რატომაა წაკითხულის გააზრება ასეთი რთული? — რა უნდა ვიცოდეთ ამ უნარის შესახებ
ახლახან მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA-ს, უახლესი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. მოხსენების თანახმად, ქართველი მოსწავლეები წაკითხულის გააზრებაში 67-ე ადგილს იკავებენ 81 ქვეყანას შორის.
PISA-ს ანგარიშზე უფრო დეტალურად ამ სტატიაში გაეცნობით, მანამდე კი საქმეზე გადავიდეთ: მაშ, რა არის წაკითხულის გააზრება და რაში გვჭირდება? რატომაა ბევრისთვის იგი ასეთი რთული? იქნებ საკითხავ მასალებშია პრობლემა? მხოლოდ მოსწავლეებს უჭირთ ამ მხრივ?
რაში გვჭირდება წაკითხულის გააზრება?
ამ სტატიიდან აზრის გამოსატანად, რა თქმა უნდა!
ნაწერის სწორად გაგება ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. სამეცნიერო სტატიები იქნება ეს, წამლის ანოტაციები თუ უბრალოდ ინტერნეტში განთავსებული პოსტები, შინაარსის გააზრების გარეშე ამ ყველაფრიდან ინფორმაციას ვერ მივიღებთ ან სულაც არასწორ ინფორმაციას მივიღებთ.
თავისთავად, ეს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება — შეიძლება სულ ტყუილად დავასკვნათ, რომ ვაქცინაცია სახიფათოა; დასაშვებზე დიდხანს გამოვიყენოთ მედიკამენტი ანდა უბრალოდ სოციალურ ქსელში უცნობებს ვეკამათოთ იმ მოსაზრებებზე, რომლებიც მათ საერთოდაც არ გამოუთქვამთ.
მაშასადამე, წაკითხულის გააზრება ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად გვჭირდება. იგი მხოლოდ სხვადასხვა გამოცდის უბრალო კომპონენტი ნამდვილად არაა.
რა ცოდნა და უნარები სჭირდება წაკითხულის სწორად გააზრებას?
წაკითხულისა თუ მოსმენილის გააზრება თავსატეხის ამოხსნას შეგვიძლია შევადაროთ. ჯერ ასოებსა და სიტყვებს ვუყურებთ, შემდეგ გონებაში მათ ხმებად ვაქცევთ, ვიგებთ ენას და საბოლოოდ შინაარსზე ნათელი წარმოდგენა გვექმნება.
თავისთავად, ამ პროცესში სიტყვების ამოკითხვას, ანუ დეკოდირებას, არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ ანბანი, ხმებისათვის სიტყვების შესაბამება შეგვეძლოს, ასევე სიტყვათა სტრუქტურებს ვცნობდეთ. ეს ერთგვარი საძირკველია, რომლის გარეშეც აგურებს ერთმანეთზე ვერანაირად ვერ დავაშენებთ.
სკოლის ფსიქოლოგთა ეროვნული ასოციაციის თანახმად, ტექსტის გასააზრებლად მოსწავლეს კარგად კითხვაც უნდა შეეძლოს — ყურადღებას მხოლოდ სიტყვების დეკოდირებაზე კი არ უნდა ამახვილებდეს, არამედ ტექსტის შინაარსის გაგებაზეც.
ისინი, ვისაც კითხვა კარგად შეუძლიათ, სიტყვებს სწორად და ბუნებრივად კითხულობენ, პარალელურად კი ამას ლექსიკურ მარაგთან და ერუდიციასთან აერთიანებენ. გარდა ამისა, შეუძლიათ, კითხვისას ტექსტებში ტონი თუ ბუნებრივი რითმა ამოიცნონ. შესაბამისად, კარგად კითხვა მხოლოდ სწრაფად კითხვა არაა — მნიშვნელოვანია ხარისხიც.
მეორე მხრივ, წაკითხულის გააზრებისათვის, გარდა კარგად კითხვის უნარისა, სხვა რაღაცებიც არის საჭირო:
მდიდარი ლექსიკა
მიმოხილვის მიხედვით, სიტყვების მნიშვნელობის ცოდნას წაკითხულის გააზრებასთან პირდაპირი კავშირი აქვს. მეორე მხრივ, მდიდარი ლექსიკა იმასაც განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად და მარტივად ვცნობთ სიტყვებს კითხვისას.
კარგი ლექსიკის წყალობით ტექსტის გაგება და კარგად წაკითხვა უფრო მარტივია. ლექსიკის სიმდიდრე, თავის მხრივ, ინდივიდის ზოგად ცოდნასთან არის დაკავშირებული — რაც ფართოა ერუდიცია, მით უკეთ შეუძლია ადამიანს შედარებით რთული ტექსტების გაგება.
საგულისხმოა, რომ ლექსიკას წაკითხულის გააზრებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს. ნაშრომის თანახმად, ლექსიკის ცოდნა დაახლოებით 50-60%-ით განაპირობებს იმას, თუ რამდენად კარგად გავიაზრებთ ტექსტს. მოსწავლეებს, რომლებმაც ლექსიკა კარგად ვერ აითვისეს, დაწყებით და საშუალო საფეხურზე წაკითხულის გააზრებაც უფრო და უფრო უჭირთ.
საგულისხმოა ისიც, რომ ზეპირ მეტყველებას დასწავლისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ტექსტის გააზრება ნაკლებად უჭირთ ხოლმე მოზარდებს, რომელთა გარემოცვაშიც ეს უნარი დახვეწილია.
სინტაქსისა და ზოგადად გრამატიკის ცოდნა
მოსწავლეები, რომლებსაც წაკითხულის გააზრება უჭირთ, სიტყვების თანმიმდევრობის გააზრებისა და გრამატიკული შეცდომების შესწორების კუთხით მეტ სირთულეს აწყდებიან.
სინტაქსისა და ზოგადად გრამატიკის კარგად ცოდნით არაერთი ისეთ უნარს ვიძენთ, რომლებიც წაკითხულის გააზრებას ამარტივებს:
- წინადადებების დანაწევრება მნიშვნელობის მქონე ერთეულებად;
- იმაში დარწმუნება, რომ დეკოდირება ზუსტია, რათა ხარვეზი მალევე აღმოვფხვრათ და კითხვისას შეფერხებები ავირიდოთ თავიდან;
- უცნობ სიტყვათა მნიშვნელობების დადასტურება;
- ბუნდოვანი ან მრავალმნიშვნელობიანი სიტყვების მნიშვნელობების დაზუსტება.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია მორფოლოგიის ცოდნაც. ეს გვეხმარება:
- სხვადასხვა სიტყვა სტრუქტურის მიხედვით ერთმანეთს მივამსგავსოთ და კანონზომიერებებს მივაგნოთ. ეს ლექსიკის გამდიდრებაში დაგვეხმარება;
- სინტაქსი და გრამატიკა უკეთ გავიგოთ;
- უკეთ წავიკითხოთ ტექსტები.
წაკითხულის გასააზრებლად ასევე საჭიროა:
- დასკვნების გამოტანის უნარი — გავიაზროთ და მივხვდეთ ის, რაც პირდაპირ არაა აღნიშნული;
- გააზრების პროცესზე დაკვირვება — იმის მუდმივი კონტროლი, თუ რამდენად სწორად გავიგეთ შინაარსი;
- თემის ცოდნა — რაც უკეთ ვიცნობთ საუბრის/ნაწერის კონტექსტს, მით ნაკლებია იმის შანსი, რომ მის შინაარსს არასწორად გავიგებთ; რაც უფრო დიდია ცოდნა, მით უკეთესია ლექსიკაც;
- ტექსტის თანმიმდევრობის გაცნობიერება — მაგალითად, იმის ცოდნა, თუ როგორი სტრუქტურა აქვს ნაწერს და სად რის მოსმენას/წაკითხვას უნდა მოველოდეთ;
- ზოგადი შემეცნებითი უნარები — მაგალითად, კარგი სამუშაო მეხსიერება და ყურადღების მოკრების უნარი, რათა კითხვის პროცესში უკვე წაკითხული ნაწილის შინაარსი არ დაგვავიწყდეს და მომდევნო წინადადებების მასთან დაკავშირება შევძლოთ;
- სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება — მაგალითად, დიდი ტექსტის დანაწევრება, რათა ამოკითხვა და გააზრება გამარტივდეს.
კი მაგრამ, კარგ გამგონსაც ხომ კარგი მთქმელი უნდა?
თავისთავად. გრამატიკის ცოდნა ტექსტის გააზრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საფუძვლიანია დავასკვნათ, რომ გაუმართავი ტექსტი მისი შინაარსის გააზრებასაც გაართულებს.
სინტაქსურად გაუმართავი წინადადებების მაგალითზე განვიხილოთ:
-
დღეს უკრაინის პორტებიდან 1000 სიმინდით დატვირთული გემი გავა — გემია ათასი თუ სიმინდი?
- ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს, რომელიც მედიცინის უდიდესი მიღწევაა — ღორის გულია მედიცინის უდიდესი მიღწევა თუ ის ფაქტი, რომ ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს? (უდიდეს სამედიცინო მოვლენაზე სტატიებს ამ ბმულზე გაეცნობით)
- გურამს ძალიან აინტერესებს ისტორია, რომელიც უკვე პირველი კურსის სტუდენტია — გურამია პირველი კურსის სტუდენტი თუ ისტორია?
ჩამოწერილი წინადადებების წაკითხვისას წამიერად თქვენც გაგიჩნდებოდათ იგივე კითხვები. კონტექსტის მიხედვით მათ პასუხს მარტივად გავცემთ, თუმცა ყოველთვის ასე როდი გაგვიმართლებს; ამას გარდა, წაკითხულის გააზრებისას არარელევანტური აზრების სახით შეფერხება მაინც წარმოიშვა.
წაკითხულის გააზრება მარტივად
თუ გავითვალისწინებთ, რამდენი უნარი სჭირდება წაკითხულის გააზრებას, იგი ყველასათვის მარტივი შეიძლება სულაც არ იყოს. წერა-კითხვასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ნაშრომი განმანათლებლებს ამ სირთულეებთან გამკლავების გეგმასაც სთავაზობს.
სტრატეგია არაერთ ნაბიჯს მოიცავს. მნიშვნელოვანია: ტექსტის წინასწარ გადახედვა და შემზადება, არსებული ცოდნის მობილიზება, ამბის მოყოლის/წაკითხვის პარალელურად კონტექსტის გაცნობა, შინაარსის მიხედვით კითხვების დასმა, ამბის შეჯამება და მისი ხელახლა გადმოცემა, სხვადასხვა სახით (ვენური დიაგრამები, ნახატები და ა.შ.) წარმოდგენა, პარალელების გავლება და ა.შ.
კვლევის თანახმად, ამ სტრატეგიების ერთობლივად გამოყენება უფრო ეფექტიანია, ვიდრე მხოლოდ რომელიმე ერთისა.
ნუთუ მხოლოდ მოსწავლეებს აქვთ წაკითხულის გააზრების პრობლემა?
PISA-ს ზემოთ აღნიშნული კვლევით საქართველოდან მხოლოდ მოსწავლეების უნარები შემოწმდა. ჩვენს ქვეყანაში ზრდასრულებზე არც რაიმე სხვა კვლევა ჩატარებულა, რომელიც შედეგების შედარების საშუალებას მოგვცემდა.
მიუხედავად ამისა, წაკითხულის გააზრება ზრდასრულებსაც უჭირთ შესაბამისი უნარების ნაკლებობისა თუ სხვა პრობლემების გამო. ეს საკითხი სხვა ქვეყნებში არაერთხელ შეუსწავლიათ.
ასეა თუ ისე, ტექსტიდან აზრის გამოტანა არაერთი კომპლექსური უნარის ქონას მოითხოვს. შესაბამისად, ბუნებრივია, თუ ზოგჯერ კითხვისას/მოსმენისას გონება გვიმტყუნებს და ნაგულისხმევისგან განსხვავებულ დასკვნებს გამოვიტანთ. მთავარი ამ შემთხვევაში იმის გააზრებაა, რომ შეცდომებს მეტ-ნაკლებად ყველა ვუშვებთ და შეძლებისდაგვარად ამის გამოსწორების პოტენციალიც ყველას გვაქვს.
ასე ოდნავ უკეთეს რეალობამდე შეიძლება მივიდეთ — ვაქცინაციას აღარ მივაწერთ საფრთხეს, მედიკამენტის მიღების ვადა აღარ აგვერევა და ნაკლები იქნება შანსიც, რომ მთელი დრო და ენერგია სხვებთან იმ მოსაზრებებზე კამათში გავლიოთ, რომლებიც მათ რეალურად არც კი გამოუთქვამთ.
კომენტარები