კოსმოსური ლიფტები შეიძლება რეალობად იქცეს
ბრიტანელმა არქიტექტორმა კოსმოსური ლიფტის დიზაინი შეიმუშავა და ამისთვის 11 000 დოლარის პრიზი მოიგო.
BBC-ის ინფორმაციით, საუბარია ჟაკ რუჟერის ფონდის კოსმოსური არქიტექტურისა და ინოვაციის პრიზზე.
ჯორდან უილიამ ჰიუზის კონცეფცია, სახელწოდებით Ascensio, ოკეანეში განთავსებულ გემს კაბელების მსგავსი სტრუქტურებით დედამიწის ორბიტაზე განთავსებულ სისტემასთან აკავშირებს. გემმა კოსმოსური პორტის გამართულად მუშაობა უნდა უზრუნველყოს.
იდეა სამეცნიერო ფანტასტიკისგანაა შთაგონებული და მის შემუშავებას ახლო მომავალში არ უნდა ველოდეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოდესმე ასეთი ტექნოლოგია არ გვექნება და მასზე ფიქრი არ ღირს.
"მომავალში შეიძლება გვქონდეს ლიფტი, რომელიც კოსმოსში გასვლაში დაგვეხმარება. ეს ნამდვილად რევოლუციური იქნება", — უთხრა ჰიუზმა BBC-ს.
კოსმოსურ ლიფტებს დედამიწის ორბიტაზე გასასვლელად მძიმე და ძვირადღირებული რაკეტების ჩანაცვლება შეუძლია. ეს კონცეფცია პირველად რუსმა მეცნიერმა კონსტანტინე ციოლკოვსკიმ მოიფიქრა და ის 1895 წელს წიგნში მოიხსენია. რუსმა ინჟინერმა იური არცუტანოვმა ეს იდეა მოგვიანებით კიდევ უფრო გაშალა და აღწერა ე.წ. კაბელი, რომელიც დედამიწის ზედაპირს გეოსინქრონულ თანამგზავრთან აკავშირებს.
ასევე: ხიდი მზის სისტემაში: კოსმოსური ლიფტები მომდევნო 2-3 ათწლეულში შეიძლება რეალობად იქცეს
ბევრს მიაჩნია, რომ კოსმოსური ლიფტები არც ისე შორსაა, თუმცა მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აქამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
ჰიუზის თქმით, დიდი ალბათობით მსგავსი ტექნოლოგია უახლოეს ათ წელში არ გამოჩნდება. თუმცა, მას მიაჩნია, რომ ეს ნამდვილად მოხდება.
"დღეს ეს უფრო ფანტასტიკაა, მაგრამ მალე ასე აღარ იქნება", — თქვა ჰიუზმა.
კომენტარები