5 ცნობილი ადამიანი, რომელიც შთაგვაგონებს, რომ საუკეთესო წინ არის
"წარმატებას იდეალურობა არ განაპირობებს, ესაა დაუღალავი შრომის და შეცდომებისგან სწავლის შედეგი", — ამბობდა კოლინ პაუელი, ამერიკელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ეს ფრაზა შესანიშნავად გადმოგვცემს ამბავს იმაზე, თუ როგორ აღწევენ ადამიანები მწვერვალებს.
ის, რომ უნდა სცადო ბევრჯერ, არ დანებდე პირველივე უარზე და ჯიუტად ეძებო საკუთარი ადგილი სამყაროში, კიდევ ერთხელ შეგვახსენა საქართველოს ბანკმა წინასაახალწლო ვიდეოში. ვიდეოს მთავარი გმირი სამსახურის მაძიებელი ჟირაფი ჟოზეა, რომელიც ხან ზედმეტად რუხ კორპორაციაში მიიტანს ჭრელა-ჭრულა რეზიუმეს, ხან პიცერიაში დაუწუნებენ ორიგინალურ ხედვას, ხანაც სამრეცხაოში ჩამოუხსნიან თავისებურად გაფენილ სარეცხს. თუმცა, ჟოზე არ ნებდება და... დანარჩენს ამ ვიდეოშიც ნახავთ:
მართალია, ჟირაფი ჟოზე გამოგონილი პერსონაჟია, თუმცა სინამდვილეშიც არსებობენ ადამიანები მსგავსი ისტორიით და პრინციპში, წარმატებული, შთამაგონებელი ფიგურების ამბავი, უმეტესად მართლაც ასეთია — არა შემთხვევითობის, არამედ შეუჩერებლობის ამბავი. ამ სტატიაში სწორედ ხუთ ასეთ პიროვნებას ხელახლა გაგაცნობთ.
1. ალბერტ აინშტაინი
აინშტაინს წარდგენა არ სჭირდება, თუმცა, ალბათ, ცოტამ თუ იცის მისი ბავშვობის შესახებ. ალბერტ აინშტაინი ოთხ წლამდე ვერ ლაპარაკობდა, 16 წლის ასაკში კი შვეიცარიის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის მისაღებ გამოცდებში ჩაიჭრა. მართალია, მან მათემატიკასა და ფიზიკაში კარგი შედეგი მიიღო, მაგრამ სხვა საგნების ნიშნები დამაკმაყოფილებელი არ იყო. როგორც ამბობენ, სასწავლებელში საშუალო დონის ქულების აღებაც კი უჭირდა, რის გამოც მასწავლებლების თვალში კარგი რეპუტაცია არ ჰქონდა. მეტიც, მამამისი "სრულ კრახად" თვლიდა მის ცხოვრებას.
21 წლის ასაკში აინშტაინმა მაინც შეძლო და დაასრულა შვეიცარიის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლა, საიდანაც ერთხელ კინაღამ გამოაგდეს კიდეც. დიპლომი ამოწმებდა, რომ ის კომპეტენტური იყო მათემატიკისა და ფიზიკის სწავლებისთვის, თუმცა ორწლიანი მცდელობის მიუხედავად, შვეიცარიის სკოლებში მუშაობა ვერ დაიწყო. ხელისუფლებამ ის სამხედრო სამსახურისთვისაც შეუფერებლად მიიჩნია სამედიცინო მიზეზების გამო. ყიდდა სადაზღვევო ფურცლებს კარდაკარ, მოგვიანებით კი, მათემატიკოს მარსელ გროსმანის მამის დახმარებით, ბერნში, შვეიცარიის საპატენტო ოფისში, თანამდებობა მიიღო.
საგულისხმოა, რომ დამსაქმებლები აინშტაინის მუშაობით კმაყოფილები კი იყვნენ, მაგრამ მის დაწინაურებაზე არ ფიქრობდნენ. თუმცა, მაინც, ეს სამსახური გარდამტეხი აღმოჩნდა აინშტაინის ცხოვრებაში. მიიჩნევა, რომ აქ მუშაობამ დიდი გავლენა იქონია ფარდობითობის თეორიის ჩამოყალიბებაზე. როგორც ცნობილია, მისი რევოლუციური იდეები სივრცეზე, დროსა და სინათლეზე საპატენტო ოფისში შემოსული განცხადებების განხილვის დროს გაჩნდა, რადგან ზოგიერთი განცხადება სიგნალების გადაცემისა და საათების სინქრონიზაციის შესახებ აზრით ექსპერიმენტებს საჭიროებდა.
ასე რომ, მამამისი და მისი მასწავლებლები, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ალბერტი კაცობრიობის მომავალს გადაწერდა და შექმნიდა თეორიას, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება ეფუძნება.
2. უოლტ დისნეი
ბევრისთვის უცნობია მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის ცხოვრება და დაბრკოლებებით სავსე გზა, სანამ "დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადგილს" შექმნიდა.
ეს გზა ბავშვობიდანვე რთული იყო. უოლტ დისნეის მამა სასტიკად ეპყრობოდა შვილებს და ოჯახის საჭიროებების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებდა. სტრესული გარემოსგან დისტანცირება პატარა უოლტმა მარტოობაში ხატვისას შეძლო. უყურებდა, როგორ გაურბოდნენ მამას სახლიდან მისი უფროსი ძმები და მალე თავადაც მიჰყვა მათ, მოიტყუა ასაკი და პირველი მსოფლიო ომის დროს სასწრაფო დახმარების მძღოლი გახდა.
ომიდან დაბრუნების შემდეგ, კანზას სიტის კომერციული ხელოვნების სტუდიის შეგირდი გახდა. დამოუკიდებლად საქმის კეთების სურვილით, 1920 წელს მან და მისმა უფროსმა ძმამ მულტფილმების ბიზნესი წამოიწყეს (Laugh-O-Gram Studios), თუმცა კომპანია რამდენიმე წელში გაკოტრდა.
ბიზნესის დახურვის შემდეგ, დისნეიმ ბარგი ჩაალაგა და ჯიბეში 40 დოლარით ლოს ანჯელესს მიაშურა, რომ მსახიობობა ეცადა. ამ საქმიდანაც არაფერი გამოვიდა. თუმცა, შეამჩნია, რომ კალიფორნიაში ანიმაციური სტუდიები საერთოდ არ იყო, დაარწმუნა ძმა, გადმოსულიყო და პატარა სახელოსნო შეექმნათ. აქედან მალევე, დისნეიმ პირველი წარმატება მოიპოვა — შექმნა ოსვალდი, იღბლიანი კურდღელი. პერსონაჟი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, მაგრამ თავად დისნეის იღბალზე იმავეს ვერ ვიტყოდით. ნიუ იორკში კონტრაქტზე მოსალაპარაკებლად წასულმა აღმოაჩინა, რომ პროდიუსერმა ანიმატორების გუნდი ჩამოართვა და ოსვალდზეც კანონიერი უფლებები აღარ ჰქონდა.
დანაკარგისთვის ბრძოლის ან შურისძიების ნაცვლად, მან საქმის თავიდან დაწყება გადაწყვიტა და კალიფორნიისკენ მიმავალ უკანა გზაზე მიკი მაუსი შექმნა. წლების განმავლობაში ვალებთან ბრძოლისა და პრობლემების გადაჭრის შედეგად, დისნეიმ მიკი მაუსი მულტფილმად აქცია და ინდუსტრიაში სახელი გაითქვა. თუმცა, მიკი მაუსის წარმატების მიუხედავად, მას და მის ბიზნესს მაინც რთული პერიოდი ედგა. ზედმეტი მუშაობისა და დამსაქმებელთან დაძაბული ურთიერთობის გამო უოლტი ნერვულ აშლილობამდეც მივიდა. გამოჯანმრთელების მიზნით ცოტა ხნით დასვენების შემდეგ, ის დიდებული იდეით დაბრუნდა და შექმნა ფიფქია და შვიდი ჯუჯა.
მოგვიანებით, დისნეილენდის გახსნასაც ხარვეზები ახლდა თან და ზოგიერთმა კრიტიკოსმა ამ დღეს "შავი კვირაც" კი უწოდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, დისნეი ყველა დაბრკოლებას სათავისოდ ატრიალებდა და დისნეილენდიც მისთვის კოლოსალური წარმატების მომტანი გახდა.
3. ჯოან როულინგი
ჯოან როულინგს, ჰარი პოტერის ავტორს ბევრი იცნობს და ზოგიერთმა ისიც იცის, რომ წარმატების მიღწევამდე მას, მარტოხელა დედას, ფინანსური პრობლემები ჰქონდა. თუმცა მისი ისტორიის ზოგიერთი დეტალი კვლავ უცნობია.
წიგნის წერა როულინგმა თავისუფალ დროს დაიწყო. იდეა მატარებლით მგზავრობისას მოუვიდა და ასე შეიქმნა ჰარი პოტერის სერიები. თუმცა მანამდე იყო რიგი პრობლემებისა.
ჯოან როულინგს დედა გარდაეცვალა, თვითონ კი შვილთან ერთად ლონდონში საცხოვრებლად გადავიდა. როულინგს უჭირდა საკუთარი თავისა და შვილისთვის კეთილდღეობის შექმნა, ამას თან დაერთო დეპრესია, შვებას კი წერაში პოულობდა.
წიგნის პირველი სამი ნაწილი მან გამომცემელს გაუგზავნა, თუმცა უარი დაუყოვნებლივ მიიღო. შემდეგ ნაწერი თორმეტ სხვადასხვა გამომცემლობაში გაგზავნა. ამჯერადაც, თორმეტიდანვე პასუხი უარყოფითი იყო.
საბოლოოდ, მისი ნაწერი ერთ-ერთმა რედაქტორმა წაიკითხა, რვა წლის შვილთან ერთად, რომელსაც ძალიან მოეწონა ჰარი პოტერის ისტორია. გამომცემლობა დათანხმდა წიგნის დაბეჭდვას, მაგრამ ურჩიეს, რომ საბავშვო წიგნებით ფულს ვერ იშოვიდა და აჯობებდა, რაიმე სამსახური ეპოვა. თუმცა, შეცდნენ.
ჯოან როულინგი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაყიდვადი წიგნის ავტორი გახდა. დაწერა შვიდი ნაწილი, რომლის 500 მილიონზე მეტი ასლი გამოიცა მსოფლიო მასშტაბით და ითარგმნა 80 ენაზე.
4. პოლკოვნიკი ჰარლანდ სანდერსი
ჰარლანდ სანდერსი კვების ობიექტების ცნობილი ქსელის KFC-ის დამფუძნებელია. 6 წლის ასაკში მას მამა გარდაეცვალა და მოუწია, და-ძმებისთვის ყურადღება მიექცია. ამ ასაკიდან დაიწყო კერძების მომზადება მათთვის და 7 წლის ასაკში კარგადაც დახელოვნდა.
მეშვიდე კლასში სკოლიდან გამოაგდეს და ფერმაში მუშაობა დაიწყო. 16 წლის რომ იყო, ასაკი მოიტყუა და რკინიგზაში მუშად მივიდა, თუმცა თანამშრომელთან ჩხუბის გამო გამოაგდეს. ამ დროს სამართლის სწავლაც სცადა, მაგრამ კარიერა ამ მიმართულებით მორიგმა ჩხუბმა დაანგრია. მუშაობდა სადაზღვევო გაყიდვებში, თუმცა იქაც არაფერი გამოვიდა. 1920 წელს საბორნე ნავების ბიზნესი დაწყება სცადა, რომელიც მოგვიანებით გაყიდა ნათურების მწარმოებელი კომპანიის დასაარსებლად, მაგრამ აღმოაჩინა, რომ კონკურენტი უკეთეს ნათურებს უშვებდა.
40 წლის რომ გახდა, კენტუკის შტატის ქალაქ კორბინში ბენზინგასამართ სადგურზე მშიერი მოგზაურებისთვის საჭმლის მზადება დაიწყო. რესტორანი არ ჰქონდა. უბრალოდ, საკუთარ მაგიდასთან უმასპინძლდებოდა სტუმრებს. აქ მან სახელი გაითქვა და მეტი და მეტი კლიენტი შეიძინა, რის გამოც მოპირდაპირე მხარეს პატარა რესტორანში გადავიდა. ცხრა წლის განმავლობაში აუმჯობესებდა ქათმის რეცეპტს. ეს რეცეპტი დღემდე საიდუმლოდ ინახება.
30-იანი წლების ბოლოს მან ახალი მოწყობილობა აღმოაჩინა, რომელიც წნევის საშუალებით რამდენიმე წუთში შესანიშნავად ამზადებდა ლობიოს. დაინტერესდა, იმავეს იზამდა თუ არა ქათმის შემთხვევაშიც. ექსპერიმენტების შედეგად, მას ყველაზე გემრიელი ქათამი გამოუვიდა, რაც კი ოდესმე გაუსინჯავს. KFC-ში დღესაც იყენებენ ამ ტიპის ღუმელს.
1952 წელს ბიზნესის ფრენჩაიზინგი დაიწყო. მოგზაურობდა მთელ ქვეყანაში, აკეთებდა საფირმო ქათამს რესტორნების მეპატრონეებისა და თანამშრომლებისთვის და ათანხმებდა, რომ თითო გაყიდული ქათმისთვის ხუთ ცენტს მიიღებდა. 1964 წლისთვის უკვე 600-ზე მეტი ფრენჩაიზი ჰქონდა. ამავე წელს მან კომპანიის საკუთარი წილი 2 მილიონად გაყიდა.
პოლკოვნიკმა სანდერმა 1965 წელს ჰორაციო ალჯერის ჯილდო მიიღო. 1976 წელს კი დასახელდა მსოფლიოს მეორე ყველაზე ცნობად ცნობილ ადამიანად.
5. ჩარლი ჩაპლინი
ჩარლი ჩაპლინი 1889 წელს ლონდონში დაიბადა. რთული ბავშვობა გამოიარა — მამამ ორი წლის ასაკში მიატოვა და ოჯახი ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე დარჩა. შვიდი წლის იყო, როცა სპეციალურ სამუშაო სახლში გააგზავნეს. ეს იყო ადგილი, სადაც ღარიბებს სამუშაოს ნაცვლად საკვების მიღება და ცხოვრება შეეძლოთ.
მცირე დროით ის სახლში დაბრუნდა, თუმცა დედამისი ფსიქიატრიულ თავშესაფარში მოათავსეს და მას კვლავ სამუშაოზე დაბრუნება მოუწია. ორი წლის შემდეგ მამამისი ალკოჰოლიზმით გამოწვეული ციროზით გარდაიცვალა.
ჩაპლინის დედას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. საბოლოოდ კი, მან წლები სიცოცხლის ბოლომდე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაატარა. ამ პერიოდში ჩარლი და მისი ძმა, სიდნი, მარტო იყვნენ, უწევდათ საკუთარი თავის გადარჩენა და იყო დღეები, როცა საკვებსაც ვერ იღებდნენ.
ადრეულ წლებში, დედამისი, ჰანა, მსახიობი და მომღერალი იყო. ჩარლიც ბავშვობიდანვე ჰბაძავდა მას და პერფორმანსებსა და სიმღერებს იმახსოვრებდა. ერთხელაც დედამისს სცენაზე ხმა გაუწყდა, 5 წლის ჩარლი კი იძულებული გახდა, მის ნაცვლად შეესრულებინა სიმღერა. ეს იყო მისი პირველი ნაბიჯები თეატრალურ სამყაროში.
ამ დროს ჩარლი ქუჩაშიც ცეკვავდა და ხურდებს აგროვებდა. მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, ამ პერიოდს ის ბედნიერს უწოდებდა, რადგან ოჯახი ჰყავდა.
მოგვიანებით მუშაობდა გაზეთის გამყიდველად, ექიმის დამხმარედ, მბეჭდავად, სათამაშოების ხელოსნად და სხვა. ბოლოს კი მიიღო როლი და ამერიკაში გაემგზავრა.
ის თეატრალურ დადგმებში აქტიურად მონაწილეობდა. ამ დროს განივითარა კომედიური და საცეკვაო უნარები, საბოლოოდ კი ჰოლივუდში გაემგზავრა, სადაც დაიწუნეს, მაგრამ მან მაინც შეძლო, შეექმნა უხმო კინოს ისტორიაში ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი — ტანდაბალი კაცი, პატარა ულვაშით, ფაშფაშა შარვლითა და მოტმასნილი კოსტიუმით, ქუდითა და ჯოხით, კაცი, რომლის სიარულის მანერა და მიმიკები დაუვიწყარი გახდა მთელი მსოფლიოსთვის.
ჩარლი ჩაპლინი იყო მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, კომპოზიტორი ფილმებისა, რომლებშიც თავადაც მონაწილეობდა. 1972 წელს მან ფილმისთვის რამპის ჩირაღდნები ოსკარი მიიღო და მალე აშშ-ს პრეზიდენტზე მდიდარიც კი გახდა.
ეს ძალიან მოკლე სიაა იმ ადამიანებისა, რომლებმაც დაგვიმტკიცეს, რომ დანებება და გაჩერება გამოსავალი არაა. ისტორიას კიდევ მრავალი ხელოვანი, მეწარმე თუ სამოქალაქო ფიგურა ახსოვს, რომლებიც შთაგვაგონებენ, რომ თუ ცდას არ დავაკლებთ, საუკეთესო წინ არის.
კომენტარები