დასავლეთი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დასრულებას 2 სახელმწიფოს პრინციპით განიხილავს — რას ნიშნავს
მოკლედ: საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აუცილებელია ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა და მშვიდობის დამყარება "მხოლოდ ჯარის საშუალებით" არ შეიძლება.
დეტალები: ბორელმა ბრიუსელში ისრაელისა და პალესტინის დიპლომატებთან შეხვედრისას თქვა, რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზას სექტორში "აღარ შეიძლება იყოს ამაზე უარესი".
- "ამიერიდან, მე აღარ ვისაუბრებ სამშვიდობო პროცესზე, მე მსურს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის პროცესი", — თქვა მან.
რას ითვალისწინებს ორი სახელმწიფოს არსებობის პრინციპი
ორი სახელმწიფოს არსებობის პრინციპი უკვე დიდი ხანია განიხილება, როგორც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის საუკეთესო გზა.
- ამ პრინციპის მიხედვით, უნდა დაარსდეს პალესტინის სახელმწიფოც, ისრაელის გვერდით და ორივე ხალხს საკუთარი ტერიტორია ექნება.
როგორი იქნება ეს ორი სახელმწიფო და ვინ სად იცხოვრებს
ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ორი სახელმწიფოს გამოსავალში არის გადაწყვეტილება, სად გაივლის პალესტინის სახელმწიფოს საზღვარი.
- ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საზღვრები უნდა იყოს იგივე, რაც 1967 წლის 6-დღიან ომამდე, რომლის დროსაც ისრაელმა დაიპყრო აღმოსავლეთ იერუსალიმი, დასავლეთის სანაპირო და ღაზა.
- მას შემდეგ, დასავლეთის სანაპიროზე უამრავი ებრაული დასახლება გაჩნდა, ამ ტერიტორიაზე და ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში 600 ათასამდე ისრაელელი ცხოვრობს.
- მიუხედავად იმისა, რომ ეს დასახლებები საერთაშორისო სამართლის მიხედვით არალეგალურადაა მიჩნეული, მათი არსებობა სულ უფრო რთულს ხდის ტერიტორიის განსაზღვრას პალესტინად.
- ისრაელის სახელმწიფოს შექმნამ და მისმა ომმა არაბულ ქვეყნებთან, 1948 წელს, უამრავი პალესტინელი აიძულა სახლები დაეტოვებინათ. ეს მოვლენა ცნობილია როგორც ნაქბა, რაც კატასტროფას ნიშნავს.
- გაერომ 750 ათას ადამიანს მისცა დევნილის სტატუსი, მათი სტატუსის მიხედვით, ისინი არიან ადამიანები, "ვისი საცხოვრებელი ადგილიც იყო პალესტინა 1946 წლის 1 ივნისიდან 1948 წლის მაისამდე და რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელიც და საარსებო საშუალებაც, 1948 წლის კონფლიქტის შედეგად".
- 5.9 მილიონი პალესტინელი, რომლებიც ცხოვრობენ დასავლეთ სანაპიროზე, ღაზაში, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და იორდანიის, ლიბანისა და სირიის ბანაკებში, იმავე კრიტერიუმებით კვალიფიცირდება და ბევრს სურს სამშობლოში დაბრუნება.
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხის ამ რაოდენობისთვის ადგილი არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაწილი უნდა დასახლდეს ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც ისრაელი ნაკლებად სავარაუდოა, რომ დათანხმდება.
იერუსალიმი
ქალაქს ორივე მხარე საკუთარ დედაქალაქად აცხადებს. ეს გამოწვეულია იერუსალიმის უზარმაზარი ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობით, როგორც ისრაელელებისთვის, ასევე, პალესტინელებისთვის. ქალაქში არის იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ადგილები.
- მაგალითად, ძველ ქალაქში არის ტაძრის მთა— იუდაიზმის ყველაზე წმინდა ადგილი, აქვე არის მუსულმანებისთვის მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მექასა და მედინას შემდეგ – ალ-აქსას მეჩეთი.
- 2023 წელს ამ მეჩეთში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ მლოცველებს შორის შეტაკება მოხდა.
ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ იერუსალიმი მათი განუყოფელი დედაქალაქია. აქ არის ქვეყნის პარლამენტი (ქნესეთი), მაგრამ აღმოსავლეთ იერუსალიმი განიხილება, როგორც პალესტინის ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორია.
თეორიულად, ორი სახელმწიფოს გამოსავალმა, შესაძლოა, აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის, დასავლეთი ნაწილი კი — ისრაელის დედაქალაქად ცნოს.
ვინ უჭერს ამ პრინციპს მხარს და რას ამბობს ისრაელი
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა უარყო.
- აშშ-ის პრეზიდენტთან ისრაელის პრემიერის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:
- "პრეზიდენტ ბაიდენთან საუბარში პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გაიმეორა თავისი პოლიტიკა, რომ ჰამასის განადგურების შემდეგ, ისრაელმა უნდა შეინარჩუნოს უსაფრთხოების კონტროლი ღაზაზე, რათა უზრუნველყოს, რომ ღაზა აღარ წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის, ეს მოთხოვნა ეწინააღმდეგება პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნას".
- ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის პრინციპს ემხრობა პალესტინის მმართველი პარტია ფათაჰი, რომელიც დასავლეთ სანაპიროზეა წარმოდგენილი.
- ჰამასი, რომელიც ღაზას აკონტროლებს, 2017 წელს აღნიშნავდა, რომ ის აღიარებდა პალესტინის სახელმწიფოს 1967 წლის საზღვრებით.
- შეერთებულმა შტატებმა ახლახან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპი საუკეთესო გზაა ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეგიონში ზომიერი არაბული ქვეყნების გაერთიანებისა და ირანის იზოლაციისთვის.
- მან, ასევე, აღნიშნა, რომ აუცილებელია პალესტინის ხელისუფლება "გამოცოცხლდეს" და ღაზაში დაბრუნდეს, რომელიც ანკლავიდან 2007 წელს გამოაძევეს.
- მაგრამ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი "არაფრით დაკმაყოფილდება, გარდა აბსოლუტური გამარჯვებისა" და რომ ისრაელის კონტროლი მდინარე იორდანეს დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე არის "აუცილებელი პირობა", როდესაც მიმდინარე კონფლიქტი დასრულდება.
მანამდე ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა შლომო კარჰიმ X-ზე დაწერა: "აქ არ იქნება პალესტინის სახელმწიფო“.
როდის იყო ამ გადაწყვეტის ყველაზე რეალური შანსი
ორი სახელმწიფოს შექმნის ყველაზე დიდი იმედი 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა, როდესაც აშშ-მა ხელი შეუწყო ოსლოს შეთანხმების ხელმოწერას, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს.
- მაშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იცხაკ რაბინმა და პალესტინის გამათავისუფლებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იასირ არაფატმა თეთრი სახლის ეზოში ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
- ოსლოს შეთანხმებით, ისრაელმა ოფიციალურად აღიარა პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, როგორც პალესტინელების წარმომადგენელი, სანაცვლოდ ჯგუფმა უარი თქვა ძალადობაზე.
- მხარეები შეთანხმდნენ პალესტინის მმართველობის შექმნაზე, რომელიც 5 წლის განმავლობაში მართავდა დასავლეთ სანაპიროს და ღაზას.
- რაბინი ახალგაზრდა ებრაელმა ნაციონალისტმა მოკლა 2 წლის შემდეგ, რამაც ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იმედი შეამცირა.
- მას შემდეგ, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შანსები სხვადასხვა ფაქტორებმა შეამცირა. მათ შორის — დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მომრავლებამ; დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას; ისრაელის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობამ და ბოლოს, გასული წლის 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმამ ისრაელის ტერიტორიაზე და ომმა, რომელიც ამ თავდასხმას მოჰყვა.
კომენტარები