ისტორიაში პირველად, იაპონიამ მთვარეზე კოსმოსური აპარატი უსაფრთხოდ დასვა
წარმატების მიუხედავად, მისია, სავარაუდოდ, დიდხანს ვერ გაგრძელდება.
19 იანვარს მთვარის ზედაპირზე იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაგზავნილი აპარატი უსაფრთხოდ დაეშვა, რითაც ამ ქვეყანამ აშშ-ის, ჩინეთის, ინდოეთისა და საბჭოთა კავშირის გვერდით დაიკავა ადგილი, რომლებმაც ეს აქამდე შეძლეს.
დასაშვები მოდული, სახელად SLIM, რომელსაც "მთვარის სნაიპერსაც" უწოდებენ, უკვე ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზეა, მაგრამ მისი მზის პანელები საკმარის ენერგიას ვერ გამოიმუშავებს. სააგენტოში ამბობენ, რომ თუ ეს პრობლემა მალევე არ მოგვარდება, აპარატი ფუნქციონირებას ვერ განაგრძობს.
ის დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე 2023 წლის სექტემბერში გაუშვეს. რაკეტა H-IIA-მ ორბიტაზე ტელესკოპი XRISM-იც გაიტანა. მისგან განსხვავებით, SLIM-ს დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად რამდენიმე თვე დასჭირდა.
მთვარის ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობისას აპარატი სათანადო ტრაექტორიაზე განლაგდა და ძრავები აამუშავა, რათა ზედაპირზე დასაჯდომად მომზადებულიყო. საბოლოოდ, ის იქ სპეციალური მანევრების დაწყებიდან 20 წუთში დაეშვა. მთელი ამ დროის განმავლობაში მისიასთან კონტაქტი არ გაწყვეტილა და ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა.
დაახლოებით ნახევარ საათში სააგენტოსთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ SLIM-ის მზის პანელები სათანადოდ ვერ მუშაობდა, რისი მიზეზიც უცნობია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მთვარეზე დაშვებისას დაზიანებულიყო, რადგან სხვა მოწყობილობები მწყობრშია. შესაძლოა, ის მზისკენ არ იყოს მიბრუნებული, რის გამოც ენერგიას ვერ იღებდეს.
"მთვარის სნაიპერი" წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე 100 მეტრის რადიუსში უნდა დაშვებულიყო, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელი. მან ეს შეძლო, რაც მნიშვნელოვანია, რადგან მისიის პირველადი და უმთავრესი მიზანი მაღალი სიზუსტის დაშვების მიღწევა იყო.
მას მთვარეზე დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უნდა ეფუნქციონირა (სწორედ ამდენ ხანს გრძელდება იქ 1 დღე), მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს ვერ მოხერხდება. ის სამეცნიერო ხელსაწყოებითაც არის აღჭურვილი, რომლებითაც ციური სხეული უნდა შეესწავლა და მისი ფორმირებისა თუ ევოლუციის შესახებ მეტი გაეგო.
უნდა ითქვას, რომ 2022 წელს იაპონიის მიერ დედამიწის თანამგზავრზე ხომალდის დასმის ორი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. კერძოდ, მისიები OMOTENASHI და Hakuto-R, რომელთაგანაც პირველმა მარცხი ნოემბერში იწვნია, მეორემ კი —აპრილში. სამაგიეროდ, SLIM-ის მეშვეობით იაპონიამ კოსმოსის ათვისების მხრივ დიდი ნაბიჯი გადადგა.
კომენტარები