ეს ბეღურები ბარტყებს გალობას გამოჩეკამდე ასწავლიან
რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა Malurus cyaneus-ის სახეობის ავსტრალიურ ჭინჭრაქაზე დაკვირვებისას უჩვეულო რამ შენიშნეს — დედა ბეღურები ჯერ კიდევ გამოუჩეკელ ნაშიერებს უგალობდნენ. რაც კიდევ უფრო გასაოცარია, საერთო საბუდარში მყოფი ბარტყები მშობლებისგან საკვებს ერთნაირი ხმიანობით ითხოვდნენ, რომელიც დედის "სიმღერას" ძალიან ჰგავდა.
სპეციალისტებმა კვერცხებს საბუდარი შეუცვალეს. აღმოჩნდა, რომ გადანაცვლებული, უკვე გამოჩეკილი, ბარტყები სწორედ ახალი ბუდისთვის დამახასიათებელ გალობას იმეორებდნენ. ეს მიანიშნებს, რომ ამგვარი ხმიანობა მათ ჯერ კიდევ გამოჩეკამდე ისწავლეს.
უკანასკნელ კვლევაში იმავე მეცნიერებმა სხვა მონათესავე 7 სახეობაც შეისწავლეს, მათ შორის Malurus elegans, Malurus splendens, Malurus leucopterus, Malurus lamberti, Malurus melanocephalus, Malurus coronatus და Amytornis modestus. დედა ბეღურების კვერცხებისადმი გალობა ყველა მათგანში დაფიქსირდა, რაც ემბრიონის განვითარების დაახლოებით მეათე დღეს იწყებოდა. ამ დროს გარშემო სხვა ფრინველები არ იყვნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი სწორედ თავიანთ ნაშიერებს "უმღეროდნენ". აქედან ასკვნიან, რომ მსგავსი ქცევა ავსტრალიურ ჭინჭრაქებში გავრცელებულია და შესაძლოა, მათი საერთო წინაპრისგან მომდინარეობდეს.
წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ გალობამ ევოლუცია მხოლოდ მამრ ფრინველებში განიცადა და მეწყვილის პოვნას ემსახურებოდა. რადგან ამგვარი ვოკალიზაციები დასწავლადია, ფიქრობდნენ, რომ მდედრების გალობა უმიზნო იყო, მაგრამ ეს მგალობელი მდედრი ბეღურების 70%-ზე მეტს შეუძლია. აღნიშნული უნარი სწორედ ავსტრალიის რეგიონში განვითარდა, რაც დაახლოებით 33 მილიონი წლის წინ მოხდა.
ახალი კვლევა იმის დასტურია, რომ მდედრ ბეღურებში გალობა "ევოლუციური შეცდომა" სულაც არაა, არამედ ის კონკრეტულ, საკმაოდ მნიშვნელოვან, მიზანს ემსახურება. ჩნდება კითხვებიც, მაგალითად, როგორ შეუძლია ჯერ კიდევ კვერცხში არსებულ ემბრიონს დედის გალობის დამახსოვრება. აქვე უნდა ითქვას, რომ გალობას ბარტყები მაშინ უფრო უკეთ იმეორებდნენ, თუ მათ დედა შედარებით ნელა "უმღეროდა". ამ ათვისებულ ხმიანობას B ელემენტი ეწოდება და მდედრების საერთო ხმიანობების (კვერცხებისკენ მიმართული) 96% უკავია. საინტერესოა ისიც, რომ B ელემენტის გაგონებისას ბარტყებს გული უჩქარდებოდათ.
შესაძლოა, ეს ვოკალიზაციები გუგულებს უკავშირდებოდეს, რომლებიც კვერცხებს სხვა ფრინველების საბუდარში დებენ. მათი ნაშიერები რამდენიმე დღეში იჩეკებიან, რაც გალობის დასასწავლად საკმარისი არაა, ეს კი დედა ჭინჭრაქას უცხო ინდივიდების იდენტიფიცირებაში ეხმარება. მეორე მხრივ, შესაძლებელია, გალობა სქესობრივ სელექციასთან ასოცირდებოდეს, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია თაობიდან თაობას გადაეცემა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The American Naturalist გამოქვეყნდა.
კომენტარები