შესაძლოა, ჩვენი სამყარო სხვა პატარა სამყაროებთან შეჯახების გამო ფართოვდებოდეს
ჩვენი სამყარო აჩქარებული ტემპით ფართოვდება, რისი მიზეზიც, ახალი ჰიპოთეზის თანახმად, შესაძლოა, მის მიერ სხვა პატარა სამყაროების შთანთქმა იყოს. დღესდღეობით მეცნიერთა უმეტესობა კოსმოსის ამგვარ ევოლუციას ბნელი ენერგიის არსებობით ხსნის, თუმცა მასზე დაკვირვება შეუძლებელია.
სწორედ ამის ალტერნატივაა წარმოდგენილი მეცნიერთა ახალ თეორიულ ნაშრომში, რომელიც გამოცემაში Journal of Cosmology and Astroparticle Physics გამოქვეყნდა.
"ჩვენი მთავარი მიგნება ისაა, რომ სამყაროს აჩქარებულ გაფართოებას, რომელიც მიიჩნევა, რომ იდუმალი ბნელი ენერგიითაა განპირობებული, შესაძლოა, მარტივი ინტუიციური ახსნა ჰქონდეს — მას პატარა სამყაროები ერწყმის, რაც შესაძლებელია, სტანდარტულ კოსმოლოგიურ მოდელს უკეთ მოვარგოთ", — აცხადებს ფიზიკოს-თეორეტიკოსი, იან ამბორნი.
სამყაროთა ასეთ ურთიერთქმედებაზე სპეციალისტებს აქამდეც უმსჯელიათ, მაგრამ ახალი კვლევის ფარგლებში კოსმოსის ევოლუციაზე ამის პოტენციური გავლენის მათემატიკური მოდელი პირველად შექმნეს. გამოთვლებმა აჩვენა, რომ მსგავსი პროცესის შედეგად სამყაროს მოცულობის გაზრდაა მოსალოდნელი, რასაც ჩვენს ხელთ არსებული ხელსაწყოები გაფართოების სახით გამოავლენდა.
როგორც ავტორები ამბობენ, ეს გამოთვლები კოსმოსზე დაკვირვებებს უფრო მეტად მიესადაგება, ვიდრე სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელი და ინფლაციის თეორიასაც ერგება, ანუ სამყაროს გაჩენის ადრეულ მომენტში მის ზესწრაფ გაფართოებას (იხილეთ: პირველად იყო ინფლაცია — როგორ გაჩნდა სამყარო და რა მოხდა დიდ აფეთქებამდე).
ახალი ჰიპოთეზის თანახმად, ინფლაცია ჩვენი და უფრო დიდი სამყაროს შერწყმას უნდა გამოეწვია.
"რადგან შთანთქმის ამ პროცესის დეტალური აღწერა ჯერჯერობით არ მოგვეპოვება, ძნელია გავიგოთ, ეს სცენარი მოაგვარებს თუ არა პრობლემებს, რომლებიც ინფლაციას უნდა აეხსნა. საინტერესო, ისაა, რომ ამ სცენარში ინფლაციის საჭიროებაა არაა", — ამბობენ ავტორები.
მათი ჰიპოთეზით, ჩვენმა ახლად გადიდებულმა სამყარომ სხვა სამყაროების მიერთება დაიწყო, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამის დამადასტურებელი მონაცემების მოპოვება, უცნობია. ასტრონომები იმედს ევკლიდესა და ჯეიმს ვების ტელესკოპებზე ამყარებენ.
კომენტარები