ჯერ მხოლოდ ორი წელია, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი სამყაროზე დაკვირვებას შეუდგა, ამ ხნის განმავლობაში კი მან უკვე არაერთი უმნიშვნელოვანესი კოსმოსური აღმოჩენითა და მიგნებით გაგვანებივრა.

2023 წელი მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიისთვის ნამდვილად ნაყოფიერი იყო. ამ 12 თვეში მისგან მრავალი გასაოცარი ფოტო და საინტერესო მეცნიერული მონაცემები მივიღეთ, რომლებმაც სამყარო ახლებურად დაგვანახა და კოსმოსის შესახებ აქამდე უცნობი დეტალები გამოავლინა.

აი, 2023 წლის 17 მთავარი მიგნება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისგან:

1. ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა სამყაროს გაფართოების სიჩქარე გაზომა

ფოტო: Getty

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კოსმოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის შესახებ ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა: მან სამყაროს გაფართოების სიჩქარე გაზომა. შედეგები ჰაბლის მონაცემებთან თანხვედრაშია, რაც ე.წ. ჰაბლის დაძაბულობას (სხვადასხვა მეთოდით შესწავლისას მიღებული განსხვავებული მაჩვენებლების პრობლემურობას) აღრმავებს.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

2. ჯეიმს ვების ტელესკოპმა უძველესი გალაქტიკები აღმოაჩინა

ფოტო: NASA

ჯეიმს ვების ტელესკოპის გამოყენებით უძველესი გალაქტიკების სინათლე დააფიქსირეს. ის იმ დროინდელია, როცა მატერიის ეს უზარმაზარი სისტემები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იყო. მათში ქიმიური ელემენტების თანაფარდობა ამჟამინდელ მოდელებს ეწინააღმდეგება.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

3. ვების ტელესკოპმა აღმოაჩინა უზარმაზარი შორეული გალაქტიკები, რომლებიც, წესით, არ უნდა არსებობდეს

ფოტო: NASA, ESA, CSA, I. LABBE

ესაა ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის მსგავსი უზარმაზარი გალაქტიკები, რომლებშიც ზრდადასრულებული წითელი ვარსკვლავებია განლაგებული. ეს გალაქტიკები გასაოცრად დიდია, ხოლო მათში მოქცეული ვარსკვლავები — ზედმეტად ხნიერი. ამან შესაძლოა, ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს იმაზე, თუ როგორ განიცადა ევოლუცია კოსმოსმა ადრეულ პერიოდში და რა სახე ჰქონდა მას მაშინ.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

4. ვების ტელესკოპმა კოსმოსში უძველესი რთული ორგანული მოლეკულები დააფიქსირა

ფოტო: NASA, ESA, CSA

ვებმა რთული ორგანული მოლეკულები ჩვენგან დაახლოებით 12 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით მდებარე გალაქტიკა SPT0418-47-ში დააფიქსირა. ეს ჩვენთვის ცნობილი უძველესი მსგავსი ნიმუშებია და იმ დროინდელია, როცა სამყარო ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. კერძოდ, როცა სინათლე იქიდან ჩვენამდე წამოვიდა, დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 1.5 მილიარდი წელი იყო გასული.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

5. ჯეიმს ვების ტელესკოპმა 13 მილიარდი წლის წინ არსებული შავი ხვრელი აღმოაჩინა

ფოტო: NASA

შავი ხვრელი CEERS 1019-ის გალაქტიკის ცენტრშია. ის იმდენად შორს არის, რომ დიდი აფეთქებიდან 570 მილიონი წლის შემდეგ უკვე არსებობდა. ეს არის ყველაზე ადრეული და შედარებით ნაკლებად მასიური ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც ოდესმე დაუფიქსირებიათ.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

6. ვების ტელესკოპმა აქამდე ცნობილთაგან უშორესი "აინშტაინის რგოლი" დააფიქსირა

ფოტო: P. van Dokkum et al.

ესაა გრავიტაციულად ლინზირებული ობიექტი, რომლის გამოსახულებაც ჩვენი პერსპექტივიდან მის წინ მდებარე მასიური გალაქტიკის გარშემო გამრუდებული სინათლის რგოლის სახით ვლინდება. პირველად მსგავსი ფენომენის არსებობა სწორედ აინშტაინის ფარდობის ზოგადმა თეორიამ იწინასწარმეტყველა.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

7. ვების ტელესკოპმა იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ნახშირორჟანგს მიაგნო — რატომაა მნიშვნელოვანი

ფოტო: NASA, ESA, CSA

მეცნიერთა აზრით, მისი წყარო ამ ციურ სხეულზე არსებული ყინულქვეშა უზარმაზარი ოკეანე უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ იქ შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ქიმიური პირობები არსებობდეს. ვების დაკვირვებებს სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა და ამ მცირე პერიოდში მან მნიშვნელოვანი აღმოჩენა უკვე გააკეთა.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

8. ვების ტელესკოპმა ორიონის ნისლეულში სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი მოლეკულა დააფიქსირა

ფოტო: Getty

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენგან დაახლოებით 1 350 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ახალგაზრდა სისტემაში ნახშირბადის ნაერთი დააფიქსირა, რომელიც სიცოცხლის წარმოსაქმნელად უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ესაა მეთილის კათიონი (CH3+), რომლის კვალიც კოსმოსში აქამდე არასდროს აღმოგვიჩენია.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

9. ამ ეგზოპლანეტაზე შესაძლოა, ოკეანე იყოს — ვების ტელესკოპის მიგნება

ფოტო: NASA, ESA, CSA, Joseph Olmsted (STScI)

დედამიწიდან 120 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ეგზოპლანეტაზე K2-18 b მეთანისა და ნახშირორჟანგის კვალი დაფიქსირდა. ეს შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ მისი ზედაპირი ოკეანითაა დაფარული და წყალბადით მდიდარი ატმოსფერო აქვს.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

10. ჯეიმს ვების ტელესკოპმა, შესაძლოა, ახალი ტიპის ვარსკვლავები აღმოაჩინა — "ბნელი ვარსკვლავები"

ფოტო: NASA/ESA

ეს ჰიპოთეზური ობიექტებია, რომლებიც ბნელი მატერიის ნაწილაკების განადგურებით იკვებება. ზემასიური ბნელი ვარსკვლავები შეიძლება, ჩვენს მზეზე ბევრად დიდი და უფრო კაშკაშა იყოს.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

11. ვების ტელესკოპმა ჩვენთვის ცნობილი უძველესი ვარსკვლავის ფერი გამოავლინა

ფოტო: NASA

გაირკვა, რომ ის B ტიპის მნათობია. ასეთი ობიექტები ლურჯად ელვარებს, მზეზე მილიონჯერ კაშკაშაა და მასზე ორჯერ ცხელი. ის დიდი აფეთქებიდან 900 მილიონ წელში უკვე არსებობდა, მისი სინათლე კი სამყაროს გაფართოების პარალელურად გაიწელა და სპექტრის წითელ დიაპაზონში გადაინაცვლა.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

12. ჯეიმს ვების ტელესკოპმა ადრეული სამყაროს ყველაზე მკრთალი გალაქტიკა აღმოაჩინა

ფოტო: Swinburne University of Technology, University of Pittsburgh

საუბარია შორეულ და ყველაზე მკრთალ გალაქტიკაზე, რომელიც აქამდე დაგვიფიქსირებია. მას ვხედავთ ისეთს, როგორიც 13.3 მილიარდი წლის წინ იყო. ეს ის დროა, როდესაც სამყაროს ამჟამინდელი ასაკის მხოლოდ ოთხი პროცენტისთვის ჰქონდა მიღწეული.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

13. ვების ტელესკოპმა ადრეულ კოსმოსში ნახშირბადით მდიდარი მტვერი დააფიქსირა

ფოტო: ESA/Webb, NASA, ESA, CSA

დიდი ხნის განმავლობაში სამყაროში წყალბადი და ჰელიუმი ჭარბობდა. იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ ქიმიური პროცესები აქტიურად არ მიმდინარეობდა, იქ სხვა ელემენტების ნაკლებობა იყო. ამის მიუხედავად, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა სულ რაღაც 800 მილიონი წლის კოსმოსში არსებულ 10 ახალგაზრდა გალაქტიკაში ნახშირბადით მდიდარი მტვერი დააფიქსირა.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

14. ჯეიმს ვების ტელესკოპმა მზეზე 10 000-ჯერ მასიური ვარსკვლავები აღმოაჩინა

ფოტო: ESA / Hubble / NASA

ვებმა სამყაროს გარიჟრაჟზე მილიონობით ზემასიური ვარსკვლავის არსებობის პირდაპირი მტკიცებულება აღმოაჩინა. საუბარია მზეზე 10 000-ჯერ მასიურ ობიექტებზე, რომლებსაც მკვლევრებმა "ციური ურჩხულები" უწოდეს. ისინი დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 440 მილიონი წლის შემდეგ უკვე არსებობდა. მათმა აღმოჩენამ კოსმოსის ადრეული ევოლუციის შესახებ შესაძლოა, ბევრი რამ გვასწავლოს.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

15. ვების ტელესკოპმა მზის სისტემის იშვიათი კომეტის მიმდებარედ წყალს მიაგნო

ფოტო: NASA, ESA

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მარსსა და იუპიტერს შორის განლაგებულ ასტეროიდთა სარტყელში მოძრავი იშვიათი კომეტის 238P/Read გარშემო ორთქლის სახით არსებულ წყალს მიაგნო. ეს აღნიშნულ რეგიონში მსგავსი აღმოჩენის პირველი შემთხვევაა და მიანიშნებს, რომ ადრეულ მზის სისტემაში წყალი შესაძლოა, ამ რეგიონში ყინულის ფორმით შენარჩუნებულიყო.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

16. ვების ტელესკოპმა იუპიტერის ატმოსფეროში რაღაც ახალი აღმოაჩინა

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის ატმოსფეროში მაღალი სიჩქარის მქონე აირის ნაკადი დააფიქსირა. ის 4 800 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული და პლანეტის ეკვატორს ღრუბლების თავზე მიუყვება. ეს ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებს ამ გიგანტური ციური სხეულის სხვადასხვა შრე ერთმანეთთან.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

17. ვების ტელესკოპმა პლანეტების მაფორმირებელ დისკოში წყალს მიაგნო

ფოტო: MPIA

ვების ტელესკოპმა წყლის კვალი პლანეტების მაფორმირებელ დისკოში აღმოაჩინა, რომელიც ჩვენგან 370 სინათლის წლითაა დაშორებული. ეს მიანიშნებს, რომ მსგავს რეგიონებში წყალი თავიდანვე გვხვდება და სიცოცხლისთვის თავსებადი პლანეტების წარმოქმნის შანსს ზრდის. ასევე, წინა კვლევებისგან განსხვავებით, ახლა დადგინდა, რომ წყალი შეიძლება, ახალგაზრდა ვარსკვლავების რადიაციას გადაურჩეს.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.