ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალად მიიჩნევა, საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს. არცთუ ხანმოკლე ასპარეზობის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შედეგად მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011 წელს კი ჯგუფმა ელდრაინმა დაიკავა. ამასთან, წელს საქართველო ზედიზედ მეექვსედ გამოეთიშა ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან.

ამდენად, ქართველი ევროფანები და არა მხოლოდ ისინი, ყოველ წელს განიხილავენ, რა შეიძლება გავაკეთოთ უკეთესი შედეგისთვის შემდეგში. პირველი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, შესაფერისი წარმომადგენლის შერჩევაა. ვფიქრობ, ბოლო წლებში წარმომადგენლის შერჩევის გზამ, კონკურსის მიბმამ მეგაშოუებზე, ვერ გაამართლა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ: ევროვიზია სიმღერის კონკურსია და საბოლოო ჯამში ყველაფერს სწორედ საკონკურსო კომპოზიცია წყვეტს. ამის დასტურია თუნდაც ბრიტანეთი, რომელმაც წინა ათწლეულში ლეგენდარული მუსიკოსები, ენგელბერტ ჰამპერდინკი და ბონი ტაილერიც კი წარადგინა, თუმცა, არცთუ სახარბიელო შედეგი მიიღო.

ამის მიუხედავად, სიმღერის გაცოცხლებასა და მსმენელისთვის მის წარდგენაში შემსრულებელი მაინც გადამწყვეტ როლს თამაშობს. აი, მაგალითად, 2023 წლის გამარჯვებული სიმღერა Tattoo ალბათ ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა, შვედ ლორენს რომ არ შეესრულებინა. ამიტომ, გადავწყვიტე, ის ქართველი შემსრულებლები ჩამომეწერა, რომლებიც, ჩემი აზრით, სათანადოდ წარადგენდნენ საქართველოს ევროვიზიაზე.

1. ელენე კალანდაძე

ლიზი პოპი (ლიზი ჯაფარიძე) და ელენე კალანდაძე 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონიაზე.

ფოტო: Marc Mingels / wiwibloggs

ელენე კალანდაძე ევროვიზიის მაყურებელმა ჯერ კიდევ 2010 წელს გაიცნო — მაშინ იგი საქართველოს წარმომადგენელ სოფო ნიჟარაძეს ბექვოკალისტად ახლდა ნორვეგიაში. მასთან ერთად ბექვოკალისტი გახლდათ სოფო ტოროშელიძეც, რომელმაც საქართველო 2011 წლის ევროვიზიაზე წარადგინა (როგორც ჯგუფი ელდრაინის წევრი).

ელენე კალანდაძე ასევე იყო თანაწამყვანი 2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც თბილისში გაიმართა. შოუზე ელენემ იმღერა კიდეც, მისი სასცენო ქარიზმის დამსახურებით კი ევროვიზიის ფანდომში ბევრი გულშემატკივარი შეიძინა. ალბათ უპრიანი იქნებოდა, სწორედ ამის შემდეგ, 2018 წელს, წარედგინა კალანდაძეს საქართველო ევროვიზიაზე, რადგან მსგავსმა ტაქტიკამ ბულგარეთისთვის გაამართლა (2015 წლის საბავშვო ევროვიზიის წამყვანმა პოლი გენოვამ 2016 წლის ევროვიზიაზე მე-4 ადგილი დაიკავა).

2017 წელს ისრაელში ელენე ასევე მონაწილეობდა ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში, სადაც მისმა ვოკალურმა და სასცენო მონაცემებმა ჟიური აღაფრთოვანა. ხოლო ეს მონაცემები რომ ჟანრობრივად დავიწროებული არაა და ელენეს ბევრგვარი სტილის მორგება შეუძლია, ამის დასტურია მისი გამოსვლები და, საბოლოოდ, გამარჯვებაც ტელეპროექტში ერთი ერთში.

2. ბარბარა სამხარაძე

ფოტო: საქართველოს ვარსკვლავი / საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბარბარა სამხარაძე დიდ სცენაზე 14 წლის ასაკში დადგა, როცა მეგაშოუ ნიჭიერში გამოჩნდა. პროექტის შესარჩევ ტურშივე ცხადი იყო, რომ გამორჩეული ვოკალური შესაძლებლობების მქონე გოგო, რომელმაც დარბაზი ფეხზე წამოაყენა, დიდ წარმატებას მიაღწევდა. ასეც მოხდა — ბარბარამ ნიჭიერი მოიგო.

სამხარაძე ტელესივრცეში 2019 წელს დაბრუნდა და საქართველოს ვარსკვლავის კონკურსში ჩაერთო. პროექტი მაშინ 2020 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის შესარჩევად გამოიყენებოდა. ბარბარა კონკურსის ფინალისტი გახდა და საბოლოოდ მე-2 ადგილი დაიკავა; გამარჯვებამდე კი ხმების, დაახლოებით, 3% დააკლდა.

2023 წელს ბარბარამ თავისი პირველი საავტორო სიმღერა, Ocean Side, სინგლად გამოუშვა Barbara K-ის სახელით. სიმღერა ქართულ ტიკტოკზე მალევე იქცა ტრენდულ "საუნდად", იუთუბზე კი მის ვიდეოს უკვე 2,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

///

3. გიორგი ფრუიძე

ფოტო: საქართველოს ვარსკვლავი / საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბარბარას მსგავსად, გიორგი ფრუიძეც ადრეულ ასაკშივე გაიცნო ქართველმა ტელემაყურებელმა. მუსიკოსი 12 წლის იყო, როცა X ფაქტორის მეორე სეზონში გამოჩნდა. "პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მომავალი ვარსკვლავი აღმოვაჩინეთ", — ასე შეაფასა გიორგის გამოსვლა მაშინ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ანრი ჯოხაძემ.

ევროვიზიაზე მოსახვედრად ფრუიძემაც ცადა ბედი. მან 2019 წლის ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლისა და საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად გამართულ საქართველოს ვარსკვლავში მიიღო მონაწილეობა. გიორგი კონკურსის ფინალში აღმოჩნდა, სადაც თამარ ბაბილუას სიმღერა მე მჯერა შეასრულა და მე-4 ადგილი დაიკავა. მაშინ საკმაოდ უცნაური ისტორია განვითარდა: იმის მიუხედავად, რომ მაყურებელს ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერაც უნდა გამოევლინა, საკონკურსო კომპოზიციები პირველად მხოლოდ ფინალურ შოუზე გაჟღერდა, ხმის მიცემა კი მანამდე მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თუმცა, გიორგიმ კარიერა განაგრძო და მას შემდეგ ორი საავტორო სიმღერაც გამოუშვა. მათგან მეორე, Cry Overnight, რომელიც სულ ახლახან გამოვიდა, ჩემი აზრით, სათანადო სასცენო დადგმით საქართველოს ევროვიზიის ფინალში ადგილს გაუნაღდებდა (რაც დიდი წარმატება იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე შვიდი წელია, ფინალში არ გვიმღერია).

4. ლიზა კალანდაძე

ფოტო: საქართველოს ვარსკვლავი / საზოგადოებრივი მაუწყებელი

2019 წლის საქართველოს ვარსკვლავში, სადაც გიორგი ფრუიძემ მე-4 ადგილი დაიკავა, მეორეადგილოსანი გახდა ლიზა კალანდაძე. ლიზამ ფინალში ლევან ბაშარულის სენტიმენტალური ბალადა სევდისფერი ზღვა შეასრულა. მგონია, რომ აღნიშნული სიმღერაც მოგვიტანდა ევროვიზიაზე წარმატებას, სულ მცირე, ფინალს მაინც; რადგან 2019 წლის ევროფესტივალზე დენს-პოპ სიმღერები ჭარბობდა, ჟიურიმ და მაყურებელმა კი, საბოლოოდ, არჩევანი სწორედ ბალადაზე, ნიდერლანდების წარმომადგენელზე, შეაჩერეს.

ლიზა კალანდაძეს რაც შეეხება, იგი ასევე მონაწილეობდა სხვა მეგაპროექტებში, მათ შორის, X ფაქტორის მეოთხე სეზონში. მაშინ 15 წლის მუსიკოსის გამორჩეულმა სტილმა ჯერ კიდევ შესრულებამდე მიიქცია ჟიურის ყურადღება — სტეფანემ (სტეფანე მღებრიშვილი) დანახვისთანავე აღნიშნა, რომ ლიზა "მოდურად" გამოიყურებოდა. თუმცა, მოდურს ალბათ ვერ ვუწოდებდით კალანდაძის ხმის უცხო ტემბრსა და შესრულების ინდივიდუალურ მანერას, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ იგი დიდ მსოფლიო სცენებსაც დაამშვენებდა, თუნდაც ევროვიზიის.

5. მალიბუ

ფოტო: X ფაქტორი / რუსთავი 2

რატომღაც ისე გამოვიდა, რომ ამ სიაში ჩამოთვლილი მუსიკოსების უმეტესობას სხვადასხვა ტელეშოუდან ვიცნობთ. მაგრამ ეს გასაკვირი არაა: სამწუხაროდ, საქართველოში ფართო აუდიტორიისთვის თავის გაცნობის ალბათ ერთადერთი საშუალება სწორედ მეგაშოუში მონაწილეობაა, სადაც, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ნიჭიერი მუსიკოსების მონაცემები სათანადოდ ვერ ფასდება. ამის ერთ-ერთი დასტური მალიბუა, რომელიც X ფაქტორის მეორე სეზონში მონაწილეობდა.

საავტორო სიმღერით We Live Once მალიბუ 2017 წლის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსშიც მონაწილეობდა, სადაც, საბოლოდ, მე-3 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მან საერთაშორისო ჟიურის მეორე უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მჯერა, რომ ჩემი გულწრფელი ემოცია გამარჯვებამდე მიმიყვანსო, ამბობდა მაშინ მუსიკოსი. იმ წლის ევროვიზიაზე სწორედ გულწრფელმა ემოციამ აქცია პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი ბევრისთვის მოულოდნელ გამარჯვებულად.

6. სოფო ბათილაშვილი

ფოტო: მხოლოდ ქართული / რუსთავი 2

ევროვიზიის ფანები ხშირად საუბრობენ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, კონკურსანტმა თავისი ქვეყანა მშობლიურ ენაზე დაწერილი სიმღერით წარადგინოს. წარსულში მართლაც მოქმედებდა წესი, რომელიც ქვეყნებს ავალდებულებდა, მხოლოდ თავიანთ სახელმწიფო ენაზე ემღერათ; ამ წესის გაუქმებიდან ათწლეულების შემდეგ კი ევროფესტივალზე ისევ შეიმჩნევა ენობრივი მრავალფეროვნების ტენდენცია; მაგალითად, 2023 წლის ევროვიზიაზე 18 სხვადასხვა ენაზე შექმნილი სიმღერები მოვისმინეთ.

როცა დავფიქრდი, ვის შეიძლებოდა ემღერა ქართული სიმღერა ევროვიზიაზე, პირველივე სოფო ბათილაშვილი გამახსენდა. სოფოც X ფაქტორის "კურსდამთავრებულია", მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია პროექტში მხოლოდ ქართული, სადაც პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა. ბათილაშვილმა ბედი ასევე ცადა ქართულ ვოისში, რომელიც 2023 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის შესარჩევად ჩატარდა. მართალია, იგი პროექტს ლაივებიდან გამოეთიშა, მაგრამ მისმა პერფორმანსმა საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა. ბათილაშვილს ასევე გამოშვებული აქვს ქართულენოვანი სიმღერების ალბომი პერიფრაზი (2019).

///

7. Nini Iris

ფოტო: NBC

"რომელი პლანეტიდან ხარ?" — ამ შეკითხვით მიმართა ირლანდიელმა პოპვარსკვლავმა ნაილ ჰორანმა ქართველ მომღერალს, Nini Iris-ს, როცა ამ უკანასკნელმა ამერიკული ვოისის "ბრმა ქასთინგზე" გამოსვლა დაასრულა. ჰორანმა შეფასებას დასძინა, რომ Nini Iris, რომლის ნამდვილი სახელი ნინი ბრეგვაძეა, კონკურსის პოტენციური გამარჯვებული იყო. მართალია, ნინი კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა, მაგრამ მან ამერიკელი ტელემაყურებლის აღიარება დაიმსახურა.

ნინი რომ მრავალმხრივი მიმართულებით გამორჩეული შემსრულებელი იყო, ეს საქართველოში ჯერ კიდევ 2015 წელს დავინახეთ. მაშინ 18 წლის მომღერალი სცენაზე რეპავდა, ცეკვავდა და წარმოუდგენელი სიმაღლის ნოტებს იღებდა. ამ განსაკუთრებულმა ნიჭმა მოაპოვებინა მას ადგილი ფინალში. დარწმუნებული არ ვარ, ამერიკული კარიერის ასეთი ფურორით დაწყების შემდეგ თუ მოიწადინებს Nini Iris ევროვიზიაზე გამოსვლას; მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ მისი წარდგენის შემთხვევაში კონკურსზე ჩვენი საუკეთესო შედეგის (მე-9 ადგილი) გაუმჯობესების რეალური შანსი გვექნებოდა.

8. Janngo და ნინი ნუცუბიძე

ფოტო: აკუსტიკა / საზოგადოებრივი მაუწყებელი

ახალი თაობის ქართველი მუსიკოსების გამორჩეულ შემოქმედებით ხედვას ალბათ საუკეთესოდ წარმოადგენენ Janngo (მარიამ ჯანჯღავა) და ნინი ნუცუბიძე. ორივე მათგანი ასევე მეგაშოუებში გავიცანით, თუმცა, მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ახალგაზრდა მუსიკოსების კარიერაც ვარსკვლავურად გაგრძელდა — Janngo სულაც ბერკლის პრესტიჟულ სასწავლებელში აღმოჩნდა.

Janngo-ს და ნინის მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალიზმი გამოარჩევთ და ორივე მათგანის ცალ-ცალკე დახასიათებაც შორს წაგვიყვანს. თუმცა, რადგან ქართველი მსმენელი მათ განუყრელ საშემსრულებლო წყვილად იცნობს, ევროვიზიაზეც დუეტად წარვადგენდი. რა თქმა უნდა, გიორგი "გიგაშა" გიგაშვილთან ერთად.

9. ნათია თოდუა

ფოტო: ProSieben / Richard Hübner

ქართულ მეგაშოუებში (მაგთიfანი, X ფაქტორი) ბედის ცდისა და არცთუ სახარბიელო შედეგის მიღების შემდეგ, ნათია თოდუამაც უცხოეთს მიაშურა. ჯერ იყო უკრაინული X ფაქტორი, მერე კი გერმანული ვოისის ჯერიც დადგა. ამ უკანასკნელში ნათია ჯერ ფინალისტი გახდა, ხოლო შემდეგ შემოსული ხმების ნახევარზე მეტით კონკურსი მოიგო. მომდევნო წელს მან გერმანიაში ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნათია საქართველოს ვარსკვლავის ჟიურის წევრი გახდა და მონაწილეობდა ევროვიზიაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლის შერჩევაში 2019 და 2020 წლებში. თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, თოდუა 2022 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლითაც დააჯილდოვა.

10. თაკო კაკალაშვილი

ფოტო: საქართველოს ვარსკვლავი / საზოგადოებრივი მაუწყებელი

"თვალები რომ დამეხუჭა, მეგონებოდა, რომ ჯენიფერ ჰადსონი მღეროდა", — ასე შეაფასა თაკო კაკალაშვილის შესრულება სტეფანემ, როცა ახალგაზრდა მუსიკოსი გორის გოგოების გუნდთან ერთად, სოლისტად წარდგა X ფაქტორში. თუ რატომ ერგო ამ პარტიის შესრულება, ეს უფრო ცხადად დავინახეთ 2019 წელს, როცა კაკალაშვილი საქართველოს ვარსკვლავში გამოჩნდა. ევროვიზიის შიდაშესარჩევ ამ კონკურსში მან ფინალამდე იასპარეზა და, საბოლოოდ, სამეულშიც აღმოჩნდა.

ევროვიზიაზე მოხვედრა კაკალაშვილმა კიდევ ერთხელ ცადა 2023 წელს. ვოისში დიდი კონკურენციის მიუხედავად, მომღერალი ამჯერადაც აღმოჩნდა ფინალში, მაგრამ, საბოლოოდ, გამარჯვება ვერ მოახერხა. თაკოს გამორჩეული ვოკალით იცნობენ, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს შესრულების მისეული მანერაც — სცენაზე იგი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ეს თავდაჯერებულობა კი, ვფიქრობ, განსაკუთრებით მოხიბლავდა ევროვიზიის მაყურებელს, რომელიც 2023 წლიდან კონკურსზე ჟიურის გარეშე წყვეტს ფინალისტების ვინაობას.