ნახეთ: NASA-ს ზონდმა იუპიტერის ვულკანური თანამგზავრის გასაოცარი სურათები გადაიღო
30 დეკემბერს NASA-ს ზონდმა ჯუნომ იუპიტერის თანამგზავრ იოს იმაზე ახლოს ჩაუარა, ვიდრე სხვა კოსმოსურმა აპარატებმა ბოლო 2 დეკადაში. მზის სისტემის ყველაზე ვულკანური ობიექტისგან მას ამ დროს მხოლოდ დაახლოებით 1500 კილომეტრი აშორებდა.
ერთადერთი შემთხვევა, როცა კოსმოსური ზონდი იოსთან ამაზე ახლოს მივიდა, 2001 წელს დაფიქსირდა, როცა Galileo-მ ობიექტის სამხრეთ პოლუსის მაღლა სულ რაღაც 181 კილომეტრ მანძილზე ჩაიფრინა. რაც შეეხება ჯუნოს, მან 2023 წლის დასასრულს იოს 6 ხედი აღბეჭდა, რომელთაგანაც ზოგი შავ-თეთრია, ზოგი კი — ფერადი. კადრებზე მისი ზედაპირი საკმაოდ დეტალურად ჩანს.
გასაოცარი გამოსახულებების გადაღების გარდა, იოსთან ახლო დისტანციაზე ჩავლა მნიშვნელოვანი სამეცნიერო მონაცემების მოპოვების საშუალებასაც გვაძლევს. მაგალითად, მეტს ვიგებთ მისი ვულკანების, მათი ამოფრქვევების სიხშირის, ლავის ფორმისა თუ დინების შესახებ. ასევე, იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებაშია ვულკანიზმი იოს მაგნიტოსფეროსთან.
ერთ-ერთი შავ-თეთრი ფოტო აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. პოსტიდან ვიგებთ, რომ ის დაახლოებით 2500 კილომეტრი მანძილიდანაა აღბეჭდილი.
იოს ვულკანურ აქტიურობას იუპიტერის მძლავრი გრავიტაცია განაპირობებს ისევე, როგორც მის სხვა თანამგზავრებთან — ევროპასთან, განიმედთან და კალისტოსთან — გრავიტაციული ურთიერთქმედება. ეს ციური სხეულები მოქცევით ძალას ქმნის, რომელიც იოს ზედაპირს, პირდაპირი მნიშვნელობით, ღუნავს. ზოგჯერ ამის გამო კონკრეტული არეალები 100 მეტრამდე სიმაღლეზე იზნიქება, ხან კი სიღრმეში ჩადის.
აქედან გამომდინარე, იოზე ასობით ვულკანია, რომლებიდანაც ათობით კილომეტრ სიმაღლეზე ლავა იფრქვევა. ამ მატერიის ნაწილაკები თხელ და უწყლო ატმოსფეროს თავს აღწევს და იუპიტერის მაგნიტურ ველში გროვდება, რის შედეგადაც აირის გიგანტის გარშემო პლაზმის ცხელი რეგიონი წარმოიქმნება.
ჯუნო იოს მომდევნო ჯერზე 2 თებერვალს ჩაუვლის, რა დროსაც მათ შორის დისტანცია დაახლოებით 1500 კილომეტრი იქნება. შემდეგ ეს მანძილი ნელ-ნელა გაიზრდება — ჯერ 11 000 კილომეტრამდე, ხოლო შემდეგ 100 000 კილომეტრამდე. 2025 წლის სექტემბრისთვის ზონდი იუპიტერის ატმოსფეროს მიზანმიმართულად შეეჯახება, რითაც 9-წლიანი მისია დასრულდება.
ბოლო ჩავლისას მოპოვებული სურათების ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარები