას მიმდებარედ აშენდება

ფოტო: პროექტი

ურბანისტების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობა გამოიწვევს სატრანსპორტო კოლაფსს, შეცვლის ქალაქის იერსახეს, ასევე, მათი თქმით, მშენებლობის მასშტაბი აცდენილია კულტურული მემკვიდრეობის კანონს.

  • მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულომ პროექტს საბოლოოდ მხარი დაუჭირა, ის მშენებლობაზე ნებართვის მისაღებად, თბილისის მერიაში გაგზავნა. მერია კი ნებართვას საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე გასცემს.

გაიგე მეტი: რა პრობლემები შეიძლება შექმნას ლაგუნასთან ცათამბჯენების აშენებამ