13 გასაოცარი კოსმოსური სურათი, რომლებიც ვების ტელესკოპმა 2023 წელს გადაიღო
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული უმძლავრესი ობსერვატორიაა, რომელსაც შეუძლია, სამყაროს წარსულში გაიხედოს და ამ პერიოდის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს. გარდა იმისა, რომ მისგან ღირებულ მონაცემებს ვიღებთ, ვების კამერები ვიზუალურად შთამბეჭდავ სურათებსაც იღებს.
ასევე იხილეთ: "ბნელი ვარსკვლავებიდან" უძველეს გალაქტიკებამდე — 2023 წლის გარდამტეხი აღმოჩენები ვების ტელესკოპისგან
2023 წელს მის მიერ აღბეჭდილი არაერთი თვალწარმტაცი კოსმოსური გამოსახულება ვიხილეთ. მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი:
1. ჯეიმს ვების ტელესკოპმა მორევის გალაქტიკა გადაიღო
ჯეიმს ვების ახლო ინფრაწითელი კამერისა (NIRCam) და შუა ინფრაწითელი ინსტრუმენტის (MIRI) ინტეგრირებულმა მონაცემებმა გალაქტიკის მტვერი გამოავლინა, რომელიც სპირალურ მკლავებზეა კონცენტრირებული. ეს მუქი წითელი უბნების სახით ჩანს. მკლავების გასწვრივ ნათელი უბნები ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონებია, რომლებიც ლურჯ და თეთრ ცენტრალურ ბირთვამდე მიედინება. ნარინჯისფერ და ყვითელ უბნებზე ნაჩვენებია იონიზებული აირის რეგიონები, რომლებიც ახლახან წარმოქმნილი ვარსკვლავური გროვებისგანაა შექმნილი.
წაიკითხეთ ვრცლად აქ.
2. ამ გალაქტიკისგან 1 მილიარდ სინათლის წელზე მეტი გვაშორებს — ჯეიმს ვების მორიგი შედევრი
ის LEDA 2046648-ის სახელითაა ცნობილი და ფოტოზე იმდენად მკაფიოდ ჩანს, რომ მისი სპირალური შვერილებიც კი მარტივად გასარჩევია. ფონზე მატერიის კიდევ მრავალი ასეთი სისტემა და ვარსკვლავია გამოსახული, რომლებიც სხვადასხვაფრად ელვარებს. ეს შთამბეჭდავი კადრი მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ ახლო ინფრაწითელი კამერის მეშვეობით გადაიღო.
წაიკითხეთ ვრცლად აქ.
3. ვების ტელესკოპმა სატურნი გადაიღო
ეს უზარმაზარი ციური სხეული თავისი გიგანტური რგოლებით ნამდვილად თვალწარმტაცია. გამოსახულებაზე აირის გიგანტი პლანეტა თითქმის შავია, მისი რგოლები კი თეთრად ელვარებს. მათი სინათლის ტალღური სიგრძეები განსხვავებულია, ამიტომ კონკრეტული ფილტრების გამოყენებისას რგოლები უფრო კაშკაშაა.
წაიკითხეთ ვრცლად აქ.
4. ჯეიმს ვების ტელესკოპმა ირმის ნახტომის გული გადაიღო
ტელესკოპმა ირმის ნახტომის ცენტრში "შეიხედა" და გასაოცარი ფოტო შემოგვთავაზა. სურათზე ნაჩვენები ტერიტორია დაახლოებით 50 სინათლის წლის სიგანისაა. ის დედამიწიდან 25 000 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული.
წაიკითხეთ ვრცლად აქ.
5. ჯეიმს ვების ტელესკოპმა მომაკვდავი ვარსკვლავი დააფიქსირა
დედამიწიდან 2 600 სინათლის წლის დაშორებით რგოლის ნისლეული მდებარეობს და ის მომაკვდავი ვარსკვლავისგან გაჩნდა, რომელმაც თავისი გარე ფენები კოსმოსში გატყორცნა. სწორედ ეს ვარსკვლავი გადაიღო ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა.
წაიკითხეთ ვრცლად აქ.
6. ვების ტელესკოპმა ურანი და მისი რგოლები გადაიღო
მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ობიექტივში ამ ციური სხეულის 27 თანამგზავრიც მოხვდა, რომელთაგანაც ზოგიერთი მათგანი თავად რგოლებშია მოქცეული. ასევე, ვებმა პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსის სეზონური ყინულოვანი რეგიონი აღბეჭდა.
წაიკითხეთ ვრცლად აქ.
7. შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკები ჯეიმს ვების ტელესკოპის ობიექტივში
სურათზე ვხედავთ, რომ შეჯახებისა და გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად გალაქტიკების ფორმა სახეცვლილია და შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ეს წყვილი II ZW 96-ის სახელითაა ცნობილი და ჩვენგან დაახლოებით 500 მილიონი წლითაა დაშორებული.
წაიკითხეთ ვრცლად აქ.
8. ვების ტელესკოპმა აფეთქების პირას მყოფი ვარსკვლავი დააფიქსირა
ტელესკოპმა გიგანტური ვარსკვლავის სიცოცხლის ბოლო ეტაპი გადაიღო, სანამ ის ზეახლად გადაიქცევა, ანუ აფეთქდება. ესაა ვოლფ-რაიეს მნათობი, რომელიც WR 124-ის სახელითაა ცნობილი და ჩვენგან დაახლოებით 15 000 სინათლის წლითაა დაშორებული.
წაიკითხეთ ვრცლად აქ.
9. ვების ტელესკოპმა აფეთქებული ვარსკვლავის გასაოცარი სურათი გადაიღო
ეს აფეთქებული ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენია, რომელიც კასიოპეა A-ს სახელითაა ცნობილი. ის ჩვენგან თითქმის 11 000 სინათლის წლითაა დაშორებული და ასტრონომების მიერ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მსგავსი ობიექტია. მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ კასიოპეა A სხვადასხვა სპექტრში აღბეჭდა.
წაიკითხეთ ვრცლად აქ.
10. ვების ტელესკოპმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო
კადრზე ვარსკვლავის დაბადებაა აღბეჭდილი. ფოტოზე გამოსახულია ჩვენგან 390 წლის სინათლის მოშორებით მდებარე რეგიონი, რომელიც რო გველისმჭერის ვარსკვლავთწარმომქმნელ ღრუბელშია განლაგებული.
წაიკითხეთ ვრცლად აქ.
11. ვების ტელესკოპმა ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ასტეროიდთა სარტყელი გადაიღო
ეს ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, ჩვენგან 25 სინათლის წლით დაშორებული ფომალჰაუტის, ირგვლივ არსებული ასტეროიდთა სარტყელია, რომლის მსგავსიც მზის სისტემის მიღმა აქამდე არ დაფიქსირებულა. ის იმაზე ბევრად რთული სტრუქტურისაა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
წაიკითხეთ ვრცლად აქ.
12. ზეახალი ვარსკვლავის გასაოცარი სურათი აქამდე უცნობ სტრუქტურებს ავლენს
მნათობს კაშკაშა რგოლი აკრავს გარს, რომელშიც ვებმა ისეთი რამ აღბეჭდა, რაც აქამდე არ შეგვინიშნავს: ნამგლისებრი სტრუქტურები. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ისინი აფეთქებისას გაფრქვეული აირის გარეთა შრეებია. მათი ნათება კიდური სიკაშკაშის სახელით ცნობილი ოპტიკური ფენომენით უნდა იყოს გამოწვეული, რომელიც გავრცელებად მატერიაზე სამ განზომილებაში დაკვირვებისას იჩენს თავს.
წაიკითხეთ ვრცლად აქ.
13. ვების ტელესკოპმა კითხვის ნიშნის ფორმის მქონე კოსმოსური ობიექტი გადაიღო
ამ კოსმოსური ობიექტის შეფერილობა და უჩვეულო ფორმა გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის. მაგალითად, მოწითალო ელფერი მიანიშნებს, რომ რაც არ უნდა იყოს ის, ჩვენგან ძალიან დიდ დისტანციაზეა, რადგან მისგან წამოსული სინათლე სპექტრის წითელ დიაპაზონშია წანაცვლებული.
წაიკითხეთ ვრცლად აქ.
კომენტარები