შესაძლებელია თუ არა, ორი ან მეტი ვირუსი ერთდროულად შეგვხვდეს?
ზამთრის სეზონზე ვირუსები განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება. ამასობაში კითხვაც გაგიჩნდებოდათ: შესაძლებელია, რომ ორი ვირუსი ერთდროულად შეგვხვდეს? იქნებ სამი, ოთხი ან ხუთი? და, რომ შეგვხვდეს, ამ დროს რა ხდება?
ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური 2022 წელს გახდა, როცა "ტრიპლდემია", ანუ სამი ვირუსის ერთდროული ცირკულაცია, დაიწყო — COVID-19-ის, გრიპისა და რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის (RSV).
შესაძლებელია თუ არა, რომ რამდენიმე ვირუსით ერთდროულად დავინფიცირდეთ?
ეს ნამდვილად შესაძლებელია. ვირუსთა ინტერაქციის საკითხი შედარებით ცუდადაა შესწავლილი, თუმცა მონაცემები მაინც არსებობს.
მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა რესპირატორულ დაავადებათა შემთხვევები გააანალიზეს, რომლებიც 2005-2013 წლებში დაფიქსირდა. დადგინდა, რომ ვირუსის მქონე პაციენტთა 11%-ს სხვა ვირუსიც ჰქონდა; ზოგიერთი ინდივიდი ჯამში ხუთამდე ვირუსის მატარებელიც კი იყო.
რა ხდება, როდესაც ორი ან მეტი ვირუსი ერთდროულად გვხვდება?
თუკი ერთზე მეტი ვირუსი ერთდროულად შეგხვდათ, შესაძლოა, მათი სიმპტომები შეერიოს და იმაზე უარესად იგრძნოთ თავი, ვიდრე ცალკეული ვირუსის შემთხვევაში იგრძნობდით. მეორე მხრივ, ეს ყოველთვის ასე სულაც არ ხდება.
ერთდროულ ინფიცირებასთან დაკავშირებით საუკეთესო მონაცემები ძირითადად იმ კვლევებიდანაა მოპოვებული, რომლებიც მეტად სერიოზულ ვირუსებზე ჩატარდა, თუნდაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსსა (HIV) და ჰეპატიტზე.
ამ კვლევების მიხედვით, ერთდროულმა ინფიცირებამ შეიძლება უარეს შედეგამდე მიგვიყვანოს, სიტუაცია გააუმჯობესოს ანდა დაავადების მიმდინარეობაზე სულაც არ ჰქონდეს გავლენა. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ვირუსებით ინფიცირებასთან გვაქვს საქმე. მაგალითისთვის, უარესი შედეგი შეიძლება გამოიღოს HIV-თა და C ჰეპატიტით ერთდროულად ინფიცირებამ.
///
მსგავსად გართულებულ შემთხვევებში ხშირად პაციენტის ჰოსპიტალიზება ხდება ხოლმე საჭირო. მეორე მხრივ, ერთზე მეტი ვირუსით ინფიცირების ყველა შემთხვევა სულაც არ სრულდება ცუდად. მაგალითად, გრიპის A და B ვირუსით ერთდროულად დაინფიცირება სიმპტომებს არ ამძაფრებს.
იგივე შეიძლება ითქვას გაციების შემთხვევაშიც — თუ მისი გამომწვევი ერთზე მეტი ვირუსი შეგხვდათ, სავარაუდოდ, თავს იმაზე უარესად არ იგრძნობთ, ვიდრე ერთ-ერთით ინფიცირებისას. შესაძლოა, ამ შემთხვევაში განსხვავება მხოლოდ ავად ყოფნის ხანგრძლივობაში გამოიხატოს.
ვირუსული ინტერფერენცია
ზოგჯერ ისიც შესაძლებელია, რომ ვირუსებმა ერთმანეთი შეაფერხოს. ამას ვირუსული ინტერფერენცია ეწოდება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სწორედ ეს მოხდა კოვიდპანდემიის პერიოდში — კორონავირუსმა გრიპის ვირუსი თუ RSV ეფექტიანად დათრგუნა და მათზე უპირატესობა მოიპოვა.
ინტერფერენცია სხვადასხვა მექანიზმით შეიძლება მოხდეს. მაგალითად, სხვადასხვა ვირუსი შეიძლება მასპინძელი უჯრედის ერთსა და იმავე რეცეპტორს იღებდეს მიზანში. შესაბამისად, რომელიც პირველი შეაღწევს, ის დარჩება და სხვა ვირუსების შეღწევას შეუშლის ხელს. გარდა ამისა, ვირუსები მასპინძელ უჯრედებში ზოგჯერ რესურსებისთვისაც იბრძვიან, რის შედეგადაც "მხოლოდ ყველაზე ძლიერი გადარჩება".
ინტერფერენციის ყველაზე უკეთ შესწავლილი მექანიზმი ინტერფერონებს მოიცავს — თავდაცვით მოლეკულებს, რომლებსაც ხერხემლიანები წარმოქმნიან, როცა ვირუსის არსებობას გრძნობენ. ინტერფერონები კონკრეტული გენების ექსპრესიას უწყობს ხელს. ამ გენებს შეუძლია, უჯრედში ერთზე მეტი ვირუსის შეღწევა დააბრკოლოს ანდა არსებულ ვირუსებს შეუშალოს ხელი გამრავლებასა თუ უჯრედში შეღწევაში.
მაშასადამე, შესაძლებელია, რომ ვირუსული ინტერფერენციის წყალობით ცოტა ხნით სხვა ვირუსებისადმი იმუნიტეტი გვქონდეს. მეორე მხრივ, ამის გარანტია ვერ გვექნება და მაინც საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ რამდენიმე ვირუსით ერთდროულად დავინფიცირდებით.
კომენტარები